ბს-608-576(კს-09) 30 ივნისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი _ გ. ილინა
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ც. ფ-ძე, წარმომადგენელი გ. ჭ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქ. ქუთაისის მერია, წარმომადგენელი ვ. მ-შვილი
დავის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 3 დეკემბერს ც. ფ-ძემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქ. ქუთაისის მერიის მიმართ და მოითხოვა “მერიის ადმინისტრაციულ შენობაში სასაშვისო სისტემის დანერგვის შესახებ” ქ. ქუთაისის მერის 2001 წლის 10 დეკემბრის ¹708 განკარგულების არარად აღიარება შემდეგი საფუძვლით:
2008 წლის 10 დეკემბერს ქ. ქუთაისის მერმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად, ადგილობრივი მმართველობის მუშაკთა საქმიანობის ხარისხის ამაღლებისა და ეფექტიანობის, მოქალაქეთა და ქალაქის სამსახურების წარმომადგენელთა, მერიის წარმომადგენელთა მერიის მუშაკებთან ურთიერთობის უკეთ ორგანიზებისათვის შემუშავდა სათანადო რეგლამენტი, რომლის მიხედვით, ქ. ქუთაისის მერიაში დაინერგა სასაშვისო სისტემა, რომელსაც დაექვემდებარა როგორც ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სამსახურების თანამშრომლები, ასევე მოქალაქეების და სხვა სამსახურების, საწარმო-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები. განკარგულების მე-9 პუნქტის შესაბამისად, მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეები დაიშვებიან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და საშვის წარდგენის შემთხვევაში.
მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული განკარგულება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის _ ქ. ქუთაისის მერის მიერ, რადგან მერიის შენობაში სასაშვისე სისტემის შემოღება უნდა მომხდარიყო ნორმატიული აქტით, რომლის გამოცემაც მხოლოდ საკრებულოს კომპეტენციას განეკუთვნება, თანახმად, “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონისა.
მოსარჩელის მითითებით, მოქალაქეებს სურთ განახორციელონ თავიანთი კანონიერი ინტერესები, ისარგებლონ საჯარო ინფორმაციით, დაესწრონ საჯარო სხდომებს, მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების პროექტების წინასწარ განხილვაში, მიმართონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანამდებობის პირებს, ხოლო აღნიშნული სისტემის შემოღებით, მოქალაქეები იზღუდებიან მითითებული უფლებების განხორციელებისას (იხ. ს.ფ. 1-12).
ქ. ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა არ ცნო ც. ფ-ძის სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, კერძოდ, მოპასუხის მითითებით, სადავო განკარგულება წარმოადგენს არა ნორმატიულ, არამედ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რადგან აწესებს პირთა შეზღუდული წრის უფლება-მოვალეობებს, შესაბამისად, მისი გამოცემის უფლება “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 26.1 მუხლის “ო” ქვეპუნქტის შესაბამისად, აქვს ქ. ქუთაისის მერს (იხ. ს.ფ. 24-34).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით ც. ფ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 47-48).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. ფ-ძემ და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 49-60).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 მარტის განჩინებით ც. ფ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება და ც. ფ-ძის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ც. ფ-ძის აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელი აღიძვრის იმ უფლების დასაცავად, რომელსაც მომავალში შესაძლოა დაემუქროს საფრთხე. აღიარებითი სარჩელის წარდგენისას სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება. მოსარჩელის მხრიდან ასეთი სარჩელის აღძვრისადმი კანონიერი ინტერესი დასაბუთდება სწორედ უფლების ან კანონიერი ინტერესისადმი მოსალოდნელი საფრთხის არსებობით, ხოლო უკვე დარღვეული უფლების აღსადგენად უნდა აღიძრას შეცილების ან მავალდებულებელი სარჩელი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ც. ფ-ძე აღიარებითი სარჩელის მიმართ კანონიერ ინტერესს ასაბუთებს იმით, რომ ხელი ეშლება მერიის შენობაში თავისუფლად შესვლაში. იგი აპირებს დავას ქ. ქუთაისის მერიის მიმართ, საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, რის გამოც ესაჭიროება დოკუმენტების გამოთხოვა მერიის სამსახურებიდან, შესაბამისად, აუცილებელია პირადად გამოცხადდეს მითითებულ სამსახურებში.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღიარებითი სარჩელი უშუალოდ არ იწვევს დავის გადაწყვეტას, ამგვარი სარჩელის აღძვრით მიღწეული შედეგი შეიძლება საფუძვლად დაედოს დავის გადაწყვეტას. აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ უფლების დაცვის მიღწევა შეუძლებელია სარჩელის სხვა სახის, მათ შორის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-24-ე მუხლებით გათვალისწინებული სარჩელების შეტანის საფუძველზე.
სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების შესახებ დასაშვებია, თუ აღნიშნული აქტის საფუძველზე წარმოშობილი რაიმე უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობით მოსარჩელის კანონიერ უფლებებს მიადგება ზიანი და ამ უფლების დაცვის მიზნით შეუძლებელია სხვა სახის სარჩელის აღძვრა. მხოლოდ აღიარებითი სარჩელის შეტანის გზით უფლების დაცვის მიმართ მოსარჩელეს უნდა გააჩნდეს სამართლებრივი ინტერესი – ასეთი ინტერესი უნდა არსებობდეს აღიარებითი სარჩელის სპეციალური ფორმის მიმართ. აღიარებითი სარჩელის შეტანით დავის გადაწყვეტა მხარისათვის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს. იგი უნდა ქმნიდეს უფლების თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რომელიც დაირღვა მხარეთა შორის წარმოშობილი დავის გამო.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ მოსარჩელეს სურს გარკვეული დოკუმენტების გამოთხოვა მერიის შენობაში განთავსებული სხვადასხვა სამსახურიდან, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აღიარებითი სარჩელის აღძვრისადმი პირდაპირ და უშუალო კავშირში მყოფ იურიდიულ ინტერესად, რაც განაპირობებს უფლების დაცვის მიზნით სწორედ ამ სახის სარჩელის შეტანის აუცილებლობას. კანონმდებლობით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოდან დოკუმენტების გამოთხოვისა და მიღების წესი, შესაბამისად, განსაზღვრულია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა-მიღების წესი და ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა ამგვარი ინფორმაციის ან სხვა სახის დოკუმენტის გაცემაზე დაბრკოლების შემთხვევაში (იხ. ს.ფ. 91-95).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ც. ფ-ძემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 მარტის განჩინების გაუქმება და სარჩელის დასაშვებობის სტადიიდან საქმის განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსათვის შემდეგი მოტივით:
კერძო საჩივრის ავტორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რადგან ც. ფ-ძეს სადავო ადმინისტრაციული აქტის არარად აღაირების მიმართ გააჩნია კანონიერი ინტერესი, რის გამოც სარჩელზე საქმის წარმოება არ უნდა შეწყვეტილიყო.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში აღიარებითი სარჩელი დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალებაა. საქართველოს ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ანიჭებს მოქალაქეს უფლებას ყოველგვარი ნებართვისა და საშვის გარეშე ისარგებლოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მომსახურებით, დაესწროს საკრებულოს სხდომებს, გაეცნოს ადგილზე საჯარო ინფორმაციას. სასაშვისე სისტემის დანერგვით, შესაძლებელია მოქალაქეზე არ იქნას დაშვებული საშვი, რაც გამოიწვევს უფლების დარღვევას, შესაბამისად, ც. ფ-ძეს აქვს კანონიერი ინტერესი, სადავო განკარგულება გამოცხადდეს არარად, რადგან ასეთ პირობებებში იგი ყოველგვარი შეზღუდვის, დაბრკოლების გარეშე ისარგებლებს მისთვის მინიჭებული უფლებით (იხ. ს.ფ. 100-104).
ც. ფ-ძის კერძო საჩივარი არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ – ქ. ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა, მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება გამოტანილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და მხარეთა განმარტებების მოსმენისა და კერძო საჩივრის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ც. ფ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 მარტის განჩინება სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაირღვა საპროცესო სამართლის ნორმები, სააპელაციო სასამართლომ კანონის არასწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არასწორი განჩინება დაადგინა, დასაბუთებულია კერძო საჩივრის მოტივები საპროცესო დარღვევების შესახებ, რაც სსსკ-ის 393-ე მუხლის შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი, რის გამოც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დასკვნას აღიარებითი სარჩელის დაუშვებლად მიჩნევის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უფლების პროცესუალური დაცვის სამართლებრივ საშუალებას, სარჩელის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს აღიარებითი სარჩელი, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25.1 მუხლის შესაბამისად, აღიძვრება აქტის არარად აღიარების, ან უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის მიზნით, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობას, კერძოდ, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე ც. ფ-ძე ითხოვდა ქ. ქუთაისის მერის 2001 წლის 10 დეკემბრის ¹708 განკარგულების არარად აღიარებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე იმ მოტივით, რომ სადავო განკარგულება გამოცემული იყო არაუფლებამოსილი ქ. ქუთაისის მერის მიერ, რადგან სადავო აქტი წარმოადგენს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რისი გამოცემის უფლებაც ქ. ქუთაისის მერს არ ჰქონდა.
ამდენად, მოსარჩელეს გააჩნდა ვარაუდი, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25.2 მუხლის დანაწესი არ უნდა იქნეს განმარტებული იმგვარად, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების შესახებ სარჩელის აღძვრა დაუშვებელია თუ არსებობს მავალდებულებელი სარჩელის აღძვრის წინაპირობა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთ პირობებში, რა სახის სარჩელი უნდა იქნეს აღძრული, მხარის ნებაზეა დამოკიდებული და სარჩელის დასაშვებობის შემოწმებისას უნდა დადგინდეს, არსებობს აღიარებითი სარჩელის, თუ სხვა სახის სარჩელის აღძვრის საფუძვლები და თუ აღნიშნული საკითხის დადგენის შედეგად, სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს აღიარებითი სარჩელის და იკვეთება სხვა სახის ადმინისტრაციული სარჩელის წარდგენის წინაპირობა, აღნიშნული არ წარმოადგენს სარჩელის დაუშვებლად ცნობის საფუძველს, რადგან სასამართლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის შესაბამისად, შესაძლებლობა აქვს მოსარჩელეს დაეხმაროს მოთხოვნის ტრანსფორმაციაში.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ნორმის განმარტება არ შეესაბამება ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი ინსტიტუტის _ აქტის არარად აღიარების სამართლებრივ ბუნებას და აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აღიარებითი სარჩელი აქტის არარად აღიარების შესახებ დასაშვებია, თუ უფლების დაცვის მიზნით შეუძლებელია სხვა სახის სარჩელის აღძვრა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია და შეეფასებინა კონკრეტულ შემთხვევაში არსებობდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე თუ 22-24-ე მუხლებით განსაზღვრული სარჩელის წარდგენის წინაპირობა, ანუ იკვეთებოდა აქტის არარად აღიარების თუ მისი კანონსაწინააღმდეგოობის საფუძვლები და მხოლოდ ამის შემდეგ გაეკეთებინა დასკვნა სარჩელის დასაშვებობის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ც. ფ-ძის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობები და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების შესახებ სარჩელი დასაშვებია, თუ აქტის საფუძველზე წარმოშობილი რაიმე უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობით მოსარჩელის კანონიერ უფლებას მიადგება ზიანი და ამ უფლების დაცვა შეუძლებელია სხვა სახის სარჩელის აღძვრით. ის გარემოება, რომ მოსარჩელეს სურს გარკვეული დოკუმენტების გამოთხოვა მერიის შენობაში განთავსებული სხვადასხვა სამსახურებიდან, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აღიარებითი სარჩელის აღძვრისადმი პირდაპირ და უშუალო კავშირში მყოფ იურიდიულ ინტერესად, რაც განაპირობებს უფლების დაცვის მიზნით სწორედ ამ სახის სარჩელის შეტანის აუცილებლობას.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ც. ფ-ძის აღიარებითი სარჩელის დაუშვებლად ცნობის საფუძვლად მიიჩნია არა ის გარემოება, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებდა ამგვარი სარჩელის აღძვრისადმი კანონიერი ინტერესის არსებობას, არამედ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25.2 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობის არარსებობა, რომ სახეზე იყო არა ამ სახის, არამედ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-24-ე მუხლებით გათვალისწინებული სარჩელის აღძვრის წინაპირობა. ანუ სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო უფლების ამ გზით და არა სხვა სახის სარჩელის აღძვრით დაცვის აუცილებლობის მტკიცება, რომ მისი ინტერესის დაცვისათვის განმსაზღვრელი იყო მხოლოდ აღიარებითი და არა სხვა სახის სარჩელის აღძვრა. სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25.2 მუხლის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელის დაუშვებლად ცნობის საფუძვლის არსებობა დაასაბუთა იმით, რომ საჯარო ან სხვა სახის ინფორმაციის მიღებაზე დაბრკოლების შექმნის შემთხვევაში, მოსარჩელეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც ადგენს ინფორმაციის მიღების წესსა და ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობას, შეუძლია დაიცვას თავისი დარღვეული უფლება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და მიაჩნია, რომ იგი ემყარება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის არასწორ განმარტებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება; ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას. ამდენად, არარა აქტის გამოცემა ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს, შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი მავალდებულებელ სარჩელთან შედარებით, სამართლებრივი შედეგის მნიშვნელობის თვალსაზრისით, უფრო მაღალი ხარისხით ხასიათდება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
არარა აქტი გამოცემისთანავე არარაა, ვერ ახდენს იურიდიულ ზემოქმედებას, ანუ იურიდიული ძალის არმქონეა, არ შეუძლია შეცვალოს სამართლებრივი მდგომარეობა. შესაბამისად, თუ არსებობს აქტის არარად მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი, რაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობის საკითხის განხილვის ეტაპზე, აღარ არსებობს მისი კანონსაწინააღმდეგობის მტკიცების საჭიროება. შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აღიარებითი სარჩელი აქტის არარად აღიარების შესახებ დასაშვებია, თუ უფლების დაცვის მიზნით შეუძლებელია სხვა სახის სარჩელის აღძვრა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის არასწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად არასწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, რის გამოც კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 მარტის განჩინება სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც. ფ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 მარტის განჩინება;
3. საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს;
4. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.