ერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-612-580(კს-09) 27 მაისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შოთა ჩიქოვანის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე _ შ. ჩ-ოვანის სარჩელისა გამო მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, ჩამორთმეული ქონების კომპანსაციისა და მიწის ნაკვეთის დაბრუნების შესახებ.
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
შ. ჩ-ოვანმა 2008 წლის იანვარში სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა ჩამორთმეული ქონების კომპენსაცია და მიწის ფართობის დაბრუნება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით შ. ჩ-ოვანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ჩ-ოვანმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით შ. ჩ-ოვანის საააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შ.ა ჩ-ოვანმა და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება.
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა შ. ჩ-ოვანის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები და მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შ. ჩ-ოვანის კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით _ სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. საქმის მასალების თანახმად, შ. ჩ-ოვანის მეუღლეს თ. ჩ-ოვანს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინება ჩაჰბარადა 2008 წლის 21 ოქტომბერს (ს.ფ. 50); ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შ. ჩ-ოვანისათვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინების გასაჩივრების ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2008 წლის 22 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2008 წლის 3 ნოემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ორშაბათი. კერძო საჩივარი კი შ. ჩ-ოვანმა საქართველოს ფოსტის ბათუმის ფილიალს ჩააბარა 2009 წლის 24 მარტს (ს.ფ. 68) ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 12 დღიანი ვადის დარღვევით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ. ჩ-ოვანმა დაარღვია კერძო საჩივრის შეტანის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა, რის გამოც მოცემული კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველი უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველად იქნეს დატოვებული შ. ჩ-ოვანის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.