კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-61-59(კს-09) 17 ივნისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ლ. ჩ-შვილის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ნ. კ-ძის, ლ. ჩ-შვილის, ლ. გ-შვილის, მ. კ-შვილის, ლ. ა-იბის, ნ. პ-შვილის, ს. კ-ავას, მ. ჯ-შვილის, გ. ფ-შვილის, ჯ. ჯ-იანის, გ. ო-შვილის, ნ. თ-შვილის, ი. მ-ელის, მ. მ-ელის, ს. რ-ძის, ა. კ-შვილისა და გ. ნ-შვილის სარჩელისა გამო მოპასუხეების _ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურისა და თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის მხრიდან განხორციელებული ქმედებების უკანონოდ აღიარების შესახებ.
სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ნ. კ-ძემ, ლ. ჩ-შვილმა, ლ. გ-შვილმა, მ. კ-შვილმა, ლ. ა-იბმა, ნ. პ-შვილმა, ს. კ-ავამ, მ. ჯ-შვილმა, გ. ფ-შვილმა, ჯ. ჯ-იანმა, გ. ო-შვილმა, ნ. თ-შვილმა, ი. მ-ელმა, მ. მ-ელმა, ს. რ-ძემ, ა. კ-შვილმა და გ. ნ-შვილმა 2006 წლის აგვისტოში სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურისა და თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული ქმედების უკანონოდ აღიარება და მორალური ზიანის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების ლ. ჩ-შვილის, გ. ფ-შვილის, ჯ. ჯ-იანის და ნ. თ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჩ-შვილმა და ნ. თ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ლ. ჩ-შვილის და ნ. თ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. ჩ-შვილმა.
საკასაციო პალატამ ლ. ჩ-შვილის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობების შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 იანვრის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით ლ. ჩ-შვილს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივარი და კერძო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
აღნიშნული განჩინება ლ. ჩ-შვილს გაეგზავნა და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით.
ლ. ჩ-შვილმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, კერძოდ კი 2009 წლის 16 თებერვალს წარმოადგინა განცხადება, რომლითაც მან მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება, მისი გადახდის თარიღის გადავადება ან მის დასაფარად საჭირო თანხის გადანაწილება დროის გარკვეულ პერიოდზე, ვინაიდან ამ ეტაპზე არ გააჩნდა ბაჟის გადახდისათვის საჭირო თანხა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის სამეთა პალატის 2009 წლის 16 თებერვლის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებით ლ. ჩ-შვილს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა კერძო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 თებერვლის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ლ. ჩ-შვილს საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა 2009 წლის 20 თებერვალს და ჩაჰბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2009 წლის 23 თებერვალს. შესაბამისად, კასატორისთვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2009 წლის 24 თებერვალს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2009 წლის 2 მარტს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ორშაბათი, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კერძო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ შეავსო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ლ. ჩ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველად იქნეს დატოვებული ლ. ჩ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 დეკემბრის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.