ბს-651-619(კს-09) 25 ივნისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის საოქმო განჩინება
დავის საგანი – საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩართვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 31 მარტს აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქედის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ქედის მუნიციპალიტეტის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ქედის მუნიციპალიტეტის 2003 წლის 29 დეკემბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹128 აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობასა და საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებას მოქალაქე ე. ზ-ძესა და თანამესაკუთრეებზე: გ. ზ-ძეზე, ა. ზ-ძეზე და ზ. ზ-ძეზე.
ქედის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 1 აპრილის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქედის სამსახური და ე. ზ-ძე.
ქედის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 აპრილის განჩინებით არასათანადო მოპასუხე – ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა შეიცვალა სათანადო მოპასუხით – ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოთი.
ქედის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქედის რაიონის მახუნცეთის თემის საკრებულოს სოფელ ... მეკომურთა კრების 1998 წლის 20 მარტის ოქმის საფუძველზე გამოცემული, ქედის მუნიციპალიტეტის 2003 წლის 29 დეკემბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹128 აქტის ნაწილი (ცხრილის მე-4 პუნქტი), რის საფუძველზეც გაუქმდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქედის სამსახურის მიერ 2006 წლის 7 ნოემბერს მოქ. ლ. ზ-ძესა და მის თანამესაკუთრეებზე, ე., გ., ა. და ზ. ზ-ძეებზე, აგრეთვე 2007 წლის 6 მარტს ე. ზ-ძეზე და მის თანამესაკუთრეებზე – ე. ზ-ძეს, გ. ზ-ძეს, ა. ზ-ძესა და ზ. ზ-ძეზე განხორციელებული უძრავი ქონების ქედის რაიონის სოფელ ... ¹1 კვარტლის ¹015 მონაკვეთში მდებარე 0,16 ჰექტარი მიწის ფართობის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე., გ., ა. და ზ. ზ-ძეებმა.
აპელანტები სააპელაციო საჩივრებით ითხოვდნენ ქედის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 მარტის განჩინებით ე., გ., ა. და ზ. ზ-ძეების სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის საოქმო განჩინებით, ასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
მესამე პირად საქმეში ჩაბმის თაობაზე მიღებული საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული საოქმო განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის საოქმო განჩინებით სასამართლოს ინიციატივით საქმეში ჩაება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. საქმე წარმოებულია აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სარჩელი საფუძველზე, რომლითაც ეს უკანასკნელი ითხოვს ქედის მუნიციპალიტეტის 2003 წლის 29 დეკემბრის ¹128 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ნაწილის ბათილობას.
კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის მის პროცესუალურ სტატუსს და მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის საქმეში მისი მე-3 პირის სტატუსით ჩაბმის წანამძღვრები.
საკასაციო სასამართლომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნით შეამოწმა გასაჩივრებული განჩინება, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი კანონიერების შემოწმება. სააპელაციო სასამართლო განჩინებაში შემოიფარგლება მხოლოდ მითითებით იმის თაობაზე, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო საქმეში უნდა ჩაებას მე-3 პირად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თუმცა განჩინება არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას, რის საფუძველზე მივიდა სასამართლო წინამდებარე დასკვნამდე.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს შემდეგზე: მე-3 პირის ინსტიტუტი არის ადმინისტრაციული პროცესის სპეციფიკური პროცესუალური საშუალება, რომელიც მოქმედებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ წარმოადგენენ ადმინისტრაციული პროცესის მხარეს, თუმცა შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებით განესაზღვროთ გარკვეული უფლებები და მოვალეობები.
მე-3 პირთა მოწვევის ინსტიტუტის ძირითად მიზანს წარმოადგენს მე-3 პირთა სამართლებრივი ინტერესების დაცვა. ამ მხრივ განსაკუთრებით ყურადსაღებია სავალდებულო მოწვევის მე-3 პირთა სტატუსი, რომლებიც მათი განსაკუთრებული პროცესუალური სტატუსიდან გამომდინარე ხდებიან იმ სამართალურთიერთობის მონაწილენი, რომელთა თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ასეთი ტიპის მე-3 პირები სარგებლობენ მხარის ყველა საპროცესო უფლებითა და მოვალეობით.
მითითებული ინსტუტუტის შემოღების მიზანს წარმოადგენდა იმ პირთა ინტერესების დაცვა, რომელთაც შესაძლოა გარკვეული სახის შეზღუდვები დაუწესდეთ სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო პროცესისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ პროცესში სასამართლოს ენიჭება და ხშირ შემთხვევაში ვალდებულია მე-3 პირი საქმეში მოიწვიოს საკუთარი ინიციატივით.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მე-3 პირის მოწვევა უშუალოდ უკავშირდება ამ პირის შემდგომ უფლება-მოვალეობებს, საკასაციო სასამართლო სავალდებულოდ მიიჩნევს სასამართლომ დაასაბუთოს, რამ განაპირობა ამ პირის საქმეში სავალდებულო მე-3 პირის სტატუსით მოწვევა.
საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო შეუძლებლად მიიჩნევს გასაჩივრებული საოქმო განჩინებას კანონიერების შემოწმებას, რის გამოც აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს საქართველოს გარემო დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტატუსის შემდგომი გარკვევის მიზნით უბრუნებს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის საოქმო განჩინება და საქმე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტატუსის განსაზღვრის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.