Facebook Twitter
¹ბს-711-677(კს-09) 27 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:


თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე



საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ სს კ/ბ «...», წარმომადგენელი _ პ. კ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ «საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო» (მოცემულ საქმეზე საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 მარტის განჩინება

დავის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 1 აგვისტოს სს კ/ბ «...» (წარმომადგენელი _ პ. კ-ძე) სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, სს «...» მდგომარეობის გასაუმჯობესებელი სავალდებულო ღონისძიებების გატარების შესახებ» საქართველოს ეროვნული ბანკის 2005 წლის 22 ივლისის ინსტრუქციით მოსარჩელეს დაევალა, უზრუნველეყო შპს კ/ბ «...» «ნოსტრო» ტიპის ანგარიშზე რიცხული ფულადი სახსრების განთავსება საქართველოს ეროვნულ ბანკში, საკუთარ საკორესპონდენტო ანგარიშზე, ეტაპობრივად, 2005 წლის 30 დეკემბრამდე. ზემოაღნიშნულის განხორციელებამდე, მოსარჩელეს აეკრძალა: ყველა ტიპის სესხების გაცემა და კლიენტების ანგარიშსწორების ანგარიშებზე ოვერდრაფტების დაშვება; საგარანტიო წერილების გაცემა, ახალი სასესხო და გარესაბალანსო ვალდებულებების აღება; ფაქტორინგული ოპერაციების განხორციელება; თანხების განთავსება სხვა ორგანიზაციების სავალო ფასიან ქაღალდებსა და საწესდებო კაპიტალში, ან ნებისმიერ ძირითად საშუალებებში. მოსარჩელეს განემარტა, რომ ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება ჰქონდა, გამოეყენებინა «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების ჩათვლით. ხსენებული ინსტრუქციის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2005 წლის 22 ივლისიდან 31 დეკემბრამდე.
მოსარჩელის მტკიცებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო «საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლისა და «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტზე მითითებით. «საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლი ადგენდა ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციას კომერციული ბანკების საქმიანობის მიმართ. «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტი კი, საქართველოს ეროვნულ ბანკს ანიჭებდა უფლებას, კომერციული ბანკების მიმართ, სანქციის სახით, გამოეცა ინსტრუქცია მოთხოვნით, რომ ბანკს შეეწყვიტა და შემდგომში არ დაეშვა ესა თუ ის დარღვევა (ქმედება) და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადებში მიეღო ზომები დარღვევების (ქმედებების) აღმოსაფხვრელად. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს. «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავდა, თუ რა ჩაითვლებოდა საბანკო კანონმდებლობის დარღვევად, რომლის არსებობის შემთხვევაშიც, საქართველოს ეროვნულ ბანკს შეეძლო გამოეყენებინა სანქციები კომერციული ბანკის მიმართ. იმავე მუხლის მე-3 პუნქტი კი განსაზღვრავდა სანქციის სახეებს, რომლებიც გამოიყენებოდა მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემთხვევაში. ხსენებული კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქცია გულისხმობდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინსტრუქციის გამოცემას ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის აკრძალვისა და მისი აღმოფხვრის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება არ ჰქონდა, კომერციული ბანკისთვის აეკრძალა მართლზომიერ ქმედებათა განხორციელება. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსარჩელეს აეკრძალა სწორედ მართლზომიერი ქმედებების განხორციელება, მათ შორის, სესხის აღება, სესხის ან საბანკო გარანტიის გაცემა. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი შეზღუდვები ეწინააღმდეგებოდა «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს. ამასთან, დასახელებული ინსტრუქციით სს კ/ბ «...» ევალებოდა, რომ მას 2005 წლის ბოლომდე შპს კ/ბ «...» რიცხული ფულადი სახსრები განეთავსებინა საქართველოს ეროვნულ ბანკში, საკუთარ საკორესპონდენტო ანგარიშზე. იმავე ინსტრუქციის აღნიშნული მოთხოვნა არ ემყარებოდა სამართლის არც ერთ ნორმას და ამდენად, იყო უკანონო. გარდა ამისა, დადგენილი გრაფიკის მიხედვით, თანხის პირველი ნაწილის (500000 აშშ დოლარი) განთავსებისათვის მოსარჩელეს მიეცა 2 სამუშაო დღე, რაც იყო არარეალური, რადგან იგი დაკავშირებული იყო შპს კ/ბ «...» არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის გადასინჯვასთან. აუკრძალა რა გარკვეული საბანკო საქმიანობის განხორციელების უფლება, ამით მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეს, ფაქტობრივად, აღუკვეთა გარკვეული შემოსავლების მიღების შესაძლებლობა, რაც თავისთავად გამოიწვევდა სს კ/ბ «...» ფინანსური მაჩვენებლების გაუარესებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ემსახურებოდა სს კ/ბ «...» ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. საქართველოს ეროვნული ბანკის 2005 წლის 22 ივლისის ინსტრუქცია ეწინააღმდეგებოდა კანონს.
ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, სარჩელის არსებითად გადაწყვეტამდე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე, უნდა შეჩერებულიყო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება, რადგან მისი აღსრულება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა მოსარჩელის ინტერესებს, კერძოდ, გამოიწვევდა შემოსავლების შემცირებას და ამასთან, არსებობდა დასაბუთებული ეჭვი გასაჩივრებული აქტის კანონიერებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა: სს «...» მდგომარეობის გასაუმჯობესებელი სავალდებულო ღონისძიებების გატარების შესახებ» საქართველოს ეროვნული ბანკის 2005 წლის 22 ივლისის ინსტრუქციის ბათილად ცნობა; გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 3 აგვისტოს განჩინებით სს კ/ბ «...» განცხადება საქართველოს ეროვნული ბანკის 2005 წლის 22 ივლისის ინსტრუქციის მოქმედების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით სს კ/ბ «...» წარმომადგენლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის კანონით დადგენილი წინაპირობები სახეზე არ იყო, რამდენადაც მისი მომზადებისა და მიღებისას დარღვეული არ იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების წესები და იგი გამოცემული იყო მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. საქართველოს ეროვნული ბანკისათვის, როგორც კონსტიტუციური სტატუსის მქონე ორგანოსათვის, კანონმდებლის მიერ ზუსტად იქნა გაწერილი მოქმედებათა ის ფარგლები, რომლის მიზანი უნდა ყოფილიყო ფულად-საკრედიტო სისტემის უზრუნველყოფა და ამ კუთხით, ყველა შესაბამისი დაწესებულების სათანადო ფუნქციონირება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი გახდა. საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ სადავო ინსტრუქციის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სს კ/ბ «...» ჩატარებული შემოწმების აქტი, რომლის შესაბამისად, მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა შეფასებულ იქნა, როგორც კრიტიკული. ამავე აქტით დადგენილ იქნა, რომ კონკრეტული ბანკის მიერ არ იყო შესრულებული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნორმატიული აქტები, სახეზე იყო არაერთი დარღვევა და ხარვეზი, რასაც შეეძლო ზემოაღნიშნული მიზნების საწინააღმდეგო შედეგები გამოეწვია. შესაბამისად, ასეთი შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში, სადავოდ არც მოსარჩელე ხდიდა და აღიარებდა სს კ/ბ «...» ზემოაღნიშნული აქტით დადგენილი დარღვევების არსებობას, მიღებულ იქნა სადავო ინსტრუქცია, მიმართული ასეთი დარღვევების აღმოსაფხვრელად და მომავალში მათი თავიდან ასაცილებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს კ/ბ «...» წარმომადგენელმა პ. კ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 აგვისტოს საოქმო განჩინებით საქართველოს ეროვნული ბანკი შეიცვალა მისი უფლებამონაცვლე სსიპ «საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოთი».
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოცემული საქმის განხილვისას სსიპ «საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს» წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა განცხადება, რომელსაც დაურთო სს «...» გაკოტრებულად გამოცხადებისა და ბანკში ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის შესახებ» სსიპ «საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს» უფროსის 2008 წლის 10 ნოემბრის ¹570 განკარგულება და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის წარმოების შეწყვეტა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 მარტის განჩინებით სსიპ «საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს» წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ სს «...» მდგომარეობის გასაუმჯობესებელი სავალდებულო ღონისძიებების გატარების შესახებ» საქართველოს ეროვნული ბანკის 2005 წლის 22 ივლისის ინსტრუქციის ბათილად ცნობის თაობაზე სს კ/ბ «...» სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტდა საქმის წარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელი იყო უფლებამონაცვლეობა. საქმეში წარმოდგენილი იყო სს «...» გაკოტრებულად გამოცხადებისა და ბანკში ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის შესახებ» სსიპ «საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს» უფროსის 2008 წლის 10 ნოემბრის ¹570 განკარგულება, რომლითაც «საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 23 მაისის ¹119 ბრძანებით დამტკიცებული «კომერციული ბანკის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის» და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის ¹159 ბრძანებით დამტკიცებული «კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის» შესაბამისად, სს «...» გამოცხადდა გაკოტრებულად და შეწყდა მისი ლიკვიდაციის პროცესი. ხსენებული განკარგულება გამოქვეყნდა ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში _ «საკანონმდებლო მაცნეში» 2008 წლის 14 ნოემბერს და ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ «საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს» უფროსის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესული იყო კანონიერ ძალაში. დასტურდებოდა, რომ სს «...» გაკოტრებულად გამოცხადებით და მისი ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტით, მისი არსებობა დასრულდა უფლებამონაცვლეობის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში, დაუშვებელი იყო რა უფლებამონაცვლეობა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო და სს «...» სარჩელზე საქმის წარმოება შემწყდარიყო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, არ შეიძლებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს კ/ბ «...» წარმომადგენელმა პ. კ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოცემულ საქმეზე სარჩელის აღძვრიდან მე-5 დღეს, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების ვადის (2005 წლის 31 დეკემბერი) ამოწურვამდე, კერძოდ, 2005 წლის 5 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მიერ გამოცემულ იქნა ¹56 განკარგულება, რომლითაც ამ საქმეზე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის მოტივით, სს კ/ბ «...» გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია, დაინიშნა ლიკვიდატორი, ბანკის საკორესპონდენტო ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკში გარდაიქმნა სალიკვიდაციო ანგარიშად და დაიხურა ბანკის სავალუტო ანგარიშები. სს კ/ბ «...» მიერ ასევე გასაჩივრდა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2005 წლის 5 აგვისტოს ¹56 განკარგულება. ამასთან, ხსენებული ორი საქმის ერთმანეთთან კავშირის ხარისხისა და ხასიათის მიუხედავად, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა აღნიშნულ საქმეთა გაერთიანების შესახებ და ისინი განიხილებოდა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. ამჟამინდელი მდგომარეობით, საქმე, რომელზეც გასაჩივრებულია «სს კ/ბ «...» ლიკვიდაციის შესახებ» საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2005 წლის 5 აგვისტოს ¹56 განკარგულება, იმყოფება საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში _ საქმე ¹ბს-1688-1642(კ-08).
კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ, მიიჩნია რა, რომ სს კ/ბ «...» არსებობა შეწყვიტა უფლებამონაცვლის გარეშე, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი იყო, არასწორად განმარტა და გამოიყენა ხსენებული ქვეპუნქტის ნორმა და მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი განჩინება.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, იურიდიული პირის ლიკვიდაცია წარმოადგენს ისეთ სტრუქტურულ ცვლილებას, რომლის შედეგადაც იურიდიული პირი წყვეტს არსებობას სამართალმემკვიდრის გარეშე. ლიკვიდაციისაგან განსხვავებით, იურიდიული პირის რეორგანიზაცია ისეთი სახის სტრუქტურული ცვლილებაა, რომლის შედეგადაც იურიდიულ პირს რჩება სამართალმემკვიდრე _ უნივერსალური უფლებამონაცვლე, რომელზედაც სრული მოცულობით გადადის უფლებრივი წინამორბედის უფლება-მოვალეობები. იურიდიული პირის ლიკვიდაცია, უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის პირობებში, იწვევს საქმის წარმოების შეწყვეტას, ხოლო რეორგანიზაცია _ საქმის წარმოების შეჩერებას უფლებამონაცვლის დადგენამდე. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული «უფლებამონაცვლე» არ ნიშნავს სამართალმემკვიდრეს, რომელზედაც გადადის უფლებრივი წინამორბედის უფლება-მოვალეობანი (უნივერსალური უფლებამონაცვლე). ასეთი სახის უფლებამონაცვლე, რეორგანიზაციისაგან განსხვავებით, იურიდიული პირის ლიკვიდაციისას არ რჩება. ამიტომ ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული უფლებამონაცვლე შეუძლებელია გულისხმობდეს ორგანიზებულ წარმონაქმნს, რომელიც იქმნება იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლში მითითებულ უფლებამონაცვლეში კანონმდებელი გულისხმობს ისეთ ფიზიკურ და იურიდიულ პირს/პირებს, რომელთაც იურიდიული პირის ლიკვიდაციის გამო, უშუალოდ წარმოეშვებათ კონკრეტული სასამართლო დავის გაგრძელების მატერიალური და საპროცესო ინტერესი. ამ შემთხვევაში, ასეთ პირებს წარმოადგენენ სს კ/ბ «...» აქციონერები, რომელთაც არ შეიძლება აღეკვეთოთ მოცემული დავის გაგრძელების უფლება.
კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ საქართველოს ეროვნული ბანკის 2005 წლის 22 ივლისის ინსტრუქცია საფუძვლად დაედო საქართველოს ეროვნული ბანკის მეორე ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს _ 2005 წლის 5 აგვისტოს ¹56 განკარგულებას, რომლითაც დაიწყო სს კ/ბ «...» ლიკვიდაციის პროცესი და რომელიც ამჟამადაც დავის საგანს წარმოადგენს, ხოლო ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების შედეგს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამონაცვლე სსიპ «საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს» 2008 წლის 10 ნოემბრის ¹570 განკარგულება, რომლითაც ლიკვიდირებულად გამოცხადდა სს კ/ბ «...» და რაც, თავის მხრივ, საფუძვლად დაედო გასაჩივრებულ განჩინებას. ამდენად, სასამართლო დავები, რომლებსაც სს კ/ბ «...» აწარმოებდა ლიკვიდირებულად მის გამოცხადებამდე, წარმოადგენს დავებს ლიკვიდაციის პროცესის მართლზომიერების თაობაზე. ასეთ ვითარებაში, მითითებულ საქმეთა წარმოების შეწყვეტა შეუძლებელს გახდის ამ ბანკის ლიკვიდაციის საფუძვლის _ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, მათ შორის, მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებას და აქედან გამომდინარე _ მათ გამოცემამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენას, ანუ უფლების სასამართლო წესით დაცვას. ამ შემთხვევაში, საქმის წარმოების შეწყვეტას საფუძვლად დაედო საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამონაცვლე სსიპ «საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს» ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო ხსენებულ სააგენტოს მოცემულ საქმეზე გააჩნია მოწინააღმდეგე მხარის საპროცესო სტატუსი. ამდენად, გამოდის, რომ კომერციული ბანკის _ სს კ/ბ «...» (მისი აქციონერების) მიერ საკუთარი მატერიალური და საპროცესო უფლებების რეალიზაცია და თვით აღნიშნული ბანკის არსებობაც კი, მთლიანად დამოკიდებულია პროცესუალურ მოწინააღმდეგეზე, სასამართლო კონტროლის თეორიული შესაძლებლობის გარეშე, რაც შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნებთან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ, თითქოს, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამონაცვლე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივნისის განჩინებით სს კ/ბ «...» კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სს კ/ბ «...» წარმომადგენელ პ. კ-ძის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ს/ს «...» გაკოტრებულად გამოცხადებით და მისი ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტით არსებობა შეწყვიტა უფლებამონაცვლეობის გარეშე, რაც საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი გახდა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტა დასაშვებია, თუ უფლებამონაცვლეობა, მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია. საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლები (ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გასვლის შემთხვევები) გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით, რომლის თანახმად, უფლებამონაცვლეობა დასაშვებია იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში. რაც შეეხება იურიდიულ პირის ლიკვიდაციას, ასეთ შემთხვევაში, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, რადგან იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში უფლებამონაცვლეობა არ წარმოიშობა. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის თანახმად, უფლებამონაცვლეში კანონმდებელი გულისხმობს ისეთ პირს/პირებს, რომელთაც იურიდიული პირის ლიკვიდაციისას უშუალოდ წარმოეშობათ კონკრეტული სასამართლო დავის გაგრძელების მატერიალური და საპროცესო ინტერესი. დადგენილია, რომ განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ს/ს «...» ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებელი სავალდებულო ღონისძიებების გატარების შესახებ მიღებული ინსტრუქციის კანონიერება. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2005 წლის 5 აგვისტოს ¹56 განკარგულებით ს/ს «...» გაუუქმდა საბანკო ლიცენზია და ბანკში დაიწყო ლიკვიდაციის პროცესი. საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს 2008 წლის 10 ნოემბრის ¹570 განკარგულებით ს/ს «...» გამოცხადდა გაკოტრებულად და შეწყდა მისი ლიკვიდაცია. განკარგულება 2008 წლის 14 ნოემბერს გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლობლო მაცნეში და ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე. ლიკვიდაციის შეწყვეტით სრულად შეწყდა ბანკის როგორც უფლებაუნარიანობა ასევე მისი ქმედუნარიანობა. «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» კანონის 37-ე მუხლი ადგენს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წარმართვის წესს. ეს მუხლი არ ითვალისწინებს კომერციული ბანკის ლიკვიდაციისას სხვა რომელიმე პირის რაიმე სახით, მათ შორის აქციონერების უფლებამონაცვლებას (სამართალმემკვიდრეობას). რაც შეეხება სასამართლოს მიერ სამართალმემკვიდრეობის საკითხის დადგენას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იურიდიული პირის ლიკვიდაციისას სხვა პირის (პირების) სამართალმემკვიდრეობის საკითხი დგება ლიკვიდირებული იურიდიული პირის საგნობრივი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ. კომერციული ბანკის გაკოტრების ფაქტი დგინება მისი ლიკვიდაციის პროცესის მსვლელობისას, როდესაც მას სალიკვიდაციო ბალანსით ერიცხება დაუფარავი მოთხოვნები, მაგრამ აღარ აქვს აქტივები ამ მოთხოვნების დასაფარავად. ბანკის გაკოტრების შემდეგ ამ სახის უფლებები თუ მოვალეობები წყდება ბანკის აქტივების სრულად ამოწურვის გამო.
საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ რაკი საქმის წარმოების შეწყვეტა მოხდა მოპასუხე მხარის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე, ბანკის მატერიალურ-საპროცესო უფლებების რეალიზაცია და თვით აღნიშნული ბანკის არსებობაც მთლიანად დამოკიდებულია პროცესუალურ მოწინააღმდეგეზე. «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» კანონის ანალიზი ცხადყოფს, რომ ბანკის არსებობა და ლიკვიდაციის მართებულობა, დამოკიდებულია ამ პროცესის კანონშესაბამისად წარმართვაზე და არა სსიპ «საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოზე», მით უმეტეს, რომ ბანკმა სასამართლო წესით სადავო გახადა ასევე ს/ს «...» საბანკო ლიცენზიის გაუქმებისა და ბანკში ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2005 წლის 5 აგვისტოს ¹56 განკარგულება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნული განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე დავის უფლებისადმი უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია.
სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა, რომ, ვინაიდან დადგენილია სს «...» ლიკვიდაცია, შესაბამისად, სსკ-ის 272-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო, ვინაიდან სს «...» გაკოტრებულად გამოცხადებით და მისი ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტით, მისი არსებობა დასრულდა უფლებამონაცვლეობის გარეშე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ს/ს კ.ბ «...» წარმომადგენელ პ. კ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს/ს კ.ბ «...» წარმომადგენელ პ. კ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.