Facebook Twitter

ბს-767-732(კს-09) 9 დეკემბერი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს «...» დირექტორის ვ. ხ-ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.09წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.05.06წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს «...» დირექტორ ვ. ხ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 10.09.04წ. ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის შპს «...» შემოწმების აქტი მთელი თავისი სამართლებრივი შედეგით, ასევე ბათილად იქნა ცნობილი ¹2310 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.08წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.05.06წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს «...» სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შპს «...» სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისრა 7000 (შვიდი ათასი) ლარის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.08წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «...», რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 29.12.08წ. განჩინებით, შპს «...» საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

შპს «...» დირექტორმა ვ. ხ-ძემ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 02.07.08წ. გადაწყვეტილებაში დაუშვა უსწორობა, კერძოდ, არ იმსჯელა მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილ 5000 ლარზე და მოსარჩელეს სრული ოდენობით განმეორებით დააკისრა 7000 ლარის გადახდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, «თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც». ნორმის მოთხოვნა იმპერატიულია და სააპელაციო პალატა ვალდებული იყო სწორად დაედგინა მოსარჩელისათვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, ყველა გარემოების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.09წ. განჩინებით, შპს «...» განცხადება გადაწყვეტილებაში «დაშვებული უსწორობის» გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.08წ. გადაწყვეტილებაში უსწორობის დაშვებას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული გადაწყვეტილება სრული სახით გასაჩივრდა შპს «...» მიერ, თუმცა იგი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 29.12.08წ. განჩინებით დარჩა განუხილველი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განმცხადებელი არასწორად განმარტავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.3 მუხლს, რომლის მიხედვით «თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც». მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ დასჭირვებია სასამართლო ხარჯების განაწილებაში ცვლილებების შეტანა, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოში შპს «...» მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით უკვე გადახდილი იყო 5000 ლარი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კი ასეთს ადგილი არ ექნებოდა, სააპელაციო სასამართლო, გარდა იმ 7000 ლარისა, რომელიც შპს «...» სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისრა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისათვის, ასევე დამატებით დააკისრებდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟს 5000 ლარს სწორედ აღნიშნული ნორმის საფუძველზე, რადგან მისი სარჩელი სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.09წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს «...» დირექტორმა ვ. ხ-ძემ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება, საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსხაილველად დაბრუნება, გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.08წ. გადაწყვეტილების კერძო საჩივრის განხილვამდე აღსრულების შეჩერება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს 03.07.08წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში არის მითითება იმის შესახებ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.05.06წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში სსკ-ის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ სააპელაციო სასამართლომ შეცვალოს სასამართლო ხარჯების განაწილებაც. აღნიშნული მოთხოვნა პალატას არ შეუსრულებია და გადაწყვეტილებაში ხარჯების განაწილების თაობაზე არ უმსჯელია. სასამართლო ხარჯების განაწილებაზე ასევე არ უმსჯელია პირველი ინსტანციის სასამართლოს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარის ოდენობით დაეკისრა მოპასუხე მხარეს და არა შპს «...». სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა ემსჯელა სააპელაციო პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «...» დირექტორის ვ. ხ-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.09წ. განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 38-ე მუხლის თანამხად, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სარჩელზე, სააპელაციო საჩივარზე და აგრეთვე საკასაციო საჩივარზე ყველა ინსტანციისათვის სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული ოდენობით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს «...» 27.09.04წ. ¹47 საგადასახადო დავალებით გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით მის მიერ ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში 15.09.04წ. აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამრთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.05.06წ. გადაწყვეტილებით ვ. ხ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 10.09.04წ. ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის შპს «...» შემოწმების აქტი თავისი სამართლებრივი შედეგით, ბათილად იქნა ცნობილი ასევე ¹2310 საგადასახადო მოთხოვნა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა სსკ-ის 53.1 მუხლით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოსათვის გათვალისწინებული ბაჟის გადახდა დააკისრა იმ მხარეს, რომლის საწინაარმდეგოდაც გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის აღნიშნული მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯების გადახდა ეკისრება მხარეს, რომლის საწინააღმდეგოდაც იქნა გამოტალი გადაწყვეტილება. სსკ-ის 53.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯების განაწილების იგივე წესები გამოიყენება სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში იმ შემთხვევაში, როდესაც სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ან ახალი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება მოპასუხე მხარის სასარგებლოდ იქნა გამოტანილი, შესაბამისად საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები, სასამართლო ინსტანციებში გადასახადი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების საკითხი უნდა გადაწყდეს ზემდგომი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესაბამისად, სწორედ ზემდგომ ინსტანციაში დამდგარი შედეგის გათვალიწინებით უნდა შეჯამდეს სასამართლო ხარჯები, რომლის შემადგენელი ნაწილი სსკ-ის 37.2 მუხლის თანახმად, არის სახელმწიფო ბაჟი. სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შედეგად იწვევდა მოსარჩელისათვის არამხოლოდ სააპელაციო, არამედ აგრეთვე პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების წესის საბოლოო მიზანს შეადგენს იმ პირზე მათი გადახდის დაკისრებაში, რომელმაც უსაფუძვლოდ მიმართა სასამართლოს, სასამართლო ხარჯების განაწილება ემყარება პრინციპს - «წაგებული იხდის», რომლის თანახმად გადახდის ტვირთი ეკისრება მხარეს, რომლის ბრალითაც სასამართლოს მოუხდა დავის გადაწყვეტა. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შპს «...» დირექტორს ვ. ხ-ძეს საბოლოოდ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, შედეგიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მართებულად დააკისრა მოსარჩელე მხარეს სასამართლო ხარჯების ანაზრაურება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსკ-ის 53.3 მუხლი არ ქმნის შპს «...» მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს და იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატას არ სჭირდებოდა სასამართლო ხარჯების განაწილებაში ცვლილებების შეტანა, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოში შპს «...» მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით უკვე გადახდილი იყო 5000 ლარი.

სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით, გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის 7000 ლარის დაკისრება არ შეიცავს არანაირ არითმეტიკულ უსწორობას და იგი სასამართლოს მიერ სსკ-ის 53.1 მუხლის საფუძველზე დაეკისრა მოსარჩელე მხარეს, რომლის საწინააღმდეგოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელეს არ აუნაზღაურდება სასამართლო ხარჯები, იმის გათვალისიწნებით, რომ სააპელაციო პალატის ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, არარსებობდა მოსარჩელის მიერ პირველ ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრების, სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან მისი გამოქვითვის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს «...» დირექტორის ვ. ხ-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 419-420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «...» დირექტორ ვ. ხ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.09წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება