¹ბს-776-740(კს-09) 10 სექტემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. დ-ძე (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე _ 1. გ. ა-შვილი (თავდაპირველი მოსარჩელე); 2. თვითმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (თავდაპირველი მოპასუხე).
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 8 აგვისტოს მოსარჩელემ გ. ა-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1990 წლიდან იგი ფლობდა და სარგებლობდა ქ. ბათუმში ... ქ. ¹1-ში მდებარე 646,583 კვადრატული მიწის ნაკვეთითა და მასზე აშენებული ორსართულიანი ხის სახლით. მისივე განმარტებით, 2008 წლის ივნისში, მაშინ როცა კანონმდებლობით მიეცა საშუალება სამართლებრივ რეგისტრაციაში გაეტარებინა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა და მასზე მოეთხოვა საკუთრების უფლება, მას ამის თაობაზე 2008 წლის 15 ივლისის დადგენილებით უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ა-შვილმა მოითხოვა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 15 ივლისის დადგენილების ბათილად ცნობა და ამასთანავე მოპასუხეს გაეცა კანონმდებლობის შესაბამისად საკუთრების მოწმობა, შესაბამის მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 ნოემბრის საქომო განჩინებით გ. ა-შვილის სარჩელისა გამო თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე აღძრულ ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ჩაება გ. დ-ძე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ა-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 15 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების საკუთრების უფლებით გ. ა-შვილისათვის გადაცემაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხე მხარეს, თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას დაევალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გ. ა-შვილის მიერ მოთხოვნილი საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-ძემ რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრრის განჩინებით გ. დ-ძეს დაუდგინდა სააპელაციო საჩივრის ხარვეზი, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. აპელანტს ხარვეზის შევსების ვადად განესაზღვრა 7 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
2009 წლის 13 თებერვალს გ. დ-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოითხოვა, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 18 თებერვლის განჩინებით დააკმაყოფილა და გაუგრძელა მას ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდა 10 დღის ვადით.
2009 წლის 13 მარტს აპელანტმა განმეორებით მიმართა სასამართლოს ხარვეზის შევსების ვადის 10 დღით გაგრძელების შესახებ რაც ქუთაისის სასამართლომ 2009 წლის 17 მარტის განჩინებით დააკმაყოფილა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 აპრილის განჩინებით გ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებაზე, ხარვეზის შეუვსებულობის გამო დარჩა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 აპრილის განჩინებაზე გ. დ-ძემ კერძო საჩივარი წარადგინა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 მარტის განჩინება ვადის განმეორებით გაგრძელების თაობაზე ჩაბარდა მის მეზობელს, რაც გ. დ-ძისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ სასამართლოს 2009 წლის 14 აპრილის განჩინების მიღების შემდეგ.
აღნიშნულიდან გამომდინარე გ. დ-ძემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივნისის განჩინებით გ. დ-ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გ. დ-ძის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2009 წლის 30 იანვრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ გ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს არ ერვთოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ხარვეზად და გ. დ-ძეს ხსენებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დაუწესა საპროცესო ვადა _ 7 დღე, მისთვის ხსენებული განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საკასაციო სასამართლო აგრეთვე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2009 წლის 13 თებერვალს სააპელაციო პალატაში შევიდა გ. დ-ძის განცხადება ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ, რაც სააპელაციო სასამართლო 2009 წლის 19 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა და ხარვეზის ვადა 10 დღით გაგრძელდა, ხოლო 2009 წლის 13 მარტს მოსარჩელემ კვლავ მოითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის საჭირო თანხის შეგროვება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 17 მარტის განჩინებით გ. დ-ძის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით გაუგრძელა. გ. დ-ძეს არ გამოუსწორებია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 მარტის განჩინებაში მითითებული ხარვეზი, რის გამოც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 14 აპრილის განჩინებით განუხილველად დატოვა გ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცული იყო გზავნილი, რომელსაც ხელს აწერდა კერძო საჩივრის _ ავტორი, გ. დ-ძე (ს.ფ.154). ამასთან, ხსენებული გზავნილით არ დასტურდება, რომ გზავნილის მიმღებმა პიროვნებამ უარი განაცხადა გზავნილის მიღებაზე, რაც სააპელაციო სასამართლოს აძლევდა საფუძველს მიეჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის განჩინება ჩაბარდა გ. დ-ძეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის განჩინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვითაა გაგზავნილი და იგი ითვლება გ. დ-ძისათვის ჩაბარებულად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. დ-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. დ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.