¹ბს-777-741(კს-09) 13 ივლისი, 2009 წელი
¹ ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ე. ხ-ია, წარმომადგენელი _ დ. ჯ-ია
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები): 1. ნ. ხ-ია; 2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახური; 3. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისია
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 მარტის განჩინება
დავის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 1 ივლისს ე. ხ-იამ სარჩელი აღძრა მარტვილის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხეების _ ნ. ხ-იასა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 6 თებერვალს მოპასუხე ნ. ხ-იას მიერ ქ. მარტვილში, ... ქ. ¹142-ში მდებარე 0,35 ჰა მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულ იქნა კანონმდებლობის უხეში დარღვევით. ნ. ხ-იას დედა _ დ. ქ-აია არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოსარჩელის ძმასთან _ ა. მ-იასთან. 1990 წელს დ. ქ-აიამ ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, მოკლა მოსარჩელის დედა _ ნ. მ-ია, რომლის სახელზეც ირიცხებოდა სადავო ქონება და მიიმალა, ხოლო შემდგომში იგი დაკავებულ იქნა, განაჩენის გამოტანამდე კი, დ. ქ-აია პატიმრობისას გათხოვდა. მოსარჩელის დედის _ ნ. მ-იას გარდაცვალების შემდეგ, 1990 წელს ხსენებული ქონება ჩაიბარა მოსარჩელემ, რომლის მოვლა-პატრონობას მოსარჩელე იმ დრომდე განაგრძობდა. მოპასუხე ნ. ხ-იას, არქივიდან წარმოდგენილი ცნობის გარდა, იმის შესახებ, რომ იგი ჩაწერილი იყო ქ. მარტვილში, ... ქ. ¹141-ში, დასახელებულ მიწის ნაკვეთთან 1990 წლის შემდეგ არანაირი შეხება არ ჰქონია და პირიქით, სამკვიდრო გახსნილ იქნა მოსარჩელის მიერ, დედის დაკრძალვისა და სხვა საჭირო ხარჯები მოსარჩელემ გაიღო, იგი მითითებულ მისამართზე ღებულობდა ყველა ოფიციალურ დოკუმენტს, ამუშავებდა მიწას, იქვე გახსნილი ჰქონდა სახელოსნო და ამუშავებდა ხის მასალას.
მოსარჩელემ სარჩელის სამართლებრივ საფუძვლებად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე, როგორც გარდაცვლილი ნადია მასხულიას შვილი, იყო I რიგის მემკვიდრე. იმავე კოდექსის 1337-ე მუხლის მიხედვით, წინა რიგის თუნდაც ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავდა შემდეგი რიგის მემკვიდრეობას. ხსენებული კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლებოდა, როდესაც იგი შეუდგებოდა ქონების მართვას ან ფლობას. აღნიშნული უდავოდ მოწმობდა, რომ მოსარჩელემ სამკვიდრო მიიღო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა: ქ. მარტვილში, ... ქ. ¹142-ში მდებარე 0,35 ჰა მიწის ნაკვეთის ნ. ხ-იას სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება; სადავო 0,35 ჰა მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად აღიარება.
2008 წლის 12 სექტემბერს ე. ხ-იამ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა მარტვილის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ნ. ხ-იას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მიუთითა იმავე გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებზე, რაც მითითებული ჰქონდა სარჩელში და მოითხოვა: მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ ქ. მარტვილში, ... ქ. ¹142-ში მდებარე 0,35 ჰა მიწის ნაკვეთზე ნ. ხ-იას სახელზე 2008 წლის 5 თებერვალს გაცემული ¹46 საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმება; მარტვილის საკრებულოს საკომლო წიგნიდან, ქ. მარტვილში, ... ქ. ¹142-დან ნ. ხ-იას ამოწერა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურში 2008 წლის 6 თებერვალს ქ. მარტვილში, ... ქ. ¹142-ში მდებარე 0,35 ჰა მიწის ნაკვეთის ნ. ხ-იას სახელზე რეგისტრაციის, როგორც უკანონოს, გაუქმება; სადავო 0,35 ჰა მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული სახლის მოსარჩელის საკუთრებად აღიარება.
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 სექტემბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში თანამოპასუხეებად ჩაბმულ იქნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახური.
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე მოსარჩელე ე. ხ-იას წარმომადგენელმა დ. ჯ-იამ დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაზე ერთ-ერთი მოპასუხის _ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ნაწილში, მის ნაცვლად, დაზუსტების სახით, ერთ-ერთ მოპასუხედ მიუთითა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიაზე.
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. ხ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ე. ხ-იას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
რაიონულმა სასამართლომ, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა ნ. ხ-იას მამას _ ზ. ხ-იას, რომელიც ქ. მარტვილში, ... ქ. ¹142-ში მდებარე კომლში იყო ჩაწერილი, ხოლო საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის დედის _ ნ. მ-ია-ხ-იას აღნიშნულ კომლში ჩაწერის ფაქტი. ნ. ხ-ია-მ-ია გარდაიცვალა 1990 წელს.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 12 იანვრის ¹48 დადგენილების საფუძველზე, განხორციელდა მიწის რეფორმა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, მათზე არსებული შენობა-ნაგებობებით, მოსახლეობას გადაეცა 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით. აქედან გამომდინარე, ნ. მ-ია-ხ-ია ვერ იქნებოდა სადავო ქონების მესაკუთრე, რადგან იმ დროს იგი გარდაცვლილი იყო. მარტვილის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაშიც, მიწის გადასახადის შეტანის დღიდან, ყოველთვის მითითებული იყო ზ. ხ-ია. საქმის მასალებით ასევე დასტურდებოდა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 12 იანვრის ¹48 დადგენილების ამოქმედების პერიოდისათვის, კომლის წევრად ჩაწერილი იყო ნ. ხ-ია, თავის მამასთან _ ზ. ხ-იასთან ერთად.
რაიონულმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, I რიგის მემკვიდრის არსებობა გამორიცხავდა სამკვიდროზე სხვა რიგის მემკვიდრის უფლებას. დადგენილი იყო, რომ ნ. ხ-ია იყო I რიგის მემკვიდრე, ხოლო მოსარჩელე ე. ხ-ია _ II რიგის მემკვიდრე. ვინაიდან ზ. ხ-იას ადგილსამყოფელი მრავალი წლის განმავლობაში დაუდგენელი იყო, მისი კანონით მემკვიდრე გახდა მისი შვილი _ ნ. ხ-ია, რომელიც ამავე დროს მამამისთან ერთად იყო კომლში ჩაწერილი, რომლის სახელზეც იყო ქ. მარტვილში, ... ქ. ¹142-ში მდებარე ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ნ. ხ-იას მიერ მიცემული განმარტებით დადგენილი იყო, რომ 14 წელი იყო, რაც მისი მამა _ ზ. ხ-ია გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა, ხოლო სადავო სახლი ააშენეს მისმა მშობლებმა, მისი ბებია _ ნ. მ-ია კი ცხოვრობდა სხვაგან _ მარტვილის რაიონის სოფ. .... თვითონ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ¹86 ცნობითაც ასევე დადასტურებული იყო, რომ ქ. მარტვილში, ... ქ. ¹142-ში მდებარე კომლში ჩაწერილი იყო ნ. ხ-ია, ხოლო მანამდე, კომლში ჩაწერილი იყო ზ. ხ-იაც. ¹329 საარქივო ცნობით დადასტურებული იყო, რომ ქ. მარტვილის საკრებულოს საკომლო წიგნები გადასინჯული იყო 1980-2006 წლებში და ... ქუჩის არც ერთ წიგნში არ ირიცხებოდა ნ. მ-ია-ხ-ია. აქვე გასათვალისწინებელი იყო ის გარემოებაც, რომ ნ. ხ-ია იმიტომ ვერ შეუდგა ქ. მარტვილში, ... ქ. ¹142-ში მდებარე ქონების ფლობასა და მართვას, რომ ე. ხ-იამ არ მისცა ამის საშუალება და ფაქტობრივად, იგი თვითონ შეუდგა ზემოაღნიშნული ქონების ფლობასა და მართვას.
ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან დადგენილი იყო, რომ I რიგის მემკვიდრე იყო ნ. ხ-ია, აღნიშნული გამორიცხავდა სადავო ქონებაზე სხვა რიგის მემკვიდრის მიერ სარჩელის აღძვრას. მოსარჩელე ე. ხ-ია წარმოადგენდა II რიგის მემკვიდრეს და იგი არ იყო უფლებამოსილი პირი, დავის საგანზე აღეძრა სარჩელი. შესაბამისად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ხ-იამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის მისთვის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 მარტის განჩინებით ე. ხ-იას და მისი წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და სარჩელის დაუშვებლობის გამო, საქმის წარმოება შეწყდა.
სააპელაციო სასამართლომ, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ ნადია მასხულია გარდაიცვალა 1990 წელს (ს.ფ. 6). სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს _ მარტვილის არქივის 2008 წლის 29 თებერვლის ¹86 ცნობიდან ირკვეოდა, რომ ქ. მარტვილის საკრებულოს 1980-2006 წლების საკომლო წიგნების გადასინჯვით, ... ქ. ¹42-ში ირიცხებოდა ნ. ზ. ასული ხ-ია. ზ. კ. ძე ხ-ია წინა გვერდზე ამოშლილი იყო და მითითებული იყო _ «დაკარგულია უგზო-უკვლოდ» (ს.ფ. 11). ამავე არქივის 2008 წლის 16 სექტემბრის ¹329 ცნობით დგინდებოდა, რომ ნ. მ-ია, საკომლო წიგნების მიხედვით, ქ. მარტვილში, ... ქუჩის მაცხოვრებლად არ ირიცხებოდა (ს.ფ. 21).
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ე. ხ-ია სარჩელსა და დაზუსტებულ სარჩელში მიუთითებდა, რომ ქ. მარტვილში, ... ქ. ¹142-ში მდებარე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა მის დედას _ ნ. მ-ია-ხ-იას, რომლის გარდაცვალების შემდეგ, მისი ქონება მან ჩაიბარა და იმ დრომდე განაგრძობდა მის მოვლა-პატრონობას. საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რომ ქ. მარტვილში, ... ქ. ¹142-ში არსებული უძრავი ქონება საკუთრების ან სხვა ფორმით ეკუთვნოდა გარდაცვლილ ნ. მ-ია-ხ-იას. დგინდებოდა, რომ ხსენებული ქონება ეკუთვნოდა ზ. ხ-იას და მასთან ერთად, კომლში ჩაწერილი იყო მისი შვილი _ ნ. ხ-ია. მართალია, საქმეში არ იყო ზ. ხ-იას უგზო-უკვლოდ დაკარგვის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილება, მაგრამ ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, სარჩელის შინაარსით დგინდებოდა, რომ ნ. მ-იას გარდაცვალების დროიდან სადავო ქონება ჩაიბარა ე. ხ-იამ, ანუ ამ თარიღიდან ზ. ხ-ია სახლიდან წასული იყო ისე, რომ მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. საქმეში ასევე არ იყო არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ზ. და ნ. ხ-იებს სადავო უძრავ ნივთზე მიტოვებული ჰქონდათ საკუთრების უფლება. საკომლო წიგნის მიხედვით, ზ. ხ-იას კომლი, სადაც ასევე ჩაწერილი იყო მისი შვილი _ ნ. ხ-ია, გაუქმებული არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. ხ-იას სარჩელის, ასევე დაზუსტებული სარჩელის მოთხოვნები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების თაობაზე, დაუშვებელი იყო, რადგან მოსარჩელე ვერ ასაბუთებდა, რომ სწორედ მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს პირდაპირი ან უშუალო ზიანი მიადგა. იმის გათვალისწინებით, რომ ე. ხ-ია უკანონოდ დაეუფლა ზ. ხ-იას ქონებას და მრავალი წლის განმავლობაში ფლობდა მას, მოცემულ შემთხვევაში, არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ მისი ქმედება მიჩნეულიყო კანონშესაბამისად, რამეთუ ამის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა. ამდენად, ე. ხ-იას არ გააჩნდა კანონისმიერი სასარჩელო უფლებამოსილება, რადგან აღნიშნულ დავის საგანთან მიმართებაში, მას ინდივიდუალური ზიანი არ ადგებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს არ გააჩნდა სასარჩელო უფლებამოსილება, მისთვის პირდაპირი ან უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებლობის გამო, ე. ხ-იას სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შემწყდარიყო.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ე. ხ-იასთვის სახელმწიფო ბაჟის უკანონოდ დაკისრების ნაწილში, მართებული იყო, რადგან ე. ხ-ია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ე. ხ-იას წარმომადგენელმა დ. ჯ-იამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განსჯადობის მიხედვით, საქმის ხელახლა განსახილველად მარტვილის რაიონული სასამართლოსთვის დაბრუნება.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. თუ სადავო ქონება ნ. ხ-იას ეკუთვნოდა, მაშინ რატომ მიატოვა მან აღნიშნული ქონება უმეთვალყურეოდ 19 წლის განმავლობაში და თუ ხსენებული ქონება არსებობს, აღნიშნული მხოლოდ ზ. ხ-იას ძმის _ ე. ხ-იას დამსახურებაა, მით უმეტეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბოლო ორი წლის განმავლობაში დასახელებული ქონება მას გაქირავებული ჰქონდა. ჩაწერა არ წარმოადგენს ქონების კუთვნილების დამადასტურებელ დოკუმენტს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ შეიძლება საცხოვრებელი ადგილის დაფუძნება, არც მისი გაუქმება შეიძლება ამ აქტით. გარდა ამისა, არც ნ. ხ-ია და არც მისი მამა _ ზ. ხ-ია რეგისტრირებული არ არიან მარტვილის საკრებულოს მიწების აღრიცხვის ზონარგაყრილ წიგნში, ასევე _ საგადასახადო სამსახურში, როგორც გადამხდელები, აგრეთვე, არ არსებობს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სანოტარო წესით დამოწმებული გადაწყვეტილება მიწის ნ. ხ-იასთვის გადაცემის შესახებ.
კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, რაც შეეხება საკომლო წიგნში გაურკვეველ დროსა და გაურკვეველ ვითარებაში, გაურკვეველი პირის მიერ გაკეთებულ ჩანაწერს ზ. ხ-იას უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადება ხდება მხოლოდ სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, ხსენებული საეჭვო ჩანაწერი სრულებით არ ნიშნავს პირის კომლიდან ამოწერას, ვინაიდან მასში მითითებული არ არის უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადების იურიდიული საფუძველი _ რის საფუძველზე მოხდა ჩანაწერის გაკეთება. აღნიშნულ ჩანაწერს ხელს არ აწერს ჩანაწერის შემსრულებელი პირი, თანამდებობის მითითებით და რაც მთავარია, იმდროინდელი კანონის თანახმად, შესაბამის გრაფაში არ არის დასმული სპეციალური შტამპი ამოწერის შესახებ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გარდა ამისა, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ 1996 წელს მარტვილის საკრებულოს დარბევის შედეგად, მთლიანად განადგურდა იქ არსებული დოკუმენტაცია, მანამდე კი, მარტვილის რაიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად, 1992 წელს განადგურდა ცენტრალური არქივი. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სასამართლო სხდომაზე ამ მხარის სპეციალური წერილობითი განცხადება საკომლო წიგნის სასამართლო სხდომაზე დათვალიერების შესახებ, საქმეს კი, ამავე მხარისთვის გაუგებარი მიზეზების გამო, საკომლო წიგნის საეჭვო ჩანაწერის მხოლოდ ქსეროასლი დაერთო, რამაც ამ მხარეში დატოვა საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ჩანაწერი დაინტერესებული პირის მიერ სპეციალურად იქნა გაკეთებული. ადრე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დაბის (ქალაქის) ტერიტორიაზე, ტექნიკური ნახაზისა და სპეციალური წიგნაკის გარეშე, რაიმე სახის მშენებლობის წარმოება აკრძალული იყო. სწორედ ნადია მასხულიას სახელზე გაცემული ხსენებული წიგნაკი დაეწვა ე. ხ-იას, რომელსაც საცხოვრებელი სახლი გაუნადგურდა ხანძრის შედეგად. როდესაც მიდის მსჯელობა იმაზე, რომ სადავო სახლში ნადია მასხულია, თითქოსდა არ იყო ჩაწერილი, ზედმეტი არ იქნებოდა, ამ მხარის თხოვნის თანახმად, მეტი დამაჯერებლობისათვის მოწინააღმდეგე მხარეს წარმოედგინა ოფიციალური დოკუმენტი იმის თაობაზე, თუ სად იყო ჩაწერილი ნადია მასხულია.
კერძო საჩივრის ავტორი სასამართლოს არც იმაში ეთანხმება, რომ, თითქოს ე. ხ-ია სადავო სახლში უკანონოდ იყო შეჭრილი. ე. ხ-ია დაეუფლა ნ. მ-იას დანაშთ ქონებას, რომელიც გამოყოფილი იყო ძირითადი სახლიდან, სადაც მან შვილი დატოვა და ამ სახლის მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობა სწორედ ე. ხ-იამაც მიიღო, ხოლო დედის გარდაცვალების შემდეგ, უვლიდა და ინახავდა ამ ქონებას, რაც სერიოზულ ხარჯებს მოითხოვდა. გარდა ამისა, ნ. მ-იას დაკრძალვის, საფლავის კეთილმოწყობისა და რიტუალებთან დაკავშირებული ყველა ხარჯი გაღებულ იქნა სწორედ ე. ხ-იას მიერ. ამდენად, არ იყო ზედმეტი, რომ სასამართლოს დაედგინა, თუნდაც ნადია მასხულიას ჩაწერის ადგილი, ასევე დაედგინა, თუ სად ცხოვრობდა იგი სიცოცხლის ბოლო პერიოდში, სად გარდაიცვალა, სად გადაუხადეს სამოქალაქო პანაშვიდი და სად იქნა დაკრძალული. საქმეზე დართული სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ოფიციალური ცნობით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარის (ნ. ხ-ია) მშობლები _ ზ. ხ-ია და დ. ქ-აია იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ამდენად, ისინი ამ ქონებაზე პრეტენზიას, თუნდაც იმის გამო ვერ განაცხადებდნენ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1309-ე მუხლის თანახმად, ქორწინებისგარეშე შობილი ბავშვი არ შეიძლება ჩაითვალოს მამის მემკვიდრედ, თუ მამობა დადგენილი არ არის კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, ე. ხ-იამ უდავოდ დაიცვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი, როდესაც იგი შეუდგა გარდაცვლილი დედის ქონების მართვასა და ფლობას. წინააღმდეგობრივია იმის მტკიცება, რომ ქონების წილობრივ შემქმნელსა და მის შემნარჩუნებელ ე. ხ-იას, დავის საგანთან მიმართებაში, ინდივიდუალური ზიანი არ ადგება, მაშინ, როდესაც ქონება მიეკუთვნა იმ პირს, რომელსაც საერთოდ არ უცხოვრია სადავო სახლში 19 წლის განმავლობაში, ვინაიდან მათ მიიჩნიეს, რომ ქონებაზე არანაირი პრეტენზია არ ჰქონდათ და დატოვეს ხსენებული კარმიდამო.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ასევე გაურკვეველია, რატომ არ დააყენა ეჭვქვეშ სარეგისტრაციო სამსახურმა ნ. ხ-იას საკუთრების მოწმობა, რომელიც მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის მიერ იქნა გაცემული და რა კავშირი ჰქონდა ხსენებულ კომისიას იმ მიწის ნაკვეთის გაფორმებასთან, რომელიც სახელმწიფოს არ ეკუთვნოდა და ამ მიწასთან რა კავშირში იყო «საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმების შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 12 იანვრის ¹48 დადგენილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინებით ე. ხ-იას წარმომადგენელ დ. ჯ-იას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ე. ხ-იას წარმომადგენელ დ. ჯ-იას კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი გარემოებები:
მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 1990 წლიდან სადავო ქონებას, მდებარე ქ. მარტვილი, ... ქ. ¹142-ში ფლობს ე. ხ-ია, რომელიც დღემდე განაგრძობს მის მოვლა-პატრონობას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ქონება გარდაცვალებამდე ეკუთვნოდა დედამისს _ ნ. მ-ია-ხ-იას და მისი გარდაცვალების შემდეგ იგი დაეუფლა დედის სამკვიდრო ქონებას, როგორც პირველი რიგის მემკვიდრე. მოსარჩელე ითხოვს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2008 წლის 5 თებერვალს გაცემული ¹46 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობას, რომლითაც ნ. ხ-იას საკუთრებაში გადაეცა ქ. მარტვილში, ... ქ. ¹142-ში მდებარე 0,35 ჰა მიწის ნაკვეთი, სადავო ქონებასთან მიმართებით ნ. ხ-იას მარტვილის საკრებულოს საკომლო წიგნიდან ამოწერას, მიწის მესაკუთრედ აღიარებას და საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილების განხორციელებას. სასამართლო განხილვისადმი მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების დადგენა, რომლებიც მოსარჩელის მოსაზრებით ზიანს აყენებს მისი სამკვიდრო უფლების რეალიზებას.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ხ-იას არ გააჩნდა კანონისმიერი სასარჩელო უფლებამოსილება, რადგან დავის საგანთან მიმართებით მას არ ადგებოდა ზიანი, რასაც საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება და განმარტავს: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. როგორც ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, პროცესუალური უფლება სარჩელზე უშუალოდ უკავშირდება სარჩელზე უფლებას მატერიალური თვალსაზრისით. უდავოდ დადგენილია, რომ სარჩელის მატერიალურ საფუძველს წარმოადგენს აქტის კანონიერება, რომელიც ეხება მოსარჩელის მიერ მემკვიდრეობის მიღებით წარმოშობილ საკუთრების უფლებას. ამდენად, სახეზეა ადმინისტრაციული აქტით მოსარჩელის კანონით დაცულ უფლებაზე პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ვარაუდი და ინტერესი სასამართლო წესით აღდგენილ იქნეს კანონით მინიჭებულ უფლებებში.
ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ სარჩელის დაუშვებლობით მოსარჩელეს ერთმევა პროცესუალური შესაძლებლობა, უზრუნველყოს საკუთარი უფლებების დაცვა.
ამდენად, ე. ხ-იას კერძო საჩივარი არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. ხ-იას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.