Facebook Twitter
ბს-783-747(კ-09) 17 ივნისი, 2009 წ

ბს-783-747(კ-09) 17 ივნისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. თ-ძის კერძო საჩივარი თბილისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.09წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

08.06.04წ. ნ. ნ-იამ, მ. თ-ძემ, ბ. ს-ძემ, ი. ჩ-ძემ და სხვებმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 19.10.04წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 30.06.05წ. განჩინებით ნ. ნ-იას, მ. თ-ძის, ბ. ს-ძის, ი. ჩ-ძის და სხვების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

25.07.05წ. ასკ-ის 35.3 მუხლის საფუძველზე საქმე განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.11.08წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტი, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 16.06.99წ. ¹29 გადაწყვეტილება, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მიღებულია კანონმდებლობის სრული დაცვით. სასარჩელო განცხადება სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში შეტანილ იქნა 2004წ., გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-ძემ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.09წ. განჩინებით მ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ასლი აპელანტის წარმომადგენელს 16.03.09წ. ჩაჰბარდა, მ. თ-ძემ სააპელაციო სასამართლოს 01.04.09წ., გასაჩივრების 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ მიმართა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. თ-ძემ. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მისი წარმომადგენელი, დ. შ-ია, არ იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებული და ეკრძალებოდა სააპელაციო სასამართლოში წარმომადგენლობა. 18.03.09წ. მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დ. შ-იამ გადასცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რის გამოც გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2009 წლის 19 მარტიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. თ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. თ-ძის წარმომადგენელს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.11.08წ. გადაწყვეტილება 16.03.09წ. გადაეცა, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილი იქნა 01.04.09წ., გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დარღვევით(ს.ფ. 479).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სსკ-ის 70-ე მუხლის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. თ-ძემ 27.04.04წ. რწუნებულებით დ. შ-იას განუსაზღვრელი ვადით მიანიჭა წარმომადგენლის უფლებამოსილება(ტ. 9, ს.ფ. 59-60). შესაბამისად, დ. შ-იასათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.11.08წ. გადაწყვეტილების ჩაბარება ითვლება მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებად. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მის წარმომადგენელს არ გააჩნდა სააპელაციო სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება, არ ქმნის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს. მ. თ-ძე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეს აწარმოებდა წარმომადგენლის მეშვეობით, რომელსაც სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გადაეცა. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მართებულად იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრების ვადა 2009 წლის 17 მარტიდან ათვლილი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი სასამართლოს წარედგინა გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მ. თ-ძის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. თ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.09წ. განჩინება;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.