Facebook Twitter

ბს-785-749(კს-09) 30 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ რ. ქ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველო

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ო თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 6 თებერვალს რ. ქ-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიმართ და მოითხოვა 1998-2000 და 2003 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 963,73 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ. 1-9).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. ქ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შსს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების – 362,13 ლარის ანაზღაურება, ხოლო ულუფის კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი (იხ. ს.ფ. 27-30).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ქ-შვილმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, სასურსათო ულუფის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის სასურსათო ულუფის _ 601,60 ლარის ანაზღაურების დაკისრება (იხ. ს.ფ. 33-43).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინებით რ. ქ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება 2009 წლის 10 აპრილს ჩაჰბარდა რ. ქ-შვილის დედას, ხოლო 2009 წლის 16 აპრილს, ხარვეზის შევსების მიზნით რ. ქ-შვილის წარმომადგენელმა _ ჯ. მ-შვილმა მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და წარადგინა საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სსსკ-ის 369-ე, 71.1, 74.1, 60.2, 368.5 მუხლებით და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ გაიგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ... დასახლება, ... გზატკეცილი ¹10), განჩინება ჩაჰბარდა აპელანტის დედას 2009 წლის 10 აპრილს, შესაბამისად, განჩინებით დადგენილის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადა ამოიწურა 2009 წლის 15 აპრილს, აპელანტის წარმომადგენელმა კი სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2009 წლის 16 აპრილს, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია (იხ. ს.ფ. 50-52).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. ქ-შვილის წარმომადგენელმა _ ჯ. მ-შვილმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 440-ე მუხლი, რადგან მითითებული ნორმა იმპერატიულად არ ადგენს, რომ უფლებამოსილების განხორციელება იწყება სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით. დღემდე სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში მხოლოდ პროცესის დაწყებისას ხდება საადვოკატო უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა და არა საჩივარზე დართავა.

Gგარდა აღნიშნულისა, რ. ქ-შვილი ამჟამად არის სამხედრო მოსამსახურე და იგი ვერ გამოასწორებდა ხარვეზს. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება უნდა გაგზავნოდა წარმომადგენელს, რადგან სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზი უშუალოდ წარმომადგენელს ეხებოდა. განჩინება გაეგზავნა რ. ქ-შვილს, რომელიც იმყოფებოდა გორის სამხედრო ნაწილში, განჩინება ჩაიბარა მისმა მოხუცმა დედამ, რომელიც არ იყო საქმის კურსში და ვერ დაუკავშირდა შვილს. რ. ქ-შვილი შემთხვევით ჩამოვიდა თბილისში 2009 წლის 15 აპრილს, საღამოს და მეორე დღესვე _ 16 აპრილს გადასცა წარმომადგენელს განჩინება.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ თვითონ შექმნა ხარვეზის შევსების ვადის გაშვების წინაპირობა, რითაც დაირღვა კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებები. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაშვება მოხდა საპატიოდ (იხ. ს.ფ. 56-63).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ. ქ-შვილის წარმომადგენლის _ ჯ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა იგი, კერძო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 440-ე მუხლი, რადგან მითითებული ნორმა იმპერატიულად არ ითვალისწინებს, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება იწყება საჩივრის შეტანით.

სსსკ-ის 440-ე მუხლის თანახმად, რომელიც ადგენს წარმომადგენლის საქმიანობის შეზღუდვას სასამართლო პროცესში, პირებს, რომლებსაც არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება და არ არიან გაწევრიანებულნი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლები ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა _ ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.

Aამდენად, მითითებული ნორმა იმპერატიულად ადგენს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას მხოლოდ ადვოკატების მიერ, რომელბსაც გავლილი აქვთ ადვოკატთა ტესტირება და გაწევრიანებულნი არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება გულისხმობს მხარის მიერ ამა თუ იმ პირისათვის საპროცესო უფლებაუნარიანობის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭებას, საქმის წარმოების მინდობას პირისათვის, რომელიც ამგვარი შეთანხმების შედეგად, უფლებამოსილია მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ნებისმიერი ან ცალეკულ შემთხვევებში მხოლოდ გარკვეული საპროცესო მოქმედებები, მათ შორის მხარის სახელით წარადგინოს საჩივარი.

Kკონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულების თანახმად, ჯ. მ-შვილს მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება რ. ქ-შვილის სახელით განეხორციელებინა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საპროცესო მოქმედება და მათ შორის გაესაჩივრებინა ნებისმიერი სასამართლო აქტი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ სსსკ-ის 440-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი მხოლოდ გარკვეული საპროცესო მოქმედებების შესრულებაზე ვრცელდებოდა და იგი შეზღუდვას აწესებს მხოლოდ სასამართლო განხილვაში წარმომადგენლის მონაწილეობაზე, რადგან მითითებული ნორმა დაუშვებლად მიიჩნევს ნებისმიერი სახის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, იქნება ეს საჩივრის შეტანა მარწმუნებლის სახელით, თუ სხვა საპროცესო მოქმედება და სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში ამგვარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი რწმუნებულება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას აპელანტისათვის ხარვეზის დადგენისას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სსსკ-ის 440-ე მუხლის არასწორად გამოყენებისა და განმარტების შესახებ.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის მითითების შესახებ უნდა გაგზავნოდა წარმომადგენელს, რადგან ხარვეზის გამოსწორება უშუალოდ მას ეხებოდა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი აღნიშნულთან დაკავშირებით არ გამომდინარეობს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან, რადგან მხარეთათვის სასამართლო დოკუმენტების გადაცემის წესს ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას არეგულირებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლი. მითითებული კოდექსის 13.2 მუხლის შესაბამისად, სასამართლო მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უგზავნის იმ გადაწყვეტილების, განჩინების ან ბრძანების ასლს, რომელიც ექვემდებარება გასაჩივრებას.

ამდენად, მითითებული ნორმა არ ავალდებულებს სასამართლოს სასამართლო აქტი გაუგზავნოს მხარესაც და მის წარმომადგენელსაც, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო აქტი გაუგზავნოს ან მხარეს, ან მის წარმომადგენელს და წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ დარღვეულა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების მხოლოდ მხარისათვის გაგზავნით. ამასთან, სსსკ-ის 74.1 მუხლის შესაბამისად, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში, სასამართლო დოკუმენტი ბარდება ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, რომელიც ვალდებულია დოკუმენტი დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. ამასთან, დოკუმენტის ჩაბარება მითითებული პირისათვის ითვლება ადრესატისათვის ჩაბარებად. სსსკ-ის 74.2 მუხლის შესაბამისად, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში, დოკუმენტის ჩამბარებელმა პირმა უნდა გააკეთოს აღნიშვნა სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაჰბარდა რა რ. ქ-შვილის დედას, სსსკ-ის 74.1 მუხლის შესაბამისად, ჩაბარებულად ითვლება ადრესატისათვის, ხოლო საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებაზე სსსკ-ის 74.2 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, მინაწერი ადრესატის არყოფნის შესახებ არ არის გაკეთებული.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების მხარისათვის გაგზავნისას და დარღვევის არსებობას ვერ ასაბუთებს ის გარემოებაც, რომ ხარვეზი ეხებოდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებას და მისი შევსება შეეძლო მხოლოდ წარმომადგენელს, რადგან ხარვეზი განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ და მისი შევსება შეიძლებოდა თავად რ. ქ-შვილის მიერ ხელმოწერილი საჩივრის წარდგენითაც.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს ხარვეზის შევსების ვადის გაშვების საპატიოდ ცნობას, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, რ. ქ-შვილმა ხარვეზის განჩინების შესახებ შეიტყო 2009 წლის 15 აპრილს საღამოს, ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ბოლო დღეს. შესაბამისად, სსსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, რ. ქ-შვილს შესაძლებლობა ჰქონდა შუამდგომლობით მიემართა სააპელაციო სასამართლოსათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ და სსსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად, ამგვარი შუამდგომლობა შეეტანა საფოსტო განყოფილების მეშვეობით, მაგრამ აპელანტს არცერთი მითითებული საპროცესო შესაძლებლობით არ უსარგებლია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ. ქ-შვილის წარმომადგენლის ჯ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ქ-შვილის წარმომადგენლის – ჯ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.