Facebook Twitter

ბს-80-78(კს-09) 10 თებერვალი, 2009 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ გ. ბ-ე

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 7 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო მოპასუხისათვის 2623,71 ლარისა და 219,05 აშშ დოლარის დაკისრება (იხ. ს.ფ. 2-3).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 აგვისტოს განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას (იხ. ს.ფ. 35-37), ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით საქმე გადაეგზავნა უფლებამოსილ – ბათუმის საქალაქო სასამართლოს (იხ. ს.ფ. 41-44).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 58-59).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 66-77).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის გასაჩივრებული გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე 2008 წლის 24 ნოემბერს და ჩაბარდა 2008 წლის 26 ნოემბერს. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა – ვ. ჯ-ემ სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეიტანა 2008 წლის 15 დეკემბერს და იგი გადაეგზავნა სააპელაციო სასამართლოს. საქმეში არ არის წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფოსტის მეშვეობით გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით მხარეებს მისი გასაჩივრების წესი და ვადა განემარტათ მითითებული მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

სააპელაციო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა სსსკ-ის 369.1, 59-ე, 63-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაეგზავნა და ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება ჰქონდა 2008 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით, სააპელაციო საჩივარი კი შეტანილ იქნა 2008 წლის 15 დეკემბერს, 14-დღიანი ვადის დარღვევით (იხ. ს.ფ. 81-83).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინების გაუქმება შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სააპელაციო საჩივრის სსსკ-ის 369-ე მუხლით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით შეტანის შესახებ და მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის განჩინება სსსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად, საფოსტო განყოფილებაში შეტანილ იქნა 2008 წლის 10 დეკემბერს, რაც დასტურდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმისწარმოების დეპარტამენტის რეესტრით (იხ. ს.ფ. 86-87).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინება და საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაირღვა საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე, 394 “ე” მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სათანადო შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან კერძო საჩივრის ავტორის მიერ წამოყენებულია დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მხარეებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლო აქტის გასაჩივრების ვადის დენა დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტათ გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი.

კონკრეტულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, მხარეებს განემარტათ გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა, მაგრამ არ განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი _ სსსკ-ის 364-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას არ გამოიყენა კანონი _ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.2 მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რადგან მითითებული ნორმის თანახმად, თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ, ან ეცნობა ამავე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, გასაჩივრება შეიძლება სასამართლო აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში. ამასთან, აღნიშნული ნორმის გამოყენების წინაპირობას წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლით დადგენილი საპროცესო ვალდებულების შესრულება – სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლო აქტის მხარეთათვის ჩაბარება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას უნდა იმსჯელოს მითითებულ გარემოებაზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს ასევე არ უმსჯელია და არ გამოუკვლევია ის გარემოება, რომ საქმის მასალების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება პირველად გაეგზავნა 2007 წლის 2 აპრილს (იხ. ს.ფ. 60), მაგრამ საქმეში არ არის წარმოდგენილი გადაწყვეტილების ჩაბარების ან ჩაუბარებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. საქმის მასალების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2008 წლის 20 ნოემბერს მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადების მსვლელობის შესახებ, მიღებულ იქნა თუ არა გადაწყვეტილება და მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცლის გაცემა (იხ. ს.ფ. 62), თუმცა საქმის მასალების თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის სხდომას ესწრებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი _ ნ. ყ-ე და მისთვის ცნობილი იყო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

საკასაციო სასამართლოში აღნიშნულთან დაკავშირებით, კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში სასამართლოდან შესული კორესპოდენციათა 2007 წლის აპრილის ჟურნალის ასლი, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსის თ. მ-ის მიმართვის თანახმად, 2007 წლის აპრილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გაგზავნილი სასამართლოს გადაწყვეტილება ადრესატს არ ჩაბარებია.

საქმის მასალების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართვის შემდეგ, 2008 წლის 21 ნოემბერს გაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი და საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, ჩაჰბარდა 2008 წლის 26 ნოემბერს (იხ. ს.ფ. 65) და აღნიშნულ ფაქტს არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა ამოიწურა 2008 წლის 10 დეკემბერს.

სააპელაციო სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დარეგისტრირდა 2008 წლის 15 დეკემბერს, რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე დასმული სააპელაციო სასამართლოს შტამპით (იხ. ს.ფ. 66). საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო საჩივარს დართული არ ჰქონდა საფოსტო კონვერტი, რითაც დადასტურდებოდა სსსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის საფოსტო განყოფილების მეშვეობით შეტანის ფაქტი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა საფოსტო განყოფილების მეშვეობით და ფოსტას სააპელაციო საჩივარი ჩაჰბარდა 2008 წლის 10 დეკემბერს, რის დასადასტურებლადაც კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა კორესპოდენციათა ჟურნალის სათანადო წესით დამოწმებული ასლი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მითითებულ გარემოებებზე და სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ, გამოიკვლიოს საქმეში წარმოგენილი მტკიცებულებები, რათა დადგინდეს როდის წარმოეშვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საპროცესო უფლებამოსილება _ სსსკ-ის 364-ე მუხლის შესაბამისად, წარედგინა სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად, დაცულ იქნა თუ არა მის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რათა მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და სამართლებრივი შეფასების შემდეგ, აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის პირობებში, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის სსსკ-ის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წინაპირობების არსებობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინება და საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.