Facebook Twitter
ბს-817-781(კს-08) 4 ივნისი, 2009 წელი

ბს-817-781(კს-08) 4 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე პაატა სილაგაძე

საკასაციო სასამართლო გაეცნო მ. ქ-შვილის კერძო საჩივარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის განჩინებაზე და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, ვინაიდან არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის მოთხოვნებს. საქმის მასალებიდან, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის განჩინების ასლის ჩაბარების შესახებ ხელწერილიდან (ს.ფ. 315) ირკვევა, რომ მ. ქ-შვილს ხსენებული განჩინება ჩაჰბარდა 2009 წლის 1 მაისს, მან კი აღნიშნულ განჩინებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივარი შეიტანა 2009 წლის 14 მაისს (ს.ფ. 316), ესე იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლში მითითებული 12-დღიანი ვადის გადაცილებით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მისთვის ამოიწურა 2009 წლის 13 მაისს (ოთხშაბათი).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ქ-შვილმა დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით განსაზღვრული კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია). ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამდენად, თუ კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად _ კანონის ანალოგიით, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ქ-შვილის კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც იგი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

Dდ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველი დარჩეს მ. ქ-შვილის კერძო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.