Facebook Twitter
¹ბს-835-799(კს-09) 28 ივლისი, 2009 წელი

¹ბს-835-799(კს-09) 28 ივლისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ნ. ვ-ძე

მოწინააღმდეგე მხარეები _ 1. ი. და რ. წ-ძეები; 2. შარაბიძეების თემის საკრებულო; 3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური

დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 21 ივლისს ნ. ვ-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და ახლად აღმოჩენილ გარემოებეთა გამო მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ვ-ძის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი რ. და ი. წ-ძეების სახელზე შედგენილი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები ¹22/6-17 და ¹22/6-75; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ნ. ვ-ძის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში გატარება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, ხოლო რ. და ი. წ-ძეებს უარი ეთქვათ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. და რ. წ-ძეებმა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის განჩინებით მოცემულ საქმეზე დაინიშნა სასამართლო-საინჟინრო ექსპერტიზა. ექსპერტის დასკვნაზე დაყრდნობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება, ნ. ვ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილდა ი. და რ. წ-ძეების შეგებებული სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ნ. ვ-ძეზე 0.25 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის შარაბიძეების თემის სარეფორმო კომისიის 2000 წლის 12 მაისის შერჩევის აქტი; მიწის რეფორმის კომისიის მიერ წარდგენილი მიწის შერჩევის აქტის დამტკიცებისა და 0.25 ჰა საკარმიდამო ნაკვეთის ნ. ვ-ძეზე გამოყოფის შესახებ შარაბიძეების თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 2000 წლის 18 მაისის ¹2 ოქმის დადგენილება; ნ. ვ-ძეზე საკარმიდამოდ 0.25 ჰა გამოყოფის შესახებ სოფ. ... საერთო კრების 2000 წლის 12 ივნისის ¹1 ოქმი, ნ. ვ-ძეზე საკარმიდამოდ 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფასთან დაკავშირებით საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 2000 წლის 18 მაისის ¹2 სხდომის ოქმის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ შარაბიძეების თემის საკრებულოს გამგეობის სხდომის 2000 წლის 29 ივნისის ¹13 დადგენილება.

განმცხადებლის მითითებით, ექსპერტის დასკვნა და სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაეყრდნო ძირითადად ი. და რ. წ-ძეებზე მიწის ნაკვეთის შერჩევისა და გამოყოფის დოკუმენტებს. სასამართლომ აღნიშნული დოკუმენტები მიიჩნია სარწმუნოდ იმ მოტივით, რომ ისინი უფრო ადრე იყო გაცემული ვიდრე ნ. ვ-ძის სახელზე გაცემული აქტები.

2008 წლის 20 იანვარს ბათუმის რაიონულ პროკურატურაში დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე.

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2008 წლის 22 ივნისის დადგენილებით დადგინდა, რომ ი. წ-ძე დაეუფლა მიწის ნაკვეთს, რომელიც კანონით დადგენილი წესით 2000 წლის 18 ივლისის მოზომვის აქტით გამოეყო ნ. ვ-ძეს. დავის ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში განხილვისას ი. წ-ძემ წარადგინა მოზომვის აქტი და გეგმა-ნახაზი, რომელიც უშუალოდ მის მიერ იყო შედგენილი. სასამართლოსათვის ი. წ-ძის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ნახაზის ნაწილში განსხვავებულია არქივიდან ამოღებული ნახაზისაგან, რომელიც კანონიერადაა შედგენილი და ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.

ამდენად, ექსპერტის დასკვნა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადწყვეტილება ემყარება ყალბ დოკუმენტებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებელმა მიიჩნია, რომ მის ხელთ არსებული დოკუმენტები სასამართლოსათვის რომ ყოფილიყო წარდგენილი, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნული დოკუმენტების სასამართლოსათვის წარუდგენლობა საქმის განხილვის ეტაპზე ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ დოკუმენტები მოიპოვა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ (იხ. ს.ფ. 2-4; ტ.II).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის განჩინებით ნ. ვ-ძის განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი (იხ. ს.ფ. 86-87; ტ.II).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის განჩინებით ნ. ვ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას ითხოვდა საქართველოს სსკ-ის 423.1 მუხლის «ა» და «ვ» ქვეპუნქტების საფუძველზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 423.1 მუხლის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძვლად უთითებდა 1996 წლის 25 ივლისის მიზომვის აქტის სიყალბეზე, რაც დადგენილია ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2008 წლის 22 ივნისის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ, ხოლო ამავე მუხლის «ვ» ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფუძვლად მიუთითა ს.ფ. 45-ზე განთავსებული ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო არქივის დირექტორის 2005 წლის 7 ივნისის ¹11/01-05 წერილი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია: «1996 წლის 25 ივლისის მიზომვის აქტით რ. წ-ძეს მიეზომა საკარმიდამოდ 0.25 ჰა სოფ. ... შესასვლელი გზის მარჯვენა მხარეს, მდინარე ... გვერდით სახნავის ხარჯზე. საქმეში არსებული 1996 წლის 25 ივლისის მიზომვის აქტების ქსეროასლების თანახმად, მათ პირველ გვერდებზე იდენტური შინაარსის მონაცემებია იმის შესახებ, რომ «რწმუნებულთა კრების 1996 წლის 9 ივლისის ოქმი ¹3 გადაწყვეტილებით ადგილზე მისვლით კომისიამ სოფ. ... მცხოვრებ რ. ი. ძე წ-ძეს მიუზომა საკარმიდამოდ 0.25 ჰექტარი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი სოფ. ..., შესასვლელი გზის მარჯენა მხარეს, მდინარე ... გვერდით _ სახნავის ხარჯზე. აღნიშნული მიწის ფართობი მოითხოვს გაკულტივირებას, რის შემდეგაც შესაძლებელია მისი ათვისება და გამოყენება საკარმიდამოდ». აღნიშნული აქტების მეორე გვერდზე ნახაზები ერთმანეთის მსგავსი არ არის. საქმეში წარმოდგენილი 1996 წლის 25 ივლისის მოზომვის აქტის ქსეროასლი, როგორც გაირკვა შედგენილი ი. წ-ძის მიერ, მაგრამ აქტის პირველი გვერდი შინარსობრივად იდენტურია საქმეში განთავსებულ აქტების შინაარსთან, ხოლო მეორე გვერდზე შესრულებული ნახაზი განსხვავებულია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებაში მითითებულია მოზომვის აქტების პირველ გვერდზე არსებულ ჩანაწერზე: «რ. წ-ძეს მიეზომა საკარმიდამოდ 0.25 ჰა სოფ. ..., შესასვლელი გზის მარჯვენა მხარეს, მდინარე ... გვერდით სახნავის ხარჯზე. «

ხსენებული აქტების პირელი გვერდები იდენტურია და სწორედ ეს მონაცემები იქნა გამოყენებული სააპელაციო სასამართლოს მიერ 2007 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტიების სამოტივაციო ნაწილში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის მოსაზრება საქართველოს სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, დოკუმენტის სიყალბის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსაზრება, რომ ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო არქივის დირექტორის 2005 წლის 7 ივნისის წერილი წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას, რადგან აღნიშნული წერილი ფიგურირებს ძირითადი საქმის ¹101 ფურცელზე, რომელიც განხილულ იქნა და არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას ან მტკიცებულებას, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში თუ მხარე არ ეთანხმება არსებული ფაქტების შეფასებას, აღნიშნული არ წარმოდგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველს (იხ. ს.ფ. 123-136; ტ.II).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ვ-ძემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რის შედეგადაც მიღებულ იქნა არასწორი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ 1996 წლის 25 ივლისის მიზომვის აქტი შედგენილია თვით ი. წ-ძის მიერ საკუთარი ხელით და სწორედ ეს დოკუმენტი იქნა გამოყენებული სასამარლოში საქმის წარმოების დროს, რასაც მოჰყვა სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. მიზომვის აქტის საკუთარი ხელით შედგენა წინასწარი გამოძიების მსვლელობისას აღიარა თვით ი. წ-ძემ.

ასევე დადგენილია ის ფაქტი, რომ ი. წ-ძის მიერ შედგენილი მიზომვის აქტი საერთოდ არ მოიპოვება ხელვაჩაურის რაიონული არქივის დაცულ მასალებში, არქივში არის მხოლოდ შესაბამისი კომისიის მიერ კანონით დადგენილი წესით შედგენილი მიწის ნაკვეთის მიზომვის აქტი და თანდართული ნახაზი, რაც დადასტურდა ასევე საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2008 წლის 22 ივნისის დადგენილებით.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ხელვაჩაურის რაიონული არქივის დირექტორის 2005 წლის 7 ივნისის წერილი არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რადგან ნ. ვ-ძე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას ითხოვდა არა არქივის დირექტორის წერილის საფუძველზე, არამედ არქივიდან ამოღებული მიწის ნაკვეთის მიზომვის აქტისა და მასზე თანდართული ნახაზის საფუძველზე, რომელიც აშკარად განსხვავდება ი. წ-ძის მიერ საკუთარი ხელით შედგენილი და თავის დროზე სასამართლოში საქმის წარმოების დროს გამოყენებული მიზომვის აქტისაგან. არქივიდან დოკუმეტის ამოღება მოხდა ძირითადი საქმის წარმოების დამთავრებისა და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ანუ ამის შესახებ ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, რაც წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას და მას სასამართლოს მიერ სწორი სამართლებრივი შეფასება უნდა მისცემოდა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არანაირი ყურადღება არ გაამახვილა ბათუმის რაიონული პროკურატურის დადგენილებაში მოყვანილ ფაქტებზე, ი. წ-ძემ დაკითხვისას აღიარა მიწის ნაკვეთის მიზომვის აქტის მის მიერ შედგენის ფაქტი, ანუ დაადასტურა მისი სიყალბე, რაც გამოყენებული იქნა თავდაპირველი საქმის წარმოებისას სასამართლოში და თავისთავად ცხადია სასამართლომაც ამ დოკუმენტზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 150-158; ტ.II).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. ვ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარში მითითებულ საპროცესო დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 421.1 მუხლის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. სსსკ-ის 423.2 მუხლის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება ამავე კოდექსის 423.1 მუხლის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, დოკუმენტის სიყალბესთან დაკავშირებით, დასაშვებია, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. სსსკ-ის 423.3 მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 423.1 მუხლის «ვ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემეობებსა და მტკიცებულებებზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ 1996 წლის 25 ივლისს შედგენილი მიზომვის აქტი, რასაც დაეყრდნო სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, არის ყალბი, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2008 წლის 22 ივნისის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის სსსკ-ის 423.1 მუხლის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რადგან სიყალბის ფაქტი არ არის დადასტურებული კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. განმცხადებელს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილება. ამასთან, წარმოდგენილი დადგენილების თანახმად, მოწმის სახით დაკითხულმა ი. წ-ძემ მიუთითა, რომ მისთვის 1996 წელს მიწის მიზომვისას შედგა მიზომვის აქტი, რაზეც ხელი მოაწერა კომისიის ყველა წევრმა. აქტი შედგა ერთ ეგზემპლარად, კომისიის ერთ-ერთი წევრის _ ლ. ვ-ძის მიერ. იმის გამო, რომ მიზომვის აქტის ასლი არ ჩაჰბარდა თავად ი. წ-ძეს, მან საკუთარი ხელით გადაწერა აქტი, შეადგინა მისი ასლი, რაზეც ყველა წევრმა მოაწერა ხელი. მითითებული დადგენილებით დადასტურებულია მხოლოდ ის ფაქტი, რომ მიზომვის აქტი შედგა ი. წ-ძის მიერ, თუმცა არ გამოკვლეულა და დადგენილა ის გარემოება, რომ იოსებ წულუკიძის მიერ შედგენილ მიზომვის აქტს მოაწერეს თუ არა ხელი კომისიის წევრებმა და აღნიშნულით დაადასტურეს თუ არა მისი შესაბამისობა კომისიის მიერ შედგენილ და არქივში დაცულ დოკუმენტთან, თუ უარყოფილ იქნა ი. წ-ძის ჩვენება აღნიშნულთან დაკავშირებით.

გარდა აღნიშნულისა, დადგენილების თანახმად, ი. წ-ძის მიერ შედგენილი მიზომვის აქტი და ნახაზი წარედგინა სასამართლოს ორჯერ, პირველად ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ი. წ-ძის შესაგებელთან ერთად, ხოლო მეორედ აღნიშნული დოკუმენტი დაერთო სააპელაციო საჩივარს. კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების თანახმად, ნ. ვ-ძის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ი. და რ. წ-ძეებს უფრო ადრე გამოეყოთ მიწის ნაკვეთი, ვიდრე ნ. ვ-ძეს, სასამართლო დაეყრდნო ექსპერტიზის დასკვნას და არა ი. წ-ძის მიერ შესაგებელზე ან სააპელაციო საჩივარზე დართულ მიზომვის აქტსა და ნახაზს და მიიჩნია, რომ ნ. ვ-ძეზე მოხდა იმ მიწის ნაკვეთის მიზომვა, რომელიც 1996 წელს ჰქონდათ გამოყოფილი წ-ძეებს. საქმეში წარმოდგენილი 2006 წლის 13 ივლისის სასამართლო ექსპერტიზის არასამთავრობო კვლევითი ცენტრის «...» ექსპერტის მიერ შედგენილი დასკვნის თანახმად, რასაც დაეყრდნო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ექსპერტის მიერ კვლევისათვის გამოყენებულ იქნა შემდეგი მასალები: რ. წ-ძის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, 1996 წლის 25 ივლისის მიზომვის აქტი, რომელიც განთავსებული იყო საქმის ფურცელ 5-6-ზე, ი. წ-ძის მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, 2000 წლის 12 მაისის შერჩევის აქტი, 2000 წლის 18 ივლისის მიზომვის აქტი. ამდენად, ექპსერტის დასკვნა დაეყრდნო არა ი. წ-ძის მიერ შესაგებელზე ან სააპელაციო საჩივარზე დართულ დოკუმენტს, არამედ ს.ფ. 5-6-ზე არსებულ მიზომვის აქტს, ანუ ნ. ვ-ძის სარჩელის შემდეგ, ი. წ-ძის მიერ შესაგებელის წარდგენამდე საქმეში მოთავსებულ დოკუმენტს.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს სსსკ-ის 423.1 მუხლის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი საქმის წარმოების განახლებისათვის, რადგან საქმეში წარმოდგენილი მხოლოდ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2008 წლის 22 ივნისის დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დოკუმენტები, რასაც დაეყრდნო სასამართლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გამოტანისას, არის ყალბი.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სსსკ-ის 423.1 მუხლის «ვ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმის წარმოების განახლების საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ არქივიდან ამოღებული მიწის ნაკვეთის მიზომვის აქტისა და მასზე დართული ნახაზისაგან განსხვავდება ი. წ-ძის მიერ შედგენილი აქტი და ნახაზი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების განახლების საფუძველი, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო არქივის დირექტორის 2005 წლის 7 ივნისის ¹11/01-05 მიმართვა გამოთხოვილი დოკუმენტების გადაცემის შესახებ, წარმოდგენილი იყო საქმეში საქმის არსებითად განხილვის დროსაც. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მისთვის განსხვავებული დოკუმენტების არსებობის შესახებ ცნობილი გახდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, არქივიდან დოკუმენტების ამოღების შედეგად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა კერძო საჩივრის არგუმენტი აღნიშნულთან დაკავშირებით, რადგან მითითებული გარემოება არ წარმოადგენს სსსკ-ის 423.1 მუხლის «ვ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმის წარმოების განახლების წინაპირობას, რადგან ნ. ვ-ძეს საქმის განხილვის დროსაც შეეძლო მიეთითებინა აღნიშნულ გარემოებებზე, მით უფრო, რომ დოკუმენტების გამოთხოვის დამადასტურებელი ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო არქივის დირექტორის 2005 წლის 7 ივნისის ¹11/01-05 მიმართვა წარდგენილი იყო საქმის განხილვის დროს.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, კონკრეტულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქმის წარმეოების განახლების პროცესუალური წინაპირობა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ვ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ვ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.