Facebook Twitter

¹ბს-840-804(კს-09) 22 სექტემბერი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი _ გ. ილინა

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ რ. ი-ძე, წარმომადგენელი დ. შ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ ქ. ბათუმის მერია; ხ. ჯ-ელი

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 10 აპრილს რ. ი-ძემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქ. ბათუმის მერიისა და ხ. ჯ-ელის მიმართ და მოითხოვა მოპასუხე ხ. ჯ-ელისათვის კომუნალური ფართის გადაცემის შესახებ ქ. ბათუმის მერის 2002 წლის 12 დეკემბრის ¹141 დადგენილების არარად აღიარება და ქ. ბათუმის მერიის დავალდებულება ქ. ბათუმში, ... ქ. ¹6-ში მდებარე ¹6 საცხოვრებელი ბინის მოსარჩელის სახელზე პირვატიზების შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე (იხ. ს.ფ. 1-10).

რ. ი-ძის სარჩელი არ ცნეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 26-34; 38-45).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ი-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 137-143).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ი-ძემ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 147-154).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აპრილის განჩინებით რ. ი-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განჩინებით აპელანტ რ. ი-ძის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ საფუძვლით, რომ აპელანტს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ასევე არ ჰქონდა წარმოუდგენილი სააპელაციო საჩივრის სათანადო ოდენობის ასლები.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტსა და მის წარმომადგენელს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და ჩაჰბარდათ 2009 წლის 24 მარტს. 2009 წლის 31 მარტს რ. ი-ძის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ, რომელსაც ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 3 აპრილის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით. მითითებული განჩინება აპელანტსა და მის წარმომადგენელს ჩაჰბარდათ 2009 წლის 8 აპრილს. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 7-დღიანი ვადა იწურებოდა 2009 წლის 16 აპრილს, მაგრამ აღნიშნულის მიუხედავად აპელატმა ხარვეზი არ შეავსო.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 63-ე, 368.5 მუხლებით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული (იხ. ს.ფ. 172-174).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. ი-ძის წარმომადგენელმა დ. შ-ძემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აპრილის განჩინების გაუქმება შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განჩინების შესაბამისად, მან ხარვეზი შეავსო ნაწილობრივ, კერძოდ, წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად _ სააპელაციო საჩივრის სათანადო ოდენობის ასლების წარსადგენად საპროცესო ვადის გაგრძელება.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მასა და მის მარწმუნებელს არ ჩაჰბარებიათ საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რადგან რ. ი-ძე საერთოდ არ იმყოფებოდა საქართველოში, ხოლო მისი წარმომადგენლისათვის გაგზავნილი განჩინება ჩაჰბარდა არა ადრესატს, არამედ არაუფლებამოსილ პირს, რომელმაც არ გადასცა ადრესატს განჩინება.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნა (იხ. ს.ფ. 179).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ. ი-ძის წარმომადგენლის დ. შ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა იგი, კერძო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ 2009 წლის 3 აპრილის განჩინება რ. ი-ძესა და მის წარმომადგენელს დ. შ-ძეს გაეგზავნათ 2009 წლის 7 აპრილს და ჩაჰბარდათ 8 აპრილს (იხ. ს.ფ. 22-23), შესაბამისად, ხარვეზსი შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული 7-დღიანი ვადა ამოიწურა 2009 წლის 15 აპრილს, მაგრამ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესი, რადგან კერძო საჩივრის ავტორსა და მის წარმომადგენელს არ ჩაჰბარებიათ საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 3 აპრილის განჩინება, შესაბამისად, მათთვის უცნობი იყო ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ ვადის გაგრძელების შესახებ.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ აპელანტ რ. ი-ძეს არ ჩაჰბარდა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რადგან იგი არ იმყოფებოდა საქართველოში.

საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, რ. ი-ძის სახელზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაგზავნილი განჩინების ასლი ჩაჰბარდა მის მეუღლეს ლ. ჩ-ძეს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია განჩინება ადრესატისათვის ჩაბარებულად, რადგან სსსკ-ის 71.1 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაიგზავნა აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე. 74.1 მუხლის შესაბამისად, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში, სასამართლო დოკუმენტი ბარდება ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, რომელიც ვალდებულია დოკუმენტი დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. ამასთან, დოკუმენტის ჩაბარება მითითებული პირისათვის ითვლება ადრესატისათვის ჩაბარებად. სსსკ-ის 74.2 მუხლის შესაბამისად, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში, დოკუმენტის ჩამბარებელმა პირმა უნდა გააკეთოს აღნიშვნა სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კონკრეტულ შემთხვევაში, საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაჰბარდა რა რ. ი-ძის მეუღლეს, სსსკ-ის 74.1 მუხლის შესაბამისად, ჩაბარებულად ითვლება ადრესატისათვის, ხოლო საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებაზე სსსკ-ის 74.2 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, მინაწერი ადრესატის არყოფნის შესახებ არ არის გაკეთებული.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს უსაფუძვლობის გამო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ რ. ი-ძის წარმომადგენლისათვის – დ. შ-ძისათვის გაგზავნილი განჩინება ჩაჰბარდა არაუფლებამოსილ პირს, რომელსაც გზავნილი არ გადაუცია ადრესატისათვის.

საქმის მასალების თანახმად, სსსკ-ის 71.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, დ. შ-ძეს განჩინება გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, განჩინება ჩაჰბარდა კანცელარიის თანამშრომელს, სსსკ-ის 74.1 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, რომელიც ვალდებული იყო დაუყოვნებლივ ეცნობებინა ადრესატისათვის. ამ პირისათვის გზავნილის ჩაბარება ითვლება ადრესატისათვის ჩაბარებად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზაირებს განჩინების არაუფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარების შესახებ არგუმენტს, რადგან მხარის მიერ სასამართლოდან გაგზავნილი დოკუმენტების მისაღებად მითითებული იყო სამუშაო ადგილის მისამართი და უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ კანცელარიის თანამშრომელი არ იყო უფლებამოსილი ჩაებარებინა სასამართლოდან შესული დოკუმენტაცია ადრესატისათვის გადასაცემად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების მხარისათვის გაგზავნისა და ჩაბარებისას.

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს მიერ გზავნილები სსსკ-ის 71.1 და 73.1 მუხლების შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაგზავნამდე, აპელანტისა და მისი წარმომადგენლისათვის ჩასაბარებლად დოკუმენტები იგზავნებოდა იმავე მისამართზე და გზავნილი ბარდებოდა ადრესატს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილი ჩაბარების შესახებ შეტყობინებებით, ასევე აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ მისამართზე გაგზავნილი განჩინების შესაბამისად, აპელანტი მიმართავდა საკასაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების მიზნით. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებაც გაიგზავნა იმავე მისამართზე და აღნიშნული განჩინება ადრესატს ჩაჰბარდა. სააპელაციო სასამართლოს შეტყობინება გზავნილის ადრესატებისათვის ჩაუბარებლობის შესახებ არ მიუღია, რაც წარმოშობდა ალტერნატიული მისამართის მოძიებისა, ან გზავნილის ადრესატებისათვის ხელახლა გაგზავნის წინაპირობას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ი-ძის წარმომადგენლის – დ. შ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.