ბს-84-82(კს-09) 26 თებერვალი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 2 დეკემბერს საქართველოს თავდაცვიოს სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ე. კ-ის მიმართ და მოითხოვა მათ შორის დადებული კონტრაქტის 7.3 მუხლის თანახმად მოპასუხისათვის 2410.35 ლარის გადახდის დაკისრება თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, საქმე ¹2/5152-06 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის გამო მოპასუხე ე. კ-ის მიმართ, ზიანის ანაზღაურების შესახებ განსახილველად გადაეცა _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის გაერთიანებულ საქალაქო სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ მოტივით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება 2008 წლის 26 ნოემბერს ჩაბარდა ამავე სამინისტროს მთავარ სპეციალისტს ნ. ს-ეს. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწურებოდა 2008 წლის 10 დეკემბერს, სააპელაციო საჩივარი კი შეტანილ იქნა კანონით გათვალისწინებული 14 დღიანი ვადის დარღვევით, 2008 წლის 15 დეკემბერს. რაც სააპელაციო სასამართლოს მითითებით წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ მისი მხრიდან დარღვეული არ ყოფილა გასაჩივრების ვადა, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარდა საფოსტო უწყებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება _ დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა, ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. როგორც საქმის მასალებიდან დასტურდება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2008 წლის 26 ნოემბერს, შესაბამისად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწურებოდა 2008 წლის 10 დეკემბერს, როგორც იმავე საქმეში დაცული საფოსტო გზავნილების რეესტრიდან ირკვევა, თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2008 წლის 10 დეკემბერს, კანონით დადგენილ ვადაში. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაცული აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნოს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.