¹ბს-863-825(კს-09) 10 სექტემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ა. ღ-აია
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 12 მარტს ა. ღ-აიამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
განმცხადებლის მითითებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ¹4580-ჰ ბრძანების საფუძველზე ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პონქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი დისციპლინის უხეში დარღვევის გამო გათავისუფლდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა განყოფილების ... მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან.
აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, გ. კ-შვილის 2007 წლის 11 მაისის ¹01/02-07/2047 წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსს ზ. თ-ძემ მიმართა მოხსენებითი ბარათით, რომელშიც მითითებული იყო, რომ 2007 წლის 7 მაისს სავაჭრო ცენტრ ,,...’’ ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ობიექტ ¹215-ში გამოვლენილი იქნა სალარო აპარატის არგამოყენების ფაქტი, რის თაობაზეც მან შეადგინა შესაბამისი ოქმი. თ. თ-ძის განმარტებით, აღნიშნული ოქმის შედგენის მომენტში ა. ღ-აიამ დაურეკა მას და ახდენდა ზემოქმედებას, რათა არ შემდგარიყო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული მოხსენებითი ბარათი საფუძვლად დაედო ა. ღ-აიას გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემას.
2009 წლის 2 მარტს ა. ღ-აიასათვის ცნობილი გახდა, რომ უფროსი ინსპექტორი თ. თ-ძის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი იყო სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ ინსპექციის უფროსისათვის მოხსენებითი ბარათით არასწორი ინფორმაციის მიწოდებით. აღნიშნული ფაქტის შესახებ ა. ღ-აიამ შეიტყო მისი ყოფილი თანამშრომლის მეშვეობით. ა. ღ-აიამ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, სადაც იხილებოდა თ. თ-ძესა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის დავა და მოსამართლის თანაშემწის მეშვეობით მას გადაეცა თ. თ-ძის გათავისუფლების ბრძანების ასლი.
განმცხადელის განმარტებით, აღნიშნული ფაქტით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დაადასტურა, რომ ა. ღ-აიას გათავისუფლების ბრძანება გამოცემული იყო არასწორი ინფორმაციის საფუძველზე, ხოლო აღნიშნული ფაქტი რომ ყოფილიყო ცნობილი საქმის განმხილველი სასამართლოსათვის, გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ იქნებოდა მიღებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 აპრილის განჩინებით ა. ღ-აიას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ა. ღ-აიას მიერ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 აპრილის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ა. ღ-აიას კერძო საჩივარი და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ ახლად აღმოჩენილი გარემოება არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ მის თაობაზე მხარისათვის არ იყო ცნობილი.
კერძო საჩივრის ავტორი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2008 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად და ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომლის მიხედვითაც, მისთვის ცნობილი გახდა, რომ უფროსი ინსპექტორი თ. თ-ძის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი იყო სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ ინსპექციის უფროსისათვის მოხსენებითი ბარათით არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება არ შეიძლებოდა ყოფილიყო მიჩნეული ახლად აღმოჩენილ გარემოებად, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. ღ-აიასთან მობილური ტელეფონით საუბრის შინაარსის თაობაზე მოხსენებით ბარათში მოყვანილისაგან განსხვავებული ჩვენება მოწმე თ. თ-ძემ ჯერ კიდევ ა. ღ-აიას სარჩელის განხილვისას, 2007 წლის 31 ოქტომბრის სასამართლო კოლეგიის სხდომაზე მისცა. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება ცნობილი იყო სააპელაციო პალატისათვის, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი მუხლის ,,ვ’’ პუნქტის თანახმად, რომელზედაც აპელირებს განმცხადებელი, ახლად აღმოჩენილად შეიძლება ჩაითვალოს ის გარემოება, რომელიც ცნობილი არ იყო საქმის განმხილველი სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ზემოხსენებული ფაქტი საქმის განმხილველი სასამართლოსათვის რომ ყოფილიყო ცნობილი, სასამართლოს მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.
უდავოდ დადგენილია და თავად ა. ღ-აიაც არ უარყოფს, რომ სათანადო ინფორმაციის მისაღებად მეწარმის შემოწმების პროცესში მან დაურეკა თ. თ-ძეს. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ პუნქტის თანამად, საგადასახადო ორგანოს თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოპოვებული ინფორმაცია კონფიდენციალურია. ა. ღ-აიასათვის, რომელიც საგადასახადო სისტემის მუშაკი იყო, ამგვარი შეზღუდვის არსებობა ცნობილი იყო. ამისდა მიუხედავად, იგი შეეცადა მიეღო ინფორმაცია შემოწმების შედეგების შესახებ. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორედ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ა. ღ-აიას მიერ სამსახურებრივი დისციპლინის უხეშ დარღვევად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული ფაქტი არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების საფუძველს არ ქმნის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ღ-აიას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების იურიდიული საფუძველი, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 აპრილის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ღ-აიას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.