Facebook Twitter

¹ბს-868-830(კს-09) 10 სექტემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ რ. მ-ელი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

მესამე პირი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 17 თებერვალს რ. მ-ელმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მესამე პირების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიის მიმართ, ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით რ. მ-ელის სარჩელი მოპასუხე _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, მესამე პირების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიის მიმართ დაკმაყოფილდა; საქართველოს ეკონომიკური განითარების სამინისტროს დაევალა რ. მ-ელისათვის პროფდაავადებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიზნით 2005 წლის 18 მაისიდან ყოველთვიურად 418 ლარისა და 55 თეთრის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 მარტის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩირებულ იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 მარტის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

2009 წლის 19 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში საქმის განხილვისას რ. მ-ელმა განცხადება-შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო პალატას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის გამხმობისა და მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 მაისის განჩინებით რ. მ-ელის შუამდგომლობა, სარჩელის გამოხმობის თაობაზე, დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება და განუხილველად იქნა დატოვებული რ. მ-ელის სარჩელი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ, ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა რ. მ-ელის მიერ, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი განცხადება სარჩელის გამოხმობაზე უარის თქმის შესახებ გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ სააპელაციო პალატამ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე რამდენჯერმე გადადო სასამართლო სხდომა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში იხილებოდა ანალოგიური საქმეები, რომელთაც ექნებოდათ პრეიუდიციული ძალა რ. მ-ელის გადაწყვეტილებაზე.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ 2009 წლის 22 მაისს მისმა კოლეგებმა მიიღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დასაბუთრებული განჩინებები მსგავსი კატეგორიის დავებზე, რის შემდეგაც მოსარჩელე სააპელაციო სასამართლოში დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს და დაადგინა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ ჰქონდა წარმოდგენილი თანხმობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე შუამდგომლობასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც მან მიმართა სასამართლოს განცხადებით სარჩელის გამოხმობაზე უარის თქმის შესახებ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ სასამართლოს მიერ უკვე მიღებული იყო განჩინება სარჩელის გამოხმობის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 მაისის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული რ. მ-ელის კერძო საჩივარი და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2009 წლის 19 მაისს რ. მ-ელმა განცხადება-შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად სარჩელის გამოხმობა და მისი განუხილველად დატოვება მოითხოვა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

«საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» 2007 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის მიხედვითაც სარჩელის გამოხმობა დასაშვები გახდა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, რაც მოსარჩელეს უფლებას აძლევს სარჩელი გაიხმოს სააპელაციო ინსტანციაში საქმის წარმოების დროს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მის მიერ სარჩელის გამოხმობაზე უარის თქმის შესახებ განცხადების შეტანის დროს სააპელაციო სასამართლოში არ იყო წარმოდგენილი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე, ვინაიდან საქმის მასალებში დაცული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2009 წლის 22 მაისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის მიერ სააპელაციო პალატისათვის წარდგენილ იქნა განცხადება, რომლითაც მხარე დაეთანხმა რ. მ-ელის შუამდგომლობას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად სარჩელის გამოხმობისა და მისი განუხილველად დატოვების შესახებ, რის შემდეგაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მიღებულ იქნა განჩინება.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზეა რ. მ-ელის მხრიდან მის სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენა, რასაც მოპასუხე _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი 2009 წლის 22 მაისის წერილით დაეთანხმა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ. მ-ელის მოთხოვნა სარჩელის გამოხმობის თაობაზე აკმაყოფილებდა ზემოღნიშნული ნორმის მოთხოვნას. სააპელაციო სასამართლოში სარჩელის გამოხმობის თაობაზე შუამდგომლობის განხილვისას მხარის მიერ არ იყო წარმოდგენილი განცხადება სარჩელის გამოხმობაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესით, სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული და დაუბრუნდა იგი მოსარჩელეს.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ. მ-ელის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, სააპელაციო პალატის განჩინება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. მ-ელის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.