¹ბს-894-856 (კს-09) 27 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ე. ბ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები): 1.საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველო; 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახური; 3. ლ. ბ-შვილი
მესამე პირი: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 15 დეკემბერს დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ე. ბ-შვილმა, მოპასუხეების _ დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ლ. ბ-შვილის მიმართ. დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს წარმოებაში იმყოფებოდა ასევე ლ. ბ-შვილის სარჩელი, მოპასუხეების დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობის და დედოფლისწყაროს რაიონის მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ.
საქმის განხილვისას ლ. ბ-შვილმა უარი თქვა სარჩელის განხილვაზე და სასარჩელო მოთხოვნებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტით შესაბამისად მასთან მიმართებაში შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება, ხოლო მესამე პირის დამოუკიდებელი მოთხოვნით ე. ბ-შვილის სარჩელი და ე. ბ-შვილის 2005 წლის 15 დეკემბრის სარჩელი გაერთიანდა ერთ წარმოებად.
2006 წლის 05 აპრილის მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ წარმოადგენილ იქნა დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც მან მოითხოვა: დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 2005 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების (ოქმი ¹19) და დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობის 2005 წლის 2 ნოემბრის ¹158 დადგენილების ლ. ბ-შვილისათვის კონტურ ¹420 იჯარით გაცემული საიჯარო ფართობის ნაცვლად ¹419 კონტურის ჩაწერის ნაწილში ბათილად ცნობა; ასევე ლ. ბ-შვილისა და დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობის შორის 2003 წლის 14 თებერვალს გაფორმებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების ¹136/03 კონტური ¹420-ის კონტურ ¹419-ით განხორციელებული ცვლილების და სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ხელშეკრულების ცვილებების რეგისტრაციის გაუქმება; ლ. ბ-შვილისათვის კონტურ ¹419_ში ე. ბ-შვილის სახელზე გაცემული სახნავი საიჯარო მიწის ფართობით სარგებლობის აკრძალვა და კახეთის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოსათვის ე. ბ-შვილის სასოფლო-სამეურნეო ¹419 კონტურზე საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების დავალება.
საქმის განხილვის დროს მოპასუხე დედოფლისწყაროს გამგეობა და იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის ნაცვლად ჩაება სათანადო მოპასუხე კახეთის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ე. ბ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ ე. ბ-შვილმა სასარჩელო მოთხონით მიმართა დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გამგეობის დადგენილების გაუქმება და კონკურსის შედეგების ბათილობა, რაც დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს 2003 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ იქნა დაკმაყოფილებული, აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ბ-შვილმა. სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილება.
სასამართლომ აგრეთვე დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ მოსარჩელე ე. ბ-შვილისა და გამგეობას შორის საიჯარო ურთიერთობა არ გაფორმებულა, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ცნობით დადასტურდა.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული გარიგება შეიძლება დაიდოს მხოლოდ წერილობითი ფორმით. ამასთან, «მიწის რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წარმოშობილი უფლებები იურიდიულ ძალას იძენს სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ.
სასამართლომ, ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ_სამართლებრივი აქტი ბათილია,თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები და მიიჩნია, რომ მოპასუხე დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობის მოქმედება არ ეწინააღმდეგებოდა კანონს და შესაბამისად არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ბ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ე. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და ე. ბ-შვილის სარჩელზე შეწყდა საქმისწარმოება დაუშვებლობის მოტივით.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა» და “ბ» პუნქტების და 394-ე მუხლის “ე» პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა» პუნქტის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა, პირველი ინსტაციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და დასკვნებს და განმარტა:
ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა» პუნქტი შესაბამისად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. ამავე კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგნილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალოდ (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონდ ზღუდავს მის უფლებას.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 2000 წლის 15 სექტემბრის ¹36 ოქმით (ტ. I, ს.ფ. 13-15) ე. ბ-შვილს გამოეყო 19,4 ჰა სახნავი ¹419-ე კონტურში და 11,48 ჰა სახნავი ¹418-ე კონტურში, ხოლო დედოფლისწყაროს გამგეობის 2000 წლის 8 დეკემბრის ¹66 დადგენილებით (ტ. I, ს.ფ. 16) დამტკიცდა კომისიის სხდომის ოქმი და მოიჯარეებს მიეცათ ერთი თვის ვადა საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში გაცემული ფართობი დაექვემდებარებოდა ხელახალ გადაწყვეტილებას. აღნიშნული ე. ბ-შვილს კანონით დადგენილ ვადაში არ განუხორციელებია, რასაც ადასტურებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის წერილი, რომლის თანახმად, ე. ბ-შვილის სახელზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება საერთოდ არ ყოფილა რეგისტრირებული (ტ. I, ს.ფ. 40). დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობის 2002 წლის 16 სექტემბრის ¹110 დადგენილებით მოსარჩელე ე. ბ-შვილს 30,9 ჰა მიწის ფართობზე შეუწყდა საიჯარო ურთიერთობა საიჯარო ქირის (მიწის გადასახადის) გადაუხდელობის გამო.
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ბ-შვილმა მიმართა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს და მოითხოვა საჯარო ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გამგეობის 2002 წლის 16 სექტმბრის ¹110 დადგენილების გაუქმება და კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა, აღნიშნული მოთხოვნა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა (ტ. იი, ს.ფ. 113-118), რაც ძალაში დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 08 ივნისის განჩინებით (ტ.იი, ს.ფ. 101-108).
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. ბ-შვილი არ წარმოადგენს სადავო მიწის ნაკვეთზე რაიმე უფლების მქონე პირს, ვინაიდან საქმის მასალებში არ მოიპოვბა რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა სადავო ნაკვეთზე მოსარჩელე ე. ბ-შვილის რაიმე უფლებას. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა თუ რა პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანი მიადგა მოსარჩელეს კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან რითი შეიზღუდა მისი უფლება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, სააპელაციო პალატამ მიიღო განჩინება, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262_ე მუხლის მე_5 ნაწილის თანახმად დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ე. ბ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ შეწყვიტა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი სრულიად უსაფუძვლოდ განუხილველად იქნა დატოვებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ე. ბ-შვილის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი გარემოებები:
დედოფლისწყაროს გამგეობის 2000 წლის 8 დეკემბრის ¹66 დადგენილებით (ტ. I, ს.ფ. 16) დამტკიცდა კომისიის სხდომის ოქმი და მოიჯარეებს მიეცათ ერთი თვის ვადა საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში გაცემული ფართობი დაექვემდებარებოდა ხელახალ გადანაწილებას. აღნიშნული ვალდებულება ე. ბ-შვილს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 2000 წლის 15 სექტემბრის ¹36 ოქმით (ტ. I, ს.ფ. 13-15) გამოყოფილი 19,4 ჰა სახნავი ¹419-ე კონტურში და 11,48 ჰა სახნავი ¹418-ე კონტურში, მიწის მიმართ კანონით დადგენილ ვადაში არ განუხორციელებია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის წერილის თანახმად, ე. ბ-შვილის სახელზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება საერთოდ არ ყოფილა რეგისტრირებული (ტ. I, ს.ფ. 40). დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობის 2002 წლის 16 სექტემბრის ¹110 დადგენილებით მოსარჩელე ე. ბ-შვილს 30,9 ჰა მიწის ფართობზე შეუწყდა საიჯარო ურთიერთობა საიჯარო ქირის (მიწის გადასახადის) გადაუხდელობის გამო. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. ბ-შვილმა მიმართა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს და მოითხოვა საჯარო ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გამგეობის 2002 წლის 16 სექტმბრის ¹110 დადგენილების გაუქმება და კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა, აღნიშნული მოთხოვნა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა (ტ. II, ს.ფ. 113-118), რაც ძალაში დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 08 ივნისის განჩინებით (ტ.II, ს.ფ. 101-108).
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ე. ბ-შვილმა ვერ შეძლო დაედასტურებია წარმოეშვა თუ არა რაიმე უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობის 2002 წლის 16 სექტემბრის ¹110 დადგენილებით საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელემ საქმის წარმოების ვერცერთ ეტაპზე და ვერც კერძო საჩივრით ვერ დაასაბუთა თუ რა პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანი მიადგა მოსარჩელეს კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან რითი შეიზღუდა მისი უფლება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია. რაც შეეხება კერძო საჩივარში ე. ბ-შვილის მიერ მითითებულ გარემოებებს, მათ საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან მათ გააჩნიათ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შემოწმებისათვის მამტკიცებელი ხასიათი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივრით ვერ იქნა დადასტურებული სადავო მიწის ნაკვეთის მიმართ ე. ბ-შვილის რაიმე უფლების არსებობა და გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მისთვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტი, რაც გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. ბ-შვილის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. ბ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.