Facebook Twitter

ბს-898-860(კს-09) 29 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელეები) _ ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგები

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ ქ. ქუთაისის მერია, ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი

მესამე პირი _ ქ. ქუთაისის საკრებულო

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 23 დეკემბერს ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის პედაგოგებმა _ თ. ა-ძემ, ი. ჟ-იანმა, მ. ჭ-შვილმა, თ. ა-იანმა და სხვებმა (სულ 93-მა პირმა) სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 2007 წლის მაისი-დეკემბრის თვეებში მუშაობდნენ მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, რომელიც ფინანსდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მხარეებმა აღნიშნეს, რომ სამუსიკო სასწავლებელს მათ მიმართ გააჩნდა სახელფასო დავალიანება, რის გამოც ითხოვდნენ, ქ. ქუთაისის მერიას დაკისრებოდა 2007 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგთა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილისა და 26 ივნისის გადახდის ბრძანებების შესაბამისად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგების _ თ. ა-იანის, თ. ა-ძის, მ. გ-ულის, მ. ფ-ძის, თ. ს-ძის, თ. ქ-ძის, ე. ფ-შვილისა და სხვათა სარჩელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ მოსარჩელეებს და ჩაბარდა მოსარჩელე ქ. ბ-ძეს 2009 წლის 1 აპრილს, ხოლო მ. გ-ულს _ 2009 წლის 11 თებერვალს.

2009 წლის 4 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგების მიერ წარდგენილ იქნა სააპელაციო საჩივარი, რომელიც საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 20 მაისის განჩინებით ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგთა სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი ერთ-ერთ მოსარჩელეს _ ქ. ბ-ძეს ჩაბარდა პირადად 2009 წლის 1 აპრილს.

ასევე სააპელაციო სასამართლომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებაზე გაკეთებული მინაწერით დადასტურებულად მიიჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი 2009 წლის 11 თებერვალს ჩაბარდა მოსარჩელე მ. გ-ულს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ, მართალია, საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელეთა წარმომადგენლის _ ა. ბ-ძის მიერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილების ასლის 2009 წლის 22 აპრილს ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მარწმუნებლებს (ქ. ბ-ძესა და მ. გ-ულს) გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდათ 2009 წლის 11 თებერვალს, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით გადაწყვეტილება წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლებოდა 2009 წლის 11 თებერვალს, რის გამოც ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სამუსიკო სკოლის პედაგოგთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგების წარმომადგენლის _ ა. ბ-ძის მიერ.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მ. ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის 93 პედაგოგი სასამართლოში დავას აწარმოებდა სათანადო რწმუნებით, მისი უშუალო ხელმძღვანელობით, რის გამოც სასამართლო ვალდებული იყო შესაბამისი გადაწყვეტილება ჩაებარებინა მისთვის, როგორც მოსარჩელეთა წარმომადგენლისათვის. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, დადასტურებულია, რომ მას გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2009 წლის 22 აპრილს. მხარის განმარტებით, ერთ-ერთი მარწმუნებლისათვის გადაწყვეტილების ჩაბარება შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის მოთხოვნაზე უარის თქმით და არა მთელი მოსარჩელეების სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად, რამდენადაც ქ. ბ-ძესა და მ. გ-ულს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სხვა პედაგოგების მიერ გაცემული არ ჰქონიათ. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების ათვლა უნდა დაწყებულიყო 2009 წლის 22 აპრილიდან, რა შემთხვევაშიც, მას როგორც წარმომადგენელს სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა დარღვეული არ ჰქონდა.

აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, ა. ბ-ძემ კერძო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 20 მაისის განჩინების გაუქმება და არსებითი განხილვისათვის საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სკოლის პედაგოგთა წარმომადგენლის, ა. ბ-ძის კერძო საჩივარი და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით გაეგზავნა მოსარჩელეებს სარჩელში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ერთ-ერთ მოსარჩელეს _ ქ. ბ-ძეს 2009 წლის 1 აპრილს.

საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ მოსარჩელეთა მიერ სარჩელში ძირითად მისამართად მითითებულია ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სკოლის მისამართი, რომელიც წარმოადგენს მოსარჩელეთა სამუშაო ადგილის მისამართს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლო უწყება (გზავნილი) ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის) ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებზე მითითებით განმარტავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება გაგზავნილი იყო ყველა მოსარჩელის _ ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგების სახელზე (ს.ფ. 104). შესაბამისად, მოსარჩელემ _ ქ. ბ-ძემ ჩაიბარა რა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება, იკისრა ვალდებულება, აღნიშნული გადაწყვეტილება გადაეცა ყველა მოსარჩელისათვის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. ამასთან, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს უწყების მიმღები პირის ვალდებულებას, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნათ მოსარჩელეებს მათ მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ერთ-ერთ მოსარჩელეს _ ქ. ბ-ძეს, ხოლო გზავნილის მიმღებმა პირმა ჩაიბარა რა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება, თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა, გზავნილი გადაეცა ყველა ადრესატისათვის. ამასთან, ხსენებული გზავნილით არ დასტურდება, რომ მან უარი განაცხადა გზავნილის მიღებაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაგზავნილი გადაწყვეტილების ჩაბარება ერთ-ერთი მოსარჩელისათვის _ ქ. ბ-ძისათვის, ითვლება გადაწყვეტილების ყველა მოსარჩელისათვის ჩაბარებად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მხარეთათვის დადგენილია ვადები ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესასრულებლად, ასევე დადგენილია კანონით დადგენილ ვადაში საპროცესო მოქმედების, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრების, შეუსრულებლობის შედეგი _ თუ მხარემ კანონით დადგენილ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება _ არ გაასაჩივრა სასამართლო გადაწყვეტილება (განჩინება), იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების ასლი უნდა გადაეცეს მხარეს. ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება მითითებული კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული მუხლი ატარებს იმპერატიულ ხასიათს და გასაჩივრების ვადის ათვლას ცალსახად უკავშირებს გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების მომენტს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სასამართლო მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უგზავნის იმ გადაწყვეტილებების, განჩინებების ან ბრძანების ასლს, რომელიც ექვემდებარება გასაჩივრებას იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი _ წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ერთ-ერთ მარწმუნებელზე ჩაბარება შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ მის მოთხოვნაზე უარის თქმის და არა ყველა მოსარჩელისათვის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგების წარმომადგენლის _ ა. ბ-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, სააპელაციო პალატის განჩინება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგების წარმომადგენლის _ ა. ბ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.