¹ბს-912-874 (კს-09) 9 სექტემბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ს. ჩ-უა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები _ 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა
2. სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახური
3. რ. ჩ-უა (მოპასუხეები)
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის მონაცემებში შესაბამისი ცვლილების შეტანა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ს. ჩ-უამ 2008 წლის ოქტომბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურისა და რ. ჩ-უას მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი 2002 წლის 17 დეკემბრის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება სამტრედიის რაიონის გამგეობასა და რ. ჩ-უას შორის 1007 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ასევე 2004 წლის 18 მარტის ¹152/2004 რ. ჩ-უას სახელზე გაცემული მიწის საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა და 1702 და 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთების მესაკუთრედ დარეგისტრირება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი 2002 წლის 17 დეკემბრის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება სამტრედიის რაიონის გამგეობასა და რ. ჩ-უას შორის 1007 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე; უარი ეთქვა მოსარჩელეს 2004 წლის 18 სექტემბრის ¹152/2004 რ. ჩ-უას სახელზე არსებული მიწის საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის და 1702 და 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთების მესაკუთრედ დარეგისტრირების მოთხოვნაზე. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას და რ. ჩ-უას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 50 ლარის გადახდა სოლიდარულად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ჩ-უამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის განჩინებით ს. ჩ-უას და მისი წარმომადგენლის ჯ. შ-იას სააპელაციო საჩივარი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების ასლი 2009 წლის 31 მარტს გაეგზავნა ს. ჩ-უას და 2009 წლის 2 აპრილს ჩაბარდა ს. ჩ-უას წარმომადგენელს ჯ. შ-იას.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად განემარტა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე; ხოლო ადმინიტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი _წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი და ამავე კოდექსის 63-ე მუხლი; ამ ნორმის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მითითებული გადაწყვეტილება 2009 წლის 2 აპრილს ჩაბარდა ს. ჩ-უას წარმომადგენელს ჯ. შ-იას, რომელსაც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა ამოეწურა 2009 წლის 16 აპრილს, სააპელაციო საჩივარი კი შეტანილ იქნა კანონით გათვალისწინებული 14 დღიანი ვადის დარღვევით.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ს. ჩ-უამ და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები, რომელიც არეგულირებს მხარეებზე უწყების და არა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას; კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლი, რომლის მიხედვით მხარეებს თავიანთი განცხადების საფუძველზე გადაეცემათ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლები არაუგვიანეს 3 დღისა განცხადების შემოტანიდან.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების ასლი გაუგზავნა მისი წარმომადგენლის, მისი მეუღლის მ. ჩ-უას წარმომადგენელს ადვოკატ ჯ. შ-იას, ხოლო მას და მის მეუღლეს კი ასლები არ გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით. იმის გამო, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი არც მას და არც მის წარმომადგენელს, მის მეუღლეს, მ. ჩ-უას არ ჩაბარებიათ, კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ გასაჩივრების ვადა არ უნდა ჩაითვალოს გაშვებულად და სააპელაციო საჩივარი ცნობილი იქნეს დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ს. ჩ-უას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელი უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა. ამ ნორმის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი _წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზანილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სამტრედის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება ს. ჩ-უას გაეგზავნა 2009 წლის 31 მარტს (ტ1.სფ.302) და მის წარმომადგენელს_ჯ. შ-იას ჩაბარდა 2009 წლის 2 აპრილს (ტ.1.სფ.207). ამიტომ მოცემული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დინება დაიწყო 2009 წლის 3 აპრილს და ამოიწურა 2009 წლის 16 აპრილს, რომელიც იყო სამუშაო დღე_ხუთშაბათი. ს. ჩ-უამ სააპელაციო საჩივარი სამტრედიის რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2009 წლის 1 მაისს (ს.ფ. 310). ამდენად, ს. ჩ-უამ დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით განსაზღვრული 14 დღიანი ვადა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ტI. სფ.143 წარმოდგენილ მინდობილობაზე, რომლითაც ს. ჩ-უამ ჯ. შ-იას მიანიჭა უფლებამოსილება გაასაჩივროს ნებისმიერი აქტი (გადაწყვეტილება, განჩინება), შეიტანოს საჩივარი სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, აწარმოოს საქმე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. ეს მინდობილობა გაცმულია 2008 წლის 12 დეკემბერს და იგი ძალაშია 2011 წლის 12 დეკემბრამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია, რის გამოც ს. ჩ-უას კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. არ დაკმაყოფილდეს ს. ჩ-უას კერძო საჩივარი;
2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.