¹ბს-937-897 (კს-09) 23 სექტემბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. ტ-ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.09წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
06.01.06 წ. ა. ტ-ძემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 01.10.2005 წ. ¹2660 ბრძანების ბათილად ცნობა, დაუყოვნებლივ თანამდებობაზე აღდგენა, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება და ამ დროის ნამსახურების წლებში ჩათვლა მოითხოვა. საქმის განხილვისას ა. ტ-ძემ გაზარდა სარჩელის მოთხოვნა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 19.10.05 წ. ¹2730 ბრძანების ბათილობა მოითხოვა.
საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ, საბოლოოდ პირველ ინსტანციაში საქმის ხელახალი განხილვისას ა. ტ-ძემ შემცირა სარჩელის მოთხოვნა. საბოლოოდ ა. ტ-ძემ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 19.10.05 წ. ¹2730 ბრძანების ბათილობა, სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.09.08 წ. გადაწყვეტილებით ა. ტ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. 16.04.09 წ. ა. ტ-ძის წარმომადგენელმა ა. ს-ძემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ. განმცხადებელმა განმარტა, რომ 12.09.08 წ. გადაწყვეტილება ჩაბარდა ა. ტ-ძის დედას, ხოლო მას, როგორც მის წარმომადგენელს გადაწყვეტილება არ ჩაბარებია. ა. ტ-ძის დედამ ვერ შეძლო ეცნობებია ა. ტ-ძისათვის სასამართლოდან მისული დოკუმენტის შესახებ, ვინაიდან იგი 2008 წლის 25 აგვისტოდან 2009 წლის 4 აპრილამდე მონაწილეობას იღებდა ტაძრის მშენებლობაში მცხეთის რაიონის სოფ. ..., სადაც არ არსებობს საკომუნიკაციო საშუალებები. აღნიშნული განცხადება 13.05.09 წ. განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.09 წ. განჩინებით ა. ტ-ძის წარმომადგენლის ა. ს-ძის განცხადება დარჩა განუხილველი. 10.06.09 წ. ა. ტ-ძის წარმომადგენელმა ა. ს-ძემ კერძო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას, რითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.09 წ. განჩინების გაუქმება და 12.09.08 წ. გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო ვადის აღდგენა მოითხოვა. ვინაიდან კერძო საჩივრის წარდგენის დროისათვის წარმომადეგნელი არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებია რაიმე საპროცესო მოქმედება მარწმუნებლის სახელით 12.02.07 წ. გაცემული რწმუნებულების ვადის გასვლის გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 09.07.09 წ. განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების მიზნით კერძო საჩივარი წარმოდგენილი იქნა ა. ტ-ძის მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ა. ტ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. ტ-ძეს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.09.08წ. გადაწყვეტილება გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით საქმეში მითითებულ მისამართზე, კერძოდ ჭიათურის რაიონი, სოფ. .... საფოსტო გზავნილი 26.09.08 წ. ჩაიბარა ა. ტ-ძის დედამ თ. ტ-ძემ (იხ. ს.ფ. 233).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სსკ-ის 70-ე მუხლის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74.1 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. სსსკ-ის 74-ე მუხლის ეს ნაწილი ითვალისწინებს ასევე ადრესატის არყოფნის შემთხვევაში უწყების მიმღები პირის ვალდებულებას უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს.
შესაბამისად, თ. ტ-ძისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.09.08წ. გადაწყვეტილების ჩაბარება ითვლება მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებად, ვინაიდან გადაწყვეტილება გაგზავნილია საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ოჯახის წევრს _ მოსარჩელის დედას. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ დედას არ შეეძლო მის ადგილსამყოფელზე დროულად დაკავშირება არ წარმოადგენს სსსკ-ის 65-66-ე, 215.3 მუხლებით გათვალისწინებულ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძველს, ვინაიდან სსსკ-ის 59-ე მუხლი ითვალისწინებს საპროცესო მოქმედების კანონით დადგენილ ვადაში შესრულების ვალდებულებას. აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადა არის აღმკვეთი და მისი გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრება წარმოადგენს სწორედ ისეთ საპროცესო მოქმედებას, რაზეც სსსკ-ის 65-66-ე მუხლებით დადგენილი საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობა ვერ გავრცელდება. ამდენად, სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია, რომ განცხადების ავტორის მოთხოვნა იყო უსაფუძვლო, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. განსახილველ შემთხვევაში მხარემ გაუშვა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადა და ამ ვადის აღდგენა დაუშვებელია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა ა. ტ-ძის განცხადების მოთხოვნა და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ტ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.09წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.