ბს-938-898(კს-09) 9 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2002 წლის 10 ივლისს ვ. ხ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა შრომითი დასახიჩრების გამო დაკისრებული სარჩოს დავალიანებისა და ყოველთვიური სარჩოს თანხის გადახდევინება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 2 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისია.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. ხ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20673,44 ლარის ერთჯერადად გადახდა; ასევე, მოსარჩელეს დაენიშნა ყოველთვიური სარჩო 1292,09 ლარის ოდენობით მდგომარეობის შეცვლამდე.
2008 წლის 18 ივლისს ვ. ხ-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მოვალედ, ნაცვლად ლიკვიდირებული საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციისა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მითითება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 მარტის განჩინებით ვ. ხ-შვილის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების წესი შეიცვალა შემდეგნაირად: მოვალედ ნაცვლად ლიკვიდირებული საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციისა, მიეთითა მისი უფლებამონაცვლე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ვ. ხ-შვილის მოთხოვნაზე სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის თაობაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 აპრილის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე და კერძო საჩივრის ავტორს დაევალა 5 დღის ვადაში წარმოედგინა კერძო საჩივარზე ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მაისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და კერძო საჩივრის განხილვის მიზნით საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414_420-ე მუხლებით დადგენილია კერძო საჩივრის განხილვის წესი და პირობები, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი კერძო საჩივრის თაობაზე განსხვავებულ წესს არ ითვალისწინებს, ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები.
მითითებული კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუშვებელია, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 მარტის განჩინებაზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კერძო საჩივრის საფუძველზე, იმსჯელა ზემდგომმა _ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომლის განჩინებაც, ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე წარმოადგენს სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო პროცესუალურ აქტს და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, რაზედაც მიუთითებს თავად გასაჩივრებული განჩინებაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 მაისის განჩინებაზე დაუშვებელია, რის გამოც განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2 საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.