Facebook Twitter
ბს-942-906(კს-08) 21 მაისი, 2009წ

ბს-942-906(კს-08) 21 მაისი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ამირან ბარბაქაძის მეუღლის _ მ. ჩ-ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.08წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ბ-ძემ 01.03.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ და მოითხოვა 1976-2004 წლებში პროკურატურის ორგანოებში მუშაობის პერიოდის შრომის სტაჟში ჩათვლა და მოპასუხისათვის პროკურატურის ხაზით პენსიის დანიშვნა 2004 წელს მოქმედი კანონის შესაბამისად სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.01.07წ. გადაწყვეტილებით ა. ბ-ძის სარჩელი მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე ა. ბ-ძეს უარი ეთქვა მოპასუხის მიმართ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სტაჟირების შემდგომი პერიოდის 2 თვისა და 17 დღის შრომით სტაჟში ჩათვლის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულებაზე; მოსარჩელე ა. ბ-ძეს უარი ეთქვა მოპასუხის მიმართ 1986 წლის 7 იანვრიდან 1988 წლის 6 დეკემბრამდე უკანონოდ დათხოვნის პერიოდის შრომის სტაჟში ჩათვლის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-ძემ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოითხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.

08.01.08წ. ა. ბ-ძე გარდაიცვალა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.08წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის წარმოება შეწყდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალება, თუ სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია დროის პერიოდის შრომით სტაჟში ჩათვლა. ნამსახურობის წლების შრომის სტაჟში ჩათვლის უფლება პირადი ხასიათისაა, ეკუთვნის მხოლოდ მოსარჩელეს, მემკვიდრეობით არ გადადის და პიროვნების გარდაცვალების შემდეგ წყდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-19 მუხლი პირის გარდაცვალების შემთხვევაში მხოლოდ ამ კოდექსის მე-18 მუხლით დადგენილ პირად უფლებათა დაცვის შესაძლებლობას ითვალისწინებს. მოცემული სარჩელის საგანი, დროის პერიოდის შრომით სტაჟში ჩათვლის უფლება, არ შედის ამ ჩამონათვალში. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მართალია, მოსარჩელის მიერ პროკურატურის ორგანოებში მუშაობის სტაჟს, სხვა სათანადო პირობების არსებობისას, შესაძლებელია შემხებლობა ჰქონდეს მისი ოჯახის წევრთა საპენსიო უფლებებთან, მაგრამ ეს სხვა სუბიექტთა დამოუკიდებელი უფლებაა, რომელიც დამოუკიდებელი დავის საგანი შეიძლება იყოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.08წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ბ-ძის მეუღლემ – მ. ჩ-ძემ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის დადგენა მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა შეეჩერებინა საქმის წარმოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, ვინაიდან სადავო-სამართალურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას. მ. ჩ-ძე არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე, 272-ე და 279-ე მუხლების მოთხოვნებს, რადგან უფლებამონაცვლეობა მოცემულ შემთხვევაში დასაშვებია და ესეც რომ არ იყოს, გარდაცვლილის მეუღლეს არ უნდა აღეკვეთოს უფლება, წარადგინოს თავისი მოსაზრება სასამართლოში იმ საქმეზე, რომელიც აწ გარდაცვლილმა სიცოცხლეში დაიწყო და მოულოდნელი გარდაცვალების გამო აღმოჩნდა გასული სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მართებული იქნებოდა საქმის წარმოების შეჩერება, თუნდაც სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ექვსთვიანი ვადით მაინც და ამის შემდეგ სასამართლო სხდომაზე უფლებამონაცვლეობის საკითხის მემკვიდრის მონაწილეობით განხილვა იმის დასადგენად – არის თუ არა შესაძლებელი უფლებამონაცვლეობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა მ. ჩ-ძის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვ.) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესებში უფლებამონაცვლეობის საფუძველია სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. საპროცესო უფლებამონაცვლეობა გულისხმობს მხარეებისა და მესამე პირების შეცვლას იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველს ქმნის უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა და ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ იღებს თავის თავზე წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. ბ-ძის სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა დროის გარკვეული პერიოდის ჩათვლა შრომით სტაჟში და პენსიის დანიშვნა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპენსიო თანხასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობებში დასაშვებია უფლებამონაცვლეობა, რაც დასტურდება თუნდაც «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონის 32.1 მუხლით, რომლის თანახმად კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტაპენდია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველს განსაზღვრავს მატერიალური კანონი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შრომის სტაჟში გარკვეული პერიოდის ჩათვლას მოსარჩელე მოითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან – 2004 წლის 2 ნოემბრიდან პენსიის დანიშვნის მიზნით. კერძო საჩივრის ავტორი – მ. ჩ-ძე ითხოვდა საპროცესო უფლებამონაცვლეობის დადგენამდე საქმის წარმოების შეჩერებას, ვინაიდან მიაჩნდა რომ მხარის მიერ მოთხოვნილი პენსიით სარგებლობის უფლება აქვთ მისი ოჯახის წევრებს. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ა. ბ-ძის სასარჩელო მოთხოვნის – შრომის სტაჟის დაანგარიშების მიზანი იყო პენსიის დანიშვნა მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან, ამასთანავე გარდაცვალება კომპენსაციის შემდგომი გაცემის შეწყვეტის საფუძველია, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ დავაზე უფლებამონაცვლეობა დასაშვებია იმ ნაწილში, რომელიც ეხება ა. ბ-ძის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან – 2004 წლის 2 ნოემბრიდან მისი გარდაცვალების დღემდე, 2008 წლის 8 იანვრამდე, პენსიის დანიშვნის და საპენსიო თანხის გაცემის დავალების მოთხოვნის და მაშასადამე შრომის სტაჟში სადავო პერიოდის ჩათვლის ნაწილში. სსკ-ის 92-ე მუხლში ამომწურავი ჩამონათვალის სახით არ არის განსაზღვრული საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლები. ხსენებული მუხლი აწესებს საპროცესო უფლებამონაცვლეობის ზოგად პარინციპს – სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობებიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, ასეთი ვითარება შეიქმნა ა. ბ-ძის გარდაცვალების შედეგად, რის გამოც მისი უფლებები გადაეცა მის მემკვიდრეს, ამდენად არსებობდა სსკ-ის 279-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი.

საქმის მასალების მიხედვით საქმის წარმოება შეწყდა 272-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის საფუძველზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტა არ გულისხმობს დავის არსებით გადაწყვეტას, საქმის წარმოება წყდება საქმეზე გადაწყეტილების გამოტანის გარეშე. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი საქმეზე წარმოების შეწყვეტასთან ერთად შეიცავს მითითებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, ა. ბ-ძის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან _ 2004 წლის 2 ნოემბრიდან, მისი გარდაცვალების დღემდე _ 2008 წლის 8 იანვრამდე საპენსიო თანხის მოთხოვნის ნაწილში პროცესუალური კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით საქმეში უნდა ჩააბას აწგარდაცვლილის ა. ბ-ძის მემკვიდრე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ამ საქმის არსებითად განხილვამდე საპროცესო უფლებამონაცვლის ჩასაბმელად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 274-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ჩ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.08წ. განჩინება შრომის სტაჟში დროის პერიოდის ჩათვლისა და სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან (02.11.04წ) ა. ბ-ძის გარდაცვალების დღემდე (08.01.08წ.) პენსიის დანიშვნისა და კომპენსაციის თანხის მოთხოვნის თაობაზე საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში და საპროცესო უფლებამონაცვლის ჩაბმის საკითხის გადასაწყვეტად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.