ბს-956-915(კს-09) 15 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) _ მ. და ჯ. ხ-ძეები
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა
მესამე პირები _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხულოს სარეგისტრაციო სამსახური, გ. და ა. ს-ძეები
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 7 დეკემბერს მ. და ჯ. ხ-ძეებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს შუახევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სხალთის თემის საკრებულოს მიმართ.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ხულოს რაიონის სოფ. ... უბან ,,...” მდებარე 0,80 ჰა მიწის ნაკვეთით სარგებლობდნენ, ფლობდნენ და ამუშავებდნენ მრავალი წლის მანძილზე. 1989 წლიდან ხ-ძის ძირითად კომლს გამოეყო მ. ხ-ძე და მოითხოვა აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრებით გადაცემა, თუმცა მას სხალთის საკრებულომ უარი უთხრა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მ. ხ-ძის სასარგებლოდ ხულოს რაიონის სოფ. ... უბან ,,...” მდებარე 0,80 ჰა მიწის ნაკვეთის საკუთრებით აღიარება და მატერიალური ზიანის _ 475 ლარის ანაზღაურება მოითხოვეს.
ხულოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 მაისის განჩინებით მოპასუხის მხარეზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ხულოს რაიონის გამგეობა და ხულოს რაიონის სოფ. ... მცხოვრები გ. ს.ძე, ა. ს-ძე და ზ. ს-ძე.
ხულოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ჯ. ხ-ძეს და მ. ხ-ძეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჯ. და მ. ხ-ძეებმა, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 იანვრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჯ. და მ. ხ-ძეების სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ხულოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ხულოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 თებერვლის განჩინებით მოპასუხის მხარეზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხულოს სარეგისტრაციო სამსახური.
მოსამართლის აცილების გამო, საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მალხაზ გურულის მიერ გაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ. და მ. ხ-ძეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. და ჯ. ხ-ძეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2009 წლის 21 მაისის განჩინებით მიიჩნია, რომ ჯ. და მ. ხ-ძეების სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეორე, მეოთხე და მეხუთე ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ იყო წარმოდგენილი იმდენი ასლის დართვით რამდენი მხარეც იყო საქმეში. ამასთან, აპელანტთა მიერ არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აგრეთვე სააპელაციო საჩივარს თან არ ახლდა მის შეტანაზე ჯ. ხ-ძის მიერ გ. გ-ძის სახელზე გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული გარემოებები სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ხარვეზად და ჯ. და მ. ხ-ძეებს ხსენებული ხარვეზის გამოსასწორებლად 7 დღის ვადა დაუწესა. ამასთან, აპელანტებს განემარტათ, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მათი სააპელაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
2009 წლის 5 ივნისს ჯ. და მ. ხ-ძეებმა ხარვეზის შევსების მიზნით საბუთები წარადგინეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ივნისის განჩინებით ჯ. და მ. ხ-ძეების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ჯ. და მ. ხ-ძეებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი ჩაჰბარდათ 2009 წლის 27 მაისს, ხოლო მათ წარმომადგენელს _ 2009 წლის 23 მაისს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეების მიერ ხარვეზის შევსება უნდა მომხდარიყო 2009 წლის 2 ივნისამდე, მაშინ როდესაც წარმომადგენელმა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ საფოსტო განყოფილებას ჩააბარა 2009 წლის 5 ივნისს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება (განჩინება) მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდა ერთ-ერთ მათგანს, აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტების წარმომადგენლის, გულნარა გურგენიძისათვის ხარვეზის შესახებ განჩინების ასლის ჩაბარება ნიშნავდა აპელანტებისათვის მის ჩაბარებას.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღნიშული წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ჯ. და მ. ხ-ძეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვეს.
კერძო საჩივრში აღნიშნულია, რომ აპელანტები ცხოვრობდნენ ხულოს მაღალმთიან სოფელში. მართალია წარმომადგენელს განჩინება ჩაბარდა 2009 წლის 23 მაისს, მაგრამ ფიზიკურად შეუძლებელი იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამამტკიცებელი დოკუმენტის წარმომადგენლის მიერ ამოღება, რადგან ცხოვრობდა ქ. ბათუმში, ხოლო აპელანტები სოფ. ... უნდა გასულიყვნენ ხულოს რაიონში და შესაბამისი სამსახურიდან უნდა ამოეღოთ აღნიშნული მტკიცებულებები. კერძო საჩივარში მითითებული იყო, რომ მიუხედავად იმისა რომ 7-დღიანი ვადა არ იყო საკმარისი, აპელანტებმა მაინც მოახერხეს წარმომადგენელისათვის ამ დოკუმენტების წარდგენა, ხოლო წარმომადგენელმა ისინი გაუგზავნა სააპელაციო სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივლისის განჩინებით ჯ. და მ. ხ-ძეების კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ჯ. და მ. ხ-ძეების კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2009 წლის 21 მაისის განჩინებით მიიჩნია, რომ ჯ. და მ. ხ-ძეების სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეორე, მეოთხე და მეხუთე ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ იყო წარმოდგენილი იმდენი ასლის დართვით რამდენი მხარეც იყო საქმეში. ამასთან, აპელანტთა მიერ არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აგრეთვე სააპელაციო საჩივარს თან არ ახლდა მის შეტანაზე ჯ. ხ-ძის მიერ გ. გ-ძის სახელზე გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. აგრეთვე სააპელაციო საჩივარს თან არ ახლდა მის შეტანაზე ჯ. ხ-ძის მიერ გ. გ-ძის სახელზე გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული გარემოებები სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ხარვეზად და ჯ. და მ. ხ-ძეებს ხსენებული ხარვეზის გამოსასწორებლად 7 დღის ვადა დაუწესა. ამასთან, აპელანტებს განემარტათ, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მათი სააპელაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 მაისის განჩინების ასლი აპელანტებს _ ჯ. და მ. ხ-ძეებს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა. შეტყობინების ბარათით საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გზავნილი ჯ. და მ. ხ-ძეებს ჩაჰბარდათ 2009 წლის 27 მაისს (ტ. II ს.ფ. 412, 413).
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ჯ. და მ. ხ-ძეებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადება, თანდართული საბუთებით საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2009 წლის 5 ივნისს (ტ. II ს.ფ. 421).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამომდინარე იქიდან, რომ ადრესატებს _ ჯ. და მ. ხ-ძეებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 მაისის განჩინების ასლი ჩაჰბარდათ 2009 წლის 27 მაისს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2009 წლის 28 მაისიდან. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, აპელანტებს ხარვეზის შესავსებად დაუწესდათ საპროცესო ვადა _ 7 (შვიდი) დღე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მათ შეეძლოთ აღნიშნული განჩინებით დაწესებული ხარვეზი შეევსოთ 2009 წლის 3 ივნისის ჩათვლით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ჯ. და მ. ხ-ძეებმა ხარვეზის შევსების მიზნით განცხადება საფოსტო განყოფილებას ჩააბარეს 2009 წლის 5 ივნისს, სასამართლოს მიერ დაწესებული ვადის დარღვევით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოსათვის უცნობია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 მაისის განჩინების ჩაბარებისას, ჰქონდა თუ არა წარმომადგენელს ჯ. ხ-ძის მიერ გაცემული მინდობილობა, შესაბამისად ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მხარისათვის გზავნილის ჩაბარებიდან მეორე დღეს ანუ 28 მაისს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ. და მ. ხ-ძეების კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ. და მ. ხ-ძეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.