ბს-962-921 (კს-09) 26 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ ე. კ-ძე, მ. ა-ძე
წარმომადგენლები _ რ. ბ-ძე, თ. ჭ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საკუთრების უფლების აღიარების კომისია, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განჩინება
დავის საგანი _ საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 25 თებერვალს მ. ა-ძისა და ე. კ-ძის წარმომადგენლებმა _ რ. ბ-ძემ და თ. ჭ-ძემ განცხადებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. განმცხადებლებმა აღნიშნეს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, იმ საფუძვლით, რომ მათ გაშვებული ჰქონდათ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა. აღნიშნული განჩინება აპელანტების მიერ გასაჩივრებული იქნა კერძო საჩივრით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 20 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რითაც კანონიერ ძალაში შევიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 20 იანვრის განჩინებით მათთვის ცნობილი გახდა, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა და შესაბამისად, სასამართლოს არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივარი გაგზავნილ იქნა ხელვაჩაურის საფოსტო განყოფილების მეშვეობით, კანონით დადგენილი გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დაცვით. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 დღიანი ვადა იწურებოდა 2008 წლის 11 აგვისტოს. სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის საფოსტო განყოფილებაში წარდგენილ იქნა 2008 წლის 11 აგვისტოს, გასაჩივრების კანონით დადგენილ ვადაში, რაც ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ჩაბარდა 2008 წლის 12 აგვისტოს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლებმა მოითხოვეს ახლად აღმოჩენილ გარემეობათა გამო საქმის წარმოების განახლება, ვინაიდან მიიჩნევდნენ, რომ მათ მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა გაშვებული არ ყოფილა, რაც სასამართლოსთვის ცნობილი რომ ყოფილიყო საქმის განხილვის დროს, საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა განმცხადებლების მოთხოვნა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადების ავტორების მიერ მითითებული გარემოებები და წარდგენილი მტკიცებულებები ნამდვილად გამოიწვევდა მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას მათი დროულად სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში, მაგრამ მიუთითა საქმის წარმოების განახლებისათვის აუცილებელ პირობაზე, კერძოდ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ამ გარემოებებზე და წარედგინა მტკიცებულება, ანუ თუ მხარემ თავის დროზე მისივე ბრალით არ მოიძია და არ წარადგინა სასამართლოში აღნიშნული მტკიცებულება, კანონის თანახმად, საქმის წარმოების განახლება არ დაიშვებოდა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლების მიერ არ იყო დაცული კანონის ზემოთხსენებული მოთხოვნა, მათ არ მოიძიეს და სასამართლოში დროულად არ წარადგინეს შესაბამისი მტკიცებულება, მათივე ბრალით არ იქნა მითითებული ხელსაყრელ გარემოებაზე საქმის განხილვის შესაბამის ეტაპზე, რაც წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
2009 წლის 23 მარტის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მ. ა-ძისა და ე. კ-ძის წარმომადგენლებმა _ რ. ბ-ძემ და თ. ჭ-ძემ, რომელთაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს. კერძო საჩივრის ავტორები უსაფუძვლოდ მიიჩნევენ სააპელაციო სასამართლოს მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის საფუძვლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებას და განმარტავენ, რომ მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა რაიმე ფორმით, მოქმედებით ან უმოქმედობით (ბრალით) მიეღოთ ის შედეგი, რაც მათ სურდათ, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება, ვინაიდან მათთვის ცნობილი ვერ იქნებოდა საფოსტო კონვერტის დაკარგვის ფაქტი, საიდანაც უნდა დადგენილიყო სააპელაციო საჩივრის გაგზავნის თარიღი. კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ 2008 წლის 11 აგვისტოს, მოკლე სამუშაო დღის გამო სააპელაციო საჩივარი მათ მიერ ვერ იქნა ჩაბარებული სასამართლოს კანცელარიაში და გაიგზავნა ხელვაჩაურის ფოსტის მეშვეობით. ფოსტის კონვერტის საქმის მასალებში დაუცველობა გამოწვეული არ არის მათი ბრალით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ ე. კ-ძისა და მ. ა-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სააპელაციო სასამართლომ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-3 მუხლზე და აღნიშნა, რომ ამ საფუძვლით საქმის განახლება დასაშვები იქნებოდა, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ექნებოდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. ამასთან, აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მითითებული გარემოებები და წარდგენილი მტკიცებულებები ნამდვილად გამოიწვევდა მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, რომ არა სააპელაციო საჩივრის ავტორების ბრალით სასამართლოში მათი დროულად წარუდგენლობა.
განცხადებაზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ შეკვეთილი წერილი ¹101 ხელვაჩაურის საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2008 წლის 11 აგვისტოს, 17:00 საათზე, რაც ადრესატს _ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ჩაბარდა 2008 წლის 12 აგვისტოს (ს.ფ. 28, 29). ე. კ-ძისა და მ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს შემოსული დოკუმენტაციის სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრირებულ იქნა 2008 წლის 12 აგვისტოს (ს.ფ. 32, 33). საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ასევე ადასტურდებენ იმ გარემოებას, რომ შეკვეთილი წერილი ¹101 (სააპელაციო საჩივარი) ფოსტის თანამშრომლისაგან ხელზე ჩაბარდა ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს მოსამართლეს, რაც იმავე დღესვე დარეგისტრირდა შემოსული დოკუმენტაციის აღრიცხვის ჟურნალში (ს.ფ. 47-49). ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი მოსარჩელეების _ ე. კ-ძისა და მ. ა-ძის მიერ წარდგენილ იქნა ფოსტის მეშვეობით 2008 წლის 11 აგვისტოს, ხოლო საქმის სააპელაციო სასამართლოში გაგზავნისას საქმეს არ ერთვოდა ფოსტის კონვერტი ფოსტის მიერ გზავნილი მიღების თარიღის აღნიშვნით, რითაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადასტურებოდა საპროცესო მოქმედების დადგენილ ვადაში შესრულების ფაქტი, აღნიშნული კი გახდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო, რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ დებულების 35-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ ფოსტით შემოსული კორესპონდენციის კონვერტები უნდა იქნეს შენახული და დაერთოს მიღებულ დოკუმენტებს იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ კონვერტით შეიძლება გამომგზავნის მისამართისა და მიღების დროის დადგენა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია, სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 4 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა მისი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით სასამართლოში წარდგენა, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განხილვისას არ უმსჯელია და არ დაუდგენია, თუ რამდენად იყო მხარის ბრალით გამოწვეული საქმის მასალებში ისეთი მტკიცებულების (საფოსტო კონვერტის) დაუცველობა, საიდანაც შესაძლებელი იყო სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დადგენა და შეეძლო თუ არა მხარეს, ევარაუდა ამ დოკუმენტის საქმეში არ არსებობა, რათა დამატებით წარედგინა სათანადო მტკიცებულებები სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარდგენის დასადასტურებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. ა-ძის და ე. კ-ძის წარმომადგენლების _ რ. ბ-ძის და თ. ჭ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განჩინება და საქმე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ა-ძისა და ე. კ-ძის წარმომადგენლების _ რ. ბ-ძისა და თ. ჭ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განჩინება და საქმე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საკითხის გადაწყვეტისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.