¹ბს-985-943(კს-09) 11 სექტემბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა გ. პ-ევას წარმომადგენლის – ზ. ჯ-ძის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 2 მარტს მ. ა-ოვმა სარჩელით მიმართა დმანისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, კ. ა-ოვისა და მესამე პირის გ. პ-ევას მიმართ და მოითხოვა დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 22 ივლისის განკარგულების ¹9-13 ბათილად ცნობა და სადავო ბინის მესაკუთრედ ცნობა.
დმანისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ა-ოვის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 22 ივლისის განკარგულება ¹9-13 მ. ა-ოვისა და გ. პ-ევას საქმესთან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შესახებ და უცვლელად დარჩა დმანისის რაიონის სოფელ ქვემო ოროზმანის თემის საკრებულოს 2000 წლის 17 ნოემბრის დადგენილება, რომლითაც მ. ა-ოვი ცნობილ იქნა სოფ. ... 1955 წელს აშენებული სახლის მესაკუთრედ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. პ-ევამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივნისის განჩინებით გ. პ-ევას სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. პ-ევას წარმომადგენელმა – ზ. ჯ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გ. პ-ევას წარმომადგენლის – ზ. ჯ-ძის კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივლისის განჩინებით გ. პ-ევას წარმომადგენლის – ზ. ჯ-ძის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით და განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
აღნიშნული განჩინება გ. პ-ევას წარმომადგენელს – ზ. ჯ-ძეს გაეგზავნა 2009 წლის 23 ივლისს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის დასტურიდან ირკვევა, რომ ზ. ჯ-ძის თანამშრომელმა – ადვოკატმა ა. ა-შვილმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივლისის ხარვეზის განჩინების ასლი ჩაიბარა ზ. ჯ-ძისათვის გადასაცემად 2009 წლის 23 ივლისს, მაგრამ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია. მან ხარვეზი გამოასწორა 2009 წლის 11 აგვისტოს და განცხადებით მოითხოვა ხარვეზის ვადაში შევსებულად მიჩნევა და კერძო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ მოტივით, რომ მასზე ჩასაბარებელი გზავნილი შემთხვევით მივიდა მის მარწმუნებელთან, რომელიც იმყოფებოდა ზაფხულის საძოვრებზე და შვილმა – ბ. პ-ევმა ქართულის არცოდნის გამო გვიან – 2009 წლის 10 აგვისტოს მიაწოდა რწმუნებულს ხარვეზის განჩინება. საიდანაც უნდა მოხდეს ხარვეზის გამოსასწორებლად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ათვლა.
საკასაციო სასამართლო ანალოგიის პრინციპის გამოყენებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ჰბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.
აღნიშნული კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. ამასთან, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს უწყების მიმღები პირის ვალდებულებას, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება ჩაბარებულად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზ. ჯ-ძის თანამშრომელმა – ადვოკატმა ა. ა-შვილმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივლისის ხარვეზის განჩინების ასლი ჩაიბარა ზ. ჯ-ძისათვის გადასაცემად 2009 წლის 23 ივლისს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდა 2009 წლის 3 აგვისტოს ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ ხარვეზი გამოსწორებულ იქნა 2009 წლის 11 აგვისტოს, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. პ-ევას წარმომადგენლის – ზ. ჯ-ძის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. პ-ევას წარმომადგენლის – ზ. ჯ-ძის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. გ. პ-ევას წარმომადგენელს – ზ. ჯ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222; გადამხდელის ბანკი – სს ,,...”, ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი 220101502;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.