Facebook Twitter
ბ-1323-12(ა-09) 18 მაისი, 2009 წელი

ბ-1323-12(ა-09) 18 მაისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ავტორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ გ. წ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის ¹ბს-418-403(კ-09) განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩა დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის მოთხოვნებს. საქმის მასალებიდან, კერძოდ, გზავნილების ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინებიდან (შპს «სკს») ირკვეოდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განჩინების ასლის შემცველი გზავნილი ჩაჰბარდა 2009 წლის 6 თებერვალს (ტ. 3, ს.ფ. 35), რაც დასტურდებოდა ამავე გზავნილზე მითითებული თარიღით, ხელმოწერითა და მრგვალი ბეჭდით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნულ განჩინებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში საკასაციო საჩივარი შეიტანა 2009 წლის 9 მარტს (ტ. 3, ს.ფ. 37), ესე იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის გადაცილებით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მისთვის ამოიწურა 2009 წლის 6 მარტს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, აღნიშნული ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იყო 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლებოდა და იგი იწყებოდა მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ იყო შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა. ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ იყო შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში.

2009 წლის 13 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის ¹ბს-418-403(კ-09) განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

განმცხადებლის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განჩინება ჩაჰბარდა 2009 წლის 6 თებერვალს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნულ განჩინებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში საკასაციო საჩივარი შეიტანა 2009 წლის 9 მარტს, არასწორია, რადგან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განჩინება გაასაჩივრა 2009 წლის 6 მარტს _ ერთთვიანი ვადის დაცვით, რაც მტკიცდება (საკასაციო საჩივარზე დართული) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიღებული წერილობითი კორესპონდენციის შესახებ ¹42 რეესტრითა და შპს «საქართველოს ფოსტის» 2009 წლის 7 აპრილის ¹15-30-68/1 წერილით. 2009 წლის 24 მარტის ¹ბს-418-403(კ-09) განჩინების მიღებისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატისათვის ცნობილი რომ ყოფილიყო აღნიშნულის თაობაზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი განუხილველი არ დარჩებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის ¹ბს-418-403(კ-09) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის ¹ბს-418-403(კ-09) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი განცხადებიდან და მასზე დართული შპს «საქართველოს ფოსტის» მიერ მიღებული წერილობითი კორესპონდენციის შესახებ ¹42 რეესტრიდან და შპს «საქართველოს ფოსტის» 2009 წლის 7 აპრილის ¹15-30-68/1 წერილიდან ირკვევა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შპს «საქართველოს ფოსტას» გ. წ-შვილის სარჩელთან დაკავშირებულ საქმეზე საკასაციო საჩივარი, კერძოდ, ¹707 (¹08-01/2336) შეკვეთილი წერილი თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის ჩააბარა 2009 წლის 6 მარტს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არ დაურღვევია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, ვინაიდან მან დროულად ჩააბარა საკასაციო საჩივარი შპს «საქართველოს ფოსტას».

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის ¹ბს-418-403(კ-09) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება საფუძვლიანია, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და განახლდეს მოცემული საქმის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე და 430-ე მუხლების მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის ¹ბს-418-403(კ-09) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის ¹ბს-418-403(კ-09) განჩინება და განახლდეს მოცემული საქმის წარმოება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.