Facebook Twitter
ბ-1427-13(ა-09) 20 მაისი, 2009წ

ბ-1427-13(ა-09) 20 მაისი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 02.03.09წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 02.03.09წ. განჩინებით შ. მ-ძის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეგებებული საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია საკასაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის განმავლობაში წარადგინოს შეგებებული საკასაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ნათქვამი უარი საკასაციო საჩივრის შეტანაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შ. მ-ძის საკასაციო საჩივრის ასლი 07.02.09წ. ჩაჰბარდა (ტ. II, ს.ფ. 93), შეგებებული საკასაციო საჩივარი კი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 19.02.09წ. წარმოადგინა, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 405-ე მუხლში მითითებული 10 _ დღიანი ვადის დარღვევით, რადგან შეგებებული საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მას 17.02.09წ. ოცდაოთხ საათზე ამოეწურა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 405-ე მუხლში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის 10 _ დღიანი ვადა, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეგებებული საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 27.04.09წ. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას, რომლითაც ამავე სასამართლოს 02.03.09წ. განჩინების გაუქმება და შეგებებულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

განცხადების ავტორმა მიუთითა, რომ შ. მ-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 05.01.09წ. განჩინებისა და საკასაციო საჩივრის ასლი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 09.02.09წ. ჩაჰბარდა, რაც დასტურდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გზავნილზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმის წარმოების დეპარტამენტის მიერ დასმული შტამპით, რომელზეც აღნიშნული გზავნილის ჩაბარების თარიღად 09.02.09წ. მითითებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 04.05.09წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატას საქმის მასალების გაცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამასთან, 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შ. მ-ძის საკასაციო საჩივარი და საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ 05.01.09წ. განჩინება 07.02.09წ. გადაეცა. საქმეში დაცულია ¹792 შეტყობინება საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ (ფორმა ¹119), რომლითაც დასტურდება, რომ შ. მ-ძის საკასაციო საჩივრის შემცველი საფოსტო გზავნილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 07.02.09წ. ჩაჰბარდა (ტ. II, ს.ფ. 93). აღნიშნულს ასევე ადასტურებს საქართველოს ფოსტის ექსპლუატაციის დირექტორის 13.05.09წ. წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ ¹792 წერილი 07.02.09წ. ჩაჰბარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელს _ გ. ხ-შვილს, რაც ასევე დგინდება 07.02.09წ. საფოსტო გზავნილებათა ჩაბარების რეესტრის (ფორმა ¹8) ასლზე დასმული გ. ხ-შვილის ხელმოწერით (ტ. II, ს.ფ. 140-141). შეგებებული საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 17.02.09წ. ოცდაოთხ საათზე ამოეწურა, ხოლო შეგებებული საკასაციო საჩივარი კი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა 19.02.09წ., ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 405-ე მუხლში მითითებული 10 _ დღიანი ვადის დარღვევით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ წარმოუდგენია შ. მ-ძის საკასაციო საჩივრის 09.02.09წ. ჩაბარების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გზავნილზე დასმული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმისწარმოების დეპარტამენტის შტამპი ეჭვს იწვევს, რადგან აღნიშნული წარმოადგენს მხარის მიერ შექმნილ მტკიცებულებას, რომელიც ეწინააღმდეგება შპს «საქართველოს ფოსტის» გზავნილების ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინებას (ფორმა ¹119) და 07.02.09წ. საფოსტო გზავნილებათა ჩაბარების რეესტრს (ფორმა ¹8) (ტ. II, ს.ფ. 93, 141). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეგებებული საკასაციო საჩივარი ვერ ჩაითვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 405-ე მუხლის შესაბამისად შეგებებული საკასაციო საჩივრისათვის დადგენილ ვადაში შეტანილად. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობდა შეგებებული საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის მოტივით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეგებებული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რის გამოც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო შეგებებულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 02.03.08წ. განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 02.03.09წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.