ბ-1482-14(ა-09) 22 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ავტორი (მოსარჩელე) _ ვ. ლ-ევი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები): საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მესამე პირი _ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 იანვრის ¹ბს-137-129(კ-06) გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 31 დეკემბერს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ვ. ლ-ევმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ და ავსტრიაში გაძევება მოითხოვა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის საოქმო განჩინებით მოპასუხეთა სიიდან ამორიცხულ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და იგი საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ლ-ევმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 27 ივნისის განჩინებით ვ. ლ-ევის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება და ვ. ლ-ევის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. ლ-ევის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ლ-ევმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 თებერვლის განჩინებით ვ. ლ-ევის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ლ-ევმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 10 ნოემბრის ¹1367 ბრძანებაში ცვლილების შეტანის _ გაძევების ქვეყნად ავსტრიის მითითების საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის დავალება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. ლ-ევის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ლ-ევის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა ერთი თვის ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ქვეყნის განსაზღვრა, სადაც ვ. ლ-ევის გაძევება იქნებოდა შესაძლებელი.
2009 წლის 6 მაისსა და 26 ივნისს ვ. ლ-ევმა განცხადებებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 იანვრის ¹ბს-137-129(კ-06) გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე იმ მოტივით, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა პ. პ-შვილმა, რომელიც მონაწილეობას იღებდა სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის სახით, ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება _ სასამართლოში წარადგინა მის მიერ ხელმოწერილი ყალბი დოკუმენტები, რაც გახდა უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ივლისის განჩინებით ვ. ლ-ევის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 იანვრის ¹ბს-137-129(კ-06) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაშვებად იქნა ცნობილი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 იანვრის ¹ბს-137-129(კ-06) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ვ. ლ-ევის განცხადებას და მიაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. იმავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, სისხლის სამართლის საქმეზე თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების განახლების აუცილებელ პირობას წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ვ. ლ-ევი საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 იანვრის ¹ბს-137-129(კ-06) გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა პ. პ-შვილმა, რომელიც მონაწილეობას იღებდა სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის სახით, ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, რადგან სასამართლოში წარადგინა მის მიერ ხელმოწერილი ყალბი დოკუმენტები, რაც უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა. ამდენად, განცხადების ავტორი გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დოკუმენტების სიყალბის ფაქტი არ არის დადასტურებული კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების განახლების აუცილებელი პირობა _ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს განცხადების ავტორიც, როდესაც უთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლის პ. პ-შვილის დანაშაულის ფაქტების შესახებ წერილობით არაერთხელ მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ინსპექციასა და გენერალურ პროკურატურას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირის პაატა პაპუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ, რაზეც პასუხი არ მიუღია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 იანვრის ¹ბს-137-129(კ-06) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ვ. ლ-ევის განცხადება არის უსაფუძვლო, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხსენებული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 იანვრის ¹ბს-137-129(კ-06) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ვ. ლ-ევის განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.