განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1609-15(ა-09) 5 ივნისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ს. ტ-ევას განცხადების დასაშვებობის საკითხი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოს წარმოებაში იმყოფებოდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1427-1385(კ-08) ს. ტ-ევას საკასაციო საჩივრით განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ივლისის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ს. ტ-ევას საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას, რადგან საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი და არ შეიცავდა დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების უკანონობა. საკასაციო საჩივარი ასევე არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.3 მუხლის მოთხოვნას, რადგან კასატორს საკასაციო საჩივარზე არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სსსკ-ის 38-ე მუხლის “ზ” პუნქტისა და ამავე კოდექსის 39.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ღირებულების 5-%ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა (იხ. ს.ფ. 270-272).
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, კასატორის შუამდგომლობის საფუძველზე ამ უკანასკნელს გაუგრძელდა საკასაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა 10 დღით (იხ. ს.ფ. 279-281).
საკასაიცო სასამართლოს 2008 წლის 31 დეკემბრის განჩინებით ს. ტ-ევას საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 291-292).
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 24 მარტის განჩინებით ს. ტ-ევას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი იმ მოტივით, რომ არ არსებობდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი (იხ. ს.ფ. 300-304).
2009 წლის 20 მაისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ს. ტ-ევამ და მოითხოვა სსსკ-ის 421-ე მუხლის, 422.1 მუხლის “ბ”, “გ” ქვეპუნქტების, 423.1 მუხლის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 24 მარტის განჩინების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით:
განმცხადებლის მითითებით, მისთვის უცნობი იყო საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 31 დეკემბრის განჩინების შესახებ, რომლითაც წარმოებაში იქნა მიღებული ს. ტ-ევას საკასაციო საჩივარი, შესაბამისად, მისთვის უცნობი იყო, რომ განჩინების შესაბამისად, 15-დღიან საპროცესო ვადაში უნდა წარედგინა მოსაზრებები საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით.
განმცხადებლის მითითებით, საკასაციო სასამართლოს მიერ კასატორისათვის განჩინება გაიგზავნა იმ მისამართზე (ქ. თბილისი, ... ქ. კორპ 14, ბინა 27), სადაც ს. ტ-ევა არ ცხოვრობს. იგი ცხოვრობს ქ. თბილისში, ... 14-ში ან ... 6-ში, რის შესახებაც ცნობილი იყო საკასაციო სასამართლოსათვის.
გარდა აღნიშნულისა, განმცხადებლის მითითებით, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ საქმე განხილულ იქნა მნიშვნელოვანი საპროცესო ნორმების დარღვევით. მოთხოვნის მიუხედავად, საქმეში მესამე პირად არ იქნა ჩართული ე. ტ-ევა, რომლის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებსაც ეხებოდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან საბოლოოდ უნდა გადაწყდეს და რეალიზებულ უნდა იქნას საპრივატიზაციო ბინაში ადრე ჩაწერილი პირების უფლებები და ინტერესები, ასევე პრივატიზაციის უფლება უნდა მიენიჭოს თუ არა იმ პირებს, რომლებიც საპრივატიზაციო ბინაში ჩაწერილები არიან 1994 წლის შემდეგ, ასევე იმ პირებს, რომლებიც საპრივატიზაციო ბინაში ჩაეწერნენ მას შემდეგ, რაც ახლად მიღებული კანონის შესაბამისად, რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა აღარ წარმოშობილა და წარმოშობს სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების ბინაზე უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით, ასევე როგორ უნდა იქნას დაცული იმ პირების უფლებები, რომლებიც 1992-1994 წლამდე ჩაწერილები იყვნენ საპრივატიზაციო ბინაში და/ან ამოეწერნენ მას შემდეგ, რაც რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა აღარ იწვევდა ფართზე რაიმე უფლების მოპოვებას ან მის დაფარვას.
განმცხადებლის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ამასთან, მართალია ზოგადად პრივატიზაციის საკითხებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულია სასამართლო პრაქტიკა, მაგრამ აღნიშნული კუთხით სასამართლო პრაქტიკა არ არის მკვეთრად ჩამოყალიბებული (იხ. ს.ფ. 319-321).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და წარმოდგენილი განცხადების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს. ტ-ევას განცხადება საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად დაუშვებლობის გამო, შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. შესაბამისად, მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა უშვებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წანამძღვრების არსებობისას. კონკრეტულ შემთხვევაში, განმცხადებელი საკასაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმების საფუძვლად ასახელებს სსსკ-ის 422.1 მუხლის “ბ”, “გ” და 423.1 მუხლის “ვ” ქვეპუნქტებს და საქმის წარმოების განახლების მოტივად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას არ ჩაჰბარებია საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 31 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ, შესაბამისად, მისთვის არ იყო ცნობილი სასამართლოს დავალების შესახებ _ საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრების წარმოდგენის თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავს იმ წანამძღვრებს, რომელიც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, შესაძლებელია საფუძვლად დაედოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებასა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესწავლას.
მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელი წარმოდგენილი განცხადებით საქმის წარმოების განახლებას ითხოვს სსსკ-ით გათვალისწინებული ორივე საფუძვლით, როგორც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ასევე განჩინების ბათილად ცნობასაც, მაგრამ განცხადებაში მითითებული მოტივებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად ითხოვს განჩინების ბათილად ცნობას, კერძოდ, თავის მოთხოვნას ამყარებს იმ საფუძვლებს, რომ არ ჩაჰბარებია საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება, შესაბამისად, მისთვის არ იყო ცნობილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენის ვალდებულების შესახებ და სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა მითითებულის თაობაზე საკასაციო სასამართლოს დავალების შეუსრულებლობა, რაც გახდა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობას დასაშვებად მიიჩნევს, თუ მხარე არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე, რაც სახეზე არ არის კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 24 მარტის განჩინებით საკასაციო პალატამ სსსკ-ის 408.3 მუხლის შესაბამისად, მხარეთა დასწრების გარეშე, განიხილა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი. შესაბამისად, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების წანამძღვრებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადებაში ჩამოყალიბებული საქმის წარმოების განახლების მოტივები არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-423-ე მუხლებში რეგლამენტირებულ განჩინების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებების ფარგლებს, რამდენადაც მითითებული ნორმები ამომწურავად განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომელიც შესაძლებელია საქმის წარმოების განახლებას დაედოს საფუძვლად, რაც სრულ შეუსაბამობაშია განცხადებაში მითითებულ საფუძვლებთან.
ამდენად, ის გარემოება, კასატორს კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა თუ არა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება, რომლითაც არ განსაზღვრულა საქმის განხილვის თარიღი და მხარეები არ ყოფილან მოწვეულნი საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, არ ასაბუთებს სსსკ-ის 422-ე მუხლით განსაზღვრულ განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების დასაშვებობის წანამძღვრების არსებობას.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწნებული წინაპირობების არსებობა-არარსებობა და შესაბამისად, აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტა უპირობოდ არ არის დამოკიდებული მხარის, კონკრეტულ შემთხვევაში კასატორის მიერ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენაზე. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრისა და საქმეში არსებული მასალების შესაბამისად, ამოწმებს არსებობს თუ არა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის რომელიმე წინაპირობა, რაც სახეზე არ იყო კონკრეტულ შემთხვევაში, რის გამოც ს. ტ-ევას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადება არ შეიცავს იმ წანამძღვრებს, რომელიც შესაძლებელია საფუძვლად დაედოს საქმის წარმოების განახლებას, განცხადება დაუსაბუთებელია და არ უზრუნველყოფს განცხადების დასაშვებად ცნობის კრიტერიუმს.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არც განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები დასტურდება. განმცხადებელი უთითებს, რომ მისი საცხოვრებელი მისამართებია ქ. თბილისი, ... 14, ან ... ქ. ¹6. საქმის მასალების თანახმად, ... ქ. ¹6-ში მდებარეობს სადავო ბინა, რომლის ტ-ევას საკუთრებაში გადაცემასაც ხდიდა სადავოდ დ. კ-ევა აღძრული სარჩელით. საქალაქო სასამართლოს წარმოების მასალების თანახმად, რიგ შემთხვევაში, ს. ტ-ევასათვის უწყების ჩაბარება ვერ ხერხდებოდა მისამართზე _ ქ. თბილისი, ... ქ. ¹6 იმის გამო, რომ აღნიშნულ მისამართზე ადრესატი არ ცხოვრობდა (იხ. ს.ფ. 34; 36-38; 66-70; 118; 122) ასევე საქმეში მითითებული იყო მისამართი ქ. თბილისი, ... ქ. ¹14, ბინა 27, თუმცა ამ მისამართზეც არ ხერხდებოდა რიგ შემთხვევებში გზავნილის ს. ტ-ევასათვის ჩაბარება (იხ. ს.ფ. 50-51; 200-201). საკასაციო სასამართლოს მიერ გზავნილები სსსკ-ის 71.1 და 73.1 მუხლების შესაბამისად, ს. ტ-ევასათვის ჩასაბარებლად იგზავნებოდა მისამართზე _ ქ. თბილისი, ... ქ. ¹14, ბინა ¹27 და გზავნილი ბარდებოდა ადრესატს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილი ჩაბარების შესახებ შეტყობინებებით (იხ. ს.ფ. 276; 287; 296), ასევე აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ მითითებულ მისამართზე გაგზავნილი განჩინებების შესაბამისად, კასატორი მომართავდა საკასაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების მიზნით. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 24 მარტის განჩინებაც გაიგზავნა იმავე მისამართზე და როგორც თავად განმცხადებელიც ადასტურებს, აღნიშნული განჩინება ადრესატს ჩაჰბარდა. ს. ტ-ევას საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების ეტაპზე საკასაციო სასამართლოს შეტყობინება გზავნილის ადრესატისათვის ჩაუბარებლობის შესახებ არ მიუღია, რაც წარმოშობდა გზავნილის ადრესატისათვის ალტერნატიულ მისამართზე გაგზავნის წინაპირობას. საკასაციო სასამართლოს მიერ გზავნილი იგზავნებოდა კასატორის ს. ტ-ევას სახელზე, მას წარმომადგენელი ჰყავდა საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში, კერძოდ, საქალაქო სასამართლოში მის ინტერესებს იცავდა გ. თ-ძე. საქმეში წარმოდგენილია 2007 წლის 17 აგვისტოს 6 თვის ვადით გაცემული რწმუნებულება გ. თ-ძისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ (იხ. ს.ფ. 71). სააპელაციო სასამართლოში ს. ტ-ევას წარმომადგენლად მონაწილეობდა ადვოკატი ა. ხ-შვილი საქმეში წარმოდგენილი 2008 წლის 15 ივლისის ორდერის საფუძველზე, რომლითაც ამ უკანასკნელს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში (იხ. ს.ფ. 229).
შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებული არ ჰქონდათ გ. თ-ძესა და ა. ხ-შვილს, რის გამოც გზავნილები იგზავნებოდა მხოლოდ კასატორის – ს. ტ-ევას სახელზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ საფოსტო გზავნილების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი საკასაციო სასამართლოს არა აქვს, ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განმცხადებლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებსაც ის ამყარებს თავის მოთხოვნას საქმის წარმოების განახლების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში ს. ტ-ევას არ წარმოუდგენია აღნიშნულის საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის მიერ წარმოების განახლების საფუძვლად არ არის მითითებული ის მოტივები, რომელიც შესაძლებელია განცხადების დასაშვებობას დაედოს საფუძვლად.
სსსკ-ის 422-ე მუხლის “ბ” და “გ” პუნქტებს, რომელთა საფუძველზე ითხოვს ს. ტომაევა საკასაციო სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობას, არ შეესაბამება ს. ტ-ევას მიერ განცხადებაში დასახელებული საფუძვლები, ამდენად, სახეზე არ არის საქმის წარმოების განახლების შესახებ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობები, შესაბამისად, განცხადების დასაშვებად ცნობის საფუძველი, რის გამოც იგი დაუსაბუთებლობის გამო დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421.1, 422-427-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველად იქნეს დატოვებული ს. ტ-ევას განცხადება დაუშვებლობის გამო;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.