საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს- 2030-19(კ-08) 4 ნოემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს «...» დირექტორის ზ. კ-შვილის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
სასამართლომ გამოარკვია:
შპს «...» დირექტორმა ზ. კ-შვილმა 23.09.09წ. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას, რომლითაც ქ. ბათუმში, ... ქ. ¹20ა-ში მდებარე (...) ნაკვეთზე ყადაღის დადება მოითხოვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 191.3 მუხლის თანახმად, თუ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებას არ ახლავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, ანდა სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს აძლევს ვადას მის შესავსებად. დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სასამართლო თავისი განჩინებით განცხადებას განუხილველად დატოვებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 24.09.09წ. განჩინებით განმცხადებელ შპს «...» დირექტორს ზ. კ-შვილს მიეცა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე ხარვეზის გამოსასწორებლად _ 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდის ქვითარის და საჯარო რეესტრიდან ცნობის ან შესაბამისი დოკუმენტის, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოსადგენად. განმცხადებელს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შპს «...» დირექტორის ზ. კ-შვილის განცხადება განსახილველად არ დაიშვებოდა. აღნიშნული განჩინების განმცხადებლისათვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურიდან (ფ. 119) ირკვევა, რომ ზ. კ-შვილს ხსენებული განჩინება 05.10.09წ. ჩაჰბარდა (ტ. III, ს.ფ. 96), ხოლო ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა იყო 15.10.09წ. მიუხედავად ამისა შპს «...» დირექტორის ზ. კ-შვილის მიერ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული სასამართლოს მიერ დადგენილი წესით და ვადაში. რაც მისი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 278-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს «...» დირექტორის ზ. კ-შვილის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. განემარტოს განმცხადებელს, რომ მოსამართლის განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ ხელს არ უშლის მას განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე განცხადებით თუ დაცული იქნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მოთხოვნები;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.