ბ-2138-23(ა-08) 24 ივნისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი _ ვ. ქ-შვილი (მოსარჩელე)
კასატორები _ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველო (მოპასუხე)
დალი ღვინაძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ქ-შვილი
მესამე პირი _ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი ¹...
განცხადების ავტორის მოთხოვნა _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 06.07.2005 წ. გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ვ. ქ-შვილმა 13.01.2003 წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმარველოს, დ. ღ-ძის მიმართ, მესამე პირი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი ¹... და ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა. საქმე განსჯადობის წესების დაცვით განხილული იქნა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ, რომლის 09.07.2003 წლის გადაწყვეტილებით ვ. ქ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ქ-შვილმა. მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას 28.01.2005 წლის მთავარ სასამართლო სხდომაზე ვ. ქ-შვილმა დააზუსტა სარჩელის საგანი და მოითხოვა არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
საბოლოოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 06.07.2005 წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს, ასევე დ. ღ-ძის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 03.02.2005 წ. გადაწყვეტილების შეცვლით, საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ვ. ქ-შვილის სარჩელი ქ. თბილისში, ... ქ. ¹40-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის დ. ღ-ძის სახელზე პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას 03.08.2005 წ. ვ. ქ-შვილმა მომართა განცხადებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 06.07.2005 წ. გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 22.03.2006 წ. განჩინებით ვ. ქ-შვილის განცხადებას უარი ეთქვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე.
10.10.2008 წ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას ვ. ქ-შვილმა მომართა განცხადებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 06.07.2005 წ. გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ. განმცხადებლის გამარტებით, მის მიერ მოპოვებული იქნა ქ. თბილისის პროკურატურის 15.12.2006 წ. კანონიერ ძალაში შესული დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ, ასევე საინვენტარიზაციო გეგმა, თბილისის ზონალური სამეცნიერო კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტის მიერ 26.08.2008 წ. გაცემული ცნობა ¹100, ... ქ. ¹40-ში მდებარე კორუსის ბინათმშენებლობის ნაერთი ხარჯთაღრიცხვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზავიის ბიუროს არქივიდან ინფორმაცია უძრავი ნივთის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 01.07.1971 წ. ¹346 დადგენილება და საბინაო სამშენებლო კოოპერატივის სანიმუშო წესდება. განმცხადებელი თვლის, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საფუძვლად დაედებოდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 06.07.2005 წ. გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» და «ვ» ქვეპუნქტების, 427-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 10.11.2008 წ. განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ქ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ვ. ქ-შვილის განცხადების საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვ. ქ-შვილი საქმის წარმოების განახლებას ითხოვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» და «ვ» ქვეპუნქტების თანახმად. განცხადებლი თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს საფუძვლად უდევს თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროსა და თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაული _ სამსახურებრივი გულგრილობა, რასაც მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ფართის პრივატიზებისას, აღნიშნული სადღეისოდ დადასტურებულია ქ. თბილისის პროკურატურის 15.12.2006 წლის კანონიერ ძალაში შესული დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა კასატორის განმარტება სადავო ფართის მუნიციპალური კუთვნილებისა და განხორციელებული პრივატიზების კანონიერების თაობაზე. ვ. ქ-შვილი თვლის, რომ დღეისავის წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობით დადგენილია სახელმწიფო საკუთრების უფლება არა მთლიან, _ 155 კვ.მ. ფართზე, არამედ მხოლოდ 31 კვ.მ. ფართზე, ხოლო 15.09.1998 წ. პრივატიზაციის ხელშეკრულებით დასტურდება სადავო ფართზე მისი საკუთრების უფლება, რაც 15.09.1998 წ. მის მიერ წარდგენილი იქნა ქ. თბილისის ტექაღრიცხვის ბიუროში.
ვ. ქ-შვილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითებს ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის 15.12.2006 წ. კანონიერ ძალაში შესულ დადგენილებას, ხოლო განმცხადებელი დანარჩენ დოკუმენტებს მოიაზრებს ამავე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებებად, რომლებიც განმცხადებლის განმარტებით მას 06.10.2008 წ. გადაეცა სხვა დოკუმენტებთან ერთად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების განახლებას კანონმდებელი უკავშირებს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით კონკრეტულად დადგენილი წინაპირობების არსებობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილის «ა»-»გ» ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საქმის წარმოების განახლების საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ დოკუმენტის სიყალბე, რომელსაც ემყარება გადაწყვეტილება და აღნიშნული დადასტურებული უნდა იქნეს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია ქ. თბილისის პროკურატურის 15.12.2006 წლის დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ. წარმოდგენილი დადგენილებით დგინდება, რომ ს/ს საქმე აღძრული იყო ქ. თბილისის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურის მუშაკების სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ხსენებული ნორმა დოკუმენტის სიყალბის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიიჩნევს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო განაჩენს, რაც ადასტურებს დამნაშავე პირის ბრალეულობას დოკუმენტის გაყალბებისას და არა სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო ორგანოს საპროცესო დოკუმენტს. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილება და არა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველინაწილის ,,ა» ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ წარმოადგენს საქმის წარმოების განახლების საფუძველს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით შესაძლებელია, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ე»-»ვ» ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია საინვენტარიზაციო გეგმა, თბილისის ზონალური სამეცნიერო კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტის მიერ 26.08.2008 წ. გაცემული ¹100 ცნობა, ... ქ. ¹40-ში მდებარე კორპუსის ბინათმშენებლობის ნაერთი ხარჯთაღრიცხვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზავიის ბიუროს არქივიდან ინფორმაცია უძრავი ნივთის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. წარმოდგენილი დოკუმენტებიდან საინვენტარიზაციო გეგმა და ... ქ. ¹40-ში მდებარე კორპუსის ბინათმშენებლობის ნაერთი ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი იყო ძირითადი საქმის განხილვისას და ერთვის საქმეს (ს.ფ. 38 და 305); თბილისის ზონალური სამეცნიერო კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტის მიერ 26.08.2008 წ. გაცემული ¹100 ცნობის შინაარსის შემცველი დოკუმენტი, გაცემული თბილზნიეპის მთავარი ინჟინერის მიერ 05.08.2003 წ., თვით ვ. ქ-შვილის მიერ წარდგენილი იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისას დამატებით დაზუსტებულ საკასაციო საჩივართან ერთად. რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივიდან გაცემულ ინფორმაციას უძრავი ნივთის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ვ. ქ-შვილის მიერ პრივატიზაციის ხელშეკრულების ტექინვენტარიზაციის ბიუროში წარდგენის ფაქტი დადგენილია საქართველოს პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნით, რომელიც თავად განმცხადებლის მიერ წარდგენილი იქნა სასამართლოში არაერთჯერ და ასევე ერთვის საქმეს (ს.ფ. 116-117, 224-227). ამასთანავე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში ნივთთზე უფლების რეგისტრაციის არსებობის თაობაზე ინფორმაციის მოპოვება ვ. ქ-შვილს შეეძლო საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულება, რომელიც მანამდე არ ერთვოდა საქმეს. წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეიცავენ ისეთ გარემოებებს, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 06.07.2005 წ. ¹ბს-399-321(კ-04) გადაწყვეტილება ემყარება იმ გარემოებას, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების მომენტში სამშენებლო კოოპერატივი არ იყო უფლებამოსილი დაედო არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის ხელშეკრულება მისი ფუნქციონირების შეწყვეტის გამო. წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეიცავენ აღნიშნულის გამაბათილებელ გარემოებებს. ამასთანავე, ვ. ქ-შვილი ვერ უთითებს საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს რატომ არ ჰქონდა შესაძლებლობა მიეთითებინა ახალ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ. ქიზიყურაშვილის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» და «ვ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რაიმე დოკუმენტი, წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა საქმის წარმოების განახლების საფუძველს. ამასთანავე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების ზედამხედველობის წესით გადასინჯვის წესს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვ. ქ-შვილის განცხადება _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 06.07.2005 წ. ¹ბს-399-321(კ-04) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 423-ე მუხლის პირველი ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. არ დაკმაყოფილდეს ვ. ქ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 06.07.2005 წ. ¹ბს-399-321(კ-04) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლობის გამო;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.