ბ-2165-24 (ა-08) 17 ივნისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – ლ. ს-ძე (განმცხადებელი)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნოტარიუსი ნ. ხ-იანი
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ივნისის ¹ბს-587-563 (გ-08) განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. ს-ძემ 2008 წლის 31 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ნოტარიუს ნ. ხ-იანის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 2008 წლის 21 მარტის ¹21/03/08-01 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე – მოპასუხის დავალდებულება – გასცეს პ. ზ. ასული კ-ევას (ქორწინებამდე ფ-ოვას) სამემკვიდრეო მოწმობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 მაისის განჩინებით ლ. ს-ძის სასარჩელო განცხადება განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას იმ მოტივით, რომ მოცემული დავის საგანს წარმოადგენდა ნოტარიუსის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომელიც არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 მაისის განჩინებით აღიძრა დავა განსჯადობასთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ივნისის განჩინებით ლ. ს-ძის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, საქმე გადაეცა განსჯად სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ნოტარიუსის მიერ მის უფლებამოსილებაში შემავალი საკითხის გადაწყვეტაზე უარი არ წარმოადგენს დავის ცალსახად ადმინისტრაციული სამართალწარმოებისადმი დაქვემდებარების საფუძველს. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე» საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის ¹2359 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ნოტარიუსის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ მართალია, მიჩნეულია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და მისი კანონიერების თაობაზე წარდგენილი სარჩელი ექვემდებარება ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრებას, მაგრამ, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაუშვებელია, წარმოდგენილი მუხლის ცალსახა განმარტება და უნდა ჩაითვალოს, რომ ესა თუ ის აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მაშინ, თუ იგი პასუხობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,დ” პუნქტით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, აქტი გამოცემული უნდა იყოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული აქტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ნოტარიუსის უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, ვერ ჩაითვლება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის საგანი _ ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარი _ ემყარება სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებს და იგი ვერ განიხილება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «დ» ქვეპუნქტით დეფინირებულ, ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად.
ლ. ს-ძემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ივნისის ¹ბს-587-563 (გ-08) განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებლი საქმის წარმოების განახლების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველ პუნქტის “ვ” ქვეპუნქტს; ახლად აღმოჩენილ გარემოებად კი მიუთითებს მოპასუხის მიერ ამავე დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარმოდგენილი შესაგებელს (მოპასუხის პასუხს), რომელიც მისი აზრით, გასაჩივრებული განჩინების მიღების დროს სასამართლოსათვის ცნობილი რომ ყოფილიყო, გამოიწვევდა განსჯად სასამართლოდ ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლოს დადგენას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მან 2008 წლის 21 მარტს გამოსცა ¹21/03/08-01 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისაგან მოითხოვა ამ აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნაზე უარის თქმა. ლ. ს-ძემ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება გასაჩივრებული განჩინების გამომტანი სასამართლოსათვის უცნობი იყო, ხოლო ცნობილი რომ ყოფილიყო, სასამართლოთა შორის წარმოშობილ დავაზე განსჯად სასამართლოდ დაადგენდა ადმინისტრაციულ საქმეთა საქალაქო სასამართლოს და საქმეს არსებითი განხილვისათვის გადააგზავნიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ლ. ს-ძის განცხადების მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ აღნიშნული განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუU ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აპრილის განჩინებით ლ. ს-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგიორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ივნისის ¹ბს-587-563 (გ-08) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაიშვება მხოლოდ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე), ანუ დამთავრებულ საქმეზე, ხოლო საკასაციო სასამართლოს მიერ სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ მიღებულ განჩინებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია, რადგან განსჯადობის თაობაზე მიღებული განჩინებით განიხილება და წყდება არა მხარეთა, არამედ სასამართლოთა შორის დავა, განისაზღვრება საქმის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლო და ამდენად, არ მთავრდება საქმის წარმოება.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. ს-ძის განცხადება - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული და განუხილველი დარჩეს ლ. ს-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ივნისის ¹ბს-587-563 (გ-08) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.