ბ-2245-22(ა-09) 11 ნოემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
03.10.07წ. დ. ლ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს 29.09.07წ. ¹ბა-308999 ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 04.10.07წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა გორის რაიონულ სასამართლოს.
გორის რაიონული სასამართლოს 02.07.08წ. გადაწყვეტილებით დ. ლ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს ¹1 სამმართველოს II სახაზო საპატრულო განყოფილების პატრულ-ინსპექტორის 29.09.07წ. საჯარიმო ქვითარი _ ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევის ოქმი ¹ბა-308999 და შეწყდა აღნიშნულ ოქმთან დაკავშირებული წარმოება.
გორის რაიონული სასამართლოს 02.07.08წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.09წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 13.07.09წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გაცდენის გამო დატოვებული იქნა განუხილველად.
05.08.09წ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს სააპელაციო სასამართლოს გზავნილი ჩაბარდა არა 22 მაისს, როგორც ეს მითითებული იყო საკასაციო სასამართლოს 13.07.09წ. განჩინებაში, არამედ 25 მაისს, რაც დასტურდებოდა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ადრესატის მიერ რეგისტრაციისას დასმული დამღით და საკანცელარიო ჟურნალის ქსერო ასლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.09წ. განჩინება აპელანტ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე(ტ. II, ს.ფ. 40). საქმის მასალებში დაცულია შპს «...» შეტყობინების ბარათი, რომლითაც დასტურდება, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილი ჩაბარებული იქნა (ტ. II, ს.ფ. 45). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი იმ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. საქმის მასალებით არ დასტურდება რომ მხარემ, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, საქმის წარმოების განმავლობაში შეიცვალა მისამართი და აღნიშნულის თაობაზე აცნობა სასამართლოს. მხარის მიერ სასამართლოსათვის მხოლოდ ერთი მისამართი იქნა მითითებული, რომელზეც გაეგზავნა სასამართლოს განჩინება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 13.07.09წ. განჩინებით მართებულად იქნა მიჩნეული გასაჩივრებული განჩინების მხარისათვის გადაცემის თარიღად 22.05.09წ. და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 430-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 13.07.09წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.