Facebook Twitter

¹ბს-ბ-2277-23(ა-09) 30 სექტემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

განმცხადებელი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ვ. ჩ-შვილი

დავის საგანი _ საქმის წარმოების განახლება

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 25.07.09წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

11.12.08წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს და მოპასუხე ვ. ჩ-შვილისათვის 16 344 ჯარიმისა და 2006 წლის 21 თებერვლიდან ამ თანხის გადახდამდე პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად თანხის 0.2%-ის დაკისრება მოითხოვა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 29.01.09წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ვ. ჩ-შვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 7000 ლარის ანაზღაურება. აღნისნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსიტარციულ საქმეთა პალატის 29.05.09წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 29.05.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 25.07.09წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი წარმოდგენილი იყო გასაჩივრების 1 თვიანი ვადის დარღვევით.

12.08.09წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 25.07.09წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. განმცხადებლის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 29.05.09წ. განჩინება სამინისტროს 08.06.09წ. გადაეცა და საკასაციო საჩივარი სასამართლოში 07.07.09წ. წარადგინა. განმცხადებლის აზრით, სამინისტროს წარმომადგენლისათვის, დ. დ-ძისათვის განჩინების ჩაბარება არ უნდა ჩაითვალოს სამინისტროსათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებად, ვინაიდან დ. დ-ძე არ იყო აღჭურვილი იმ უფლებამოსილებებით, რომლებიც სსკ-ის 98-ის მიხედვით, მინდობილობაში სპეციალურ მითითებას საჭიროებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 25.07.09წ. განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397.1 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსიტარციულ საქმეთა პალატის 29.05.09წ. განჩინება 04.06.09წ. გადაეცა დ. დ-ძეს(ს. ფ. 115), რომელიც განსახილველ საქმეზე წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ გაცემული 25.05.09წ. ¹8/3087 მინდობილობის თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ვ. ჩ-შვილის საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღების უფლება მიენიჭა დ. დ-ძეს. რწმუნებულს მიენიჭა ყველა უფლებამოსილება, გარდა იმ უფლებებისა, რომელთა აღნიშვნა რწმუნებულებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, სპციალურ აღნიშვნას საჭიროებდა(ს.ფ. 105). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს დ. დ-ძეს სწორედ სააპელაციო სასამართლოს განჩინება გადაეცა. სასამართლოს განჩინების ჩაბარების უფლება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის მიხედვით, მინდობილობაში სპეციალურ აღნიშვნას არ საჭიროებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსიტარციულ საქმეთა პალატის 29.05.09წ. განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა სწორედ 2009 წლის 4 ივნისიდან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი სასამართლოს წარედგინა გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განმცხადებლის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მითითებული გარემოება არ ქმნის სსკ-ის 423 მუხლის «ვ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმების საფუძველს. კასატორის მიერ აღნიშნული გარემოება და მტკიცებულება ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, არ გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 430-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 25.07.09წ განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.