Facebook Twitter
ბ-242-1(ა-09) 15 აპრილი, 2009წ

ბ-242-1(ა-09) 15 აპრილი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 20.11.08წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 20.11.08წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათიდან (ს.ფ. 136) დგინდებოდა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურ ცენტრს 01.08.08წ. ჩაჰბარდა, შესაბამისად მას საკასაციო საჩივარი უნდა შეეტანა 02.09.08წ. ჩათვლით, მან კი სასამართლოს საკასაციო საჩივრით 04.09.08წ. მიმართა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა 20.01.09წ. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას, რომლითაც ამავე სასამართლოს 20.11.08წ. განჩინების გაუქმება და საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

განცხადების ავტორმა წარმოადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) «შემოსული წერილების» სააღრიცხვო ჟურნალისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლები. განმცხადებლის მოსაზრებით, აღნიშნული ასლებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 27.06.08წ. განჩინება განმცხადებელს 04.08.08წ. ჩაჰბარდა, რომელიც მის მიერ 04.09.08წ. იქნა გასაჩივრებული, ანუ კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატას საქმის მასალების გაცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას), თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.06.08წ. განჩინება 01.08.08წ. გადაეცა. საქმის მასალებში დაცულ კონვერტზე, რომლითაც საკასაციო საჩივარი გაეგზავნა სასამართლოს, დასმული ფოსტის შტამბიდან დასტურდება, რომ თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი ფოსტას 04.09.08წ. ჩაჰბარდა, რასაც არც განცხადების ავტორი უარყოფს. საკასაციო პალატა შპს «სკს-ს» ადმინისტრატორის წერილით, რომელსაც თან ერთვის 31.07.08წ. ¹513/11 რეესტრი, დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ¹3ბ/801-08 საქმეზე 31.07.08წ. გზავნილი ადრესატს –საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თელავის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) 01.08.08წ. ჩაჰბარდა, რაც დასტურდება საქმეში დაცულ შეტყობინების ბარათზე დასმული თარიღითაც (ს.ფ. 136), ხოლო ხელმოწერილი შეტყობინების ბარათი სააპელაციო სასამართლოს 04.08.08წ. წარედგინა, რაც დადასტურებულია ¹513/11 რეესტრით და თავისთავად გამორიცხავს ამავე დღეს ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარებას. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს შპს «სკს-ს» ადმინისტრატორის განმარტებას, რომ 01.08.08წ. თელავის რეგიონალურმა ცენტრმა სააპელაციო სასამართლოდან კიდევ სამ საქმეზე მიიღო გზავნილი, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოს პასუხი 04.08.08წ. წარედგინა. თელავის რეგიონალურ ცენტრს არ წარმოუდგენია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.06.08წ. განჩინების 04.08.08წ. ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება. 31.07.08წ. სასამართლოს მიმართვაზე დასმული თელავის რეგიონალური ცენტრის შტამპი და კორესპონდენციის რეგისტრაციის სააღრიცხვო ჟურნალი ეჭვს იწვევს, რადგან აღნიშნული წარმოადგენს მხარის მიერ შექმნილ მტკიცებულებას, რომელიც არ ესადაგება შპს «სკს-ს» გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათს და 31.07.08წ. ¹513/11 რეესტრს (ს.ფ. 174-180). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ ჩაითვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით საკასაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში შეტანილად. არსებობდა გასაჩივრების ვადის დარღვევის მოტივით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ თელავის რეგიონალური ცენტრის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 20.11.08წ. განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) განცხადება არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 20.11.08წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.