Facebook Twitter

¹ბ-2989-26(ა-09) 30 ნოემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. გ-ძის განცხადების დასაშვებობის საკითხი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს წარმოებაში იმყოფება ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1280-1224(კს-უს-09) გ. გ-ძის საჩივრითა და კერძო საჩივრით განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 აგვისტოსა და 17 სექტემბრის განჩინებებზე.

2009 წლის 26 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ. გ-ძემ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი მოტივით:

განმცხადებლის მითითებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ თ. მ-ძეს განცხადება აქვს შეტანილი პროკურატურაში და ითხოვს გ. გ-ძის დაპატიმრებას იმის გამო, რომ არის ბინის კანონიერი მფლობელი, მაგრამ არ ეძლევა ბინით სარგებლობის უფლება, რის გამოც ცხოვრობს ქირით. განმცხადებლის მოსაზრებით, აღნიშნული წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას.

განმცხადებლის მითითებით, მან განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, საიდანაც განცხადება გადაეგზავნა ძველი თბილისის სამმართველოს. 2009 წლის 17 ნოემბრის პასუხით გ. გ-ძეს ეცნობა, რომ არ არსებობდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და განმცხადებელს განემარტა მიემართა თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის.

ამდენად, განმცხადებლის მოსაზრებით, არსებობს ორი ახალი გარემოება, რაც იძლევა დამატებით საფუძველს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისათვის.

განმცხადებლის მითითებით, 2009 წლის 2 თებერვალს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, მაგრამ განცხადება 2009 წლის 2 მარტის განჩინებით დარჩა განუხილველად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 მარტის განჩინების მიღებაში მონაწილეობას ღებულობდა მოსამართლე ლ. მამულაშვილი, რომელიც მონაწილეობდა სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების მიღებაში.

განმცხადებლის მითითებით, 2009 წლის 2 თებერვლის განცხადებაში მითითებული საფუძვლები განსხვავდება ამჟამინდელი მოთხოვნებისაგან, კერძოდ, დღეის მდგომარეობით კანონიერად არის მიჩნეული სასამართლოს გადაწყვეტილება ბინის გადაფორმების საფუძვლად, ასევე არსებობს გ. გ-ძის დაპატიმრების მცდელობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. გ-ძის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განსჯადობის წესების დაცვით, უნდა გადაეცეს უფლებამოსილ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 424-ე მუხლის თანახმად, რომელიც განსაზღვრავს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განსჯადობის საკითხს, განცხადება შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში, განცხადება გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს განსჯადია იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.

კონკრეტულ შემთხვევაში, გ. გ-ძე ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც დაკმაყოფილდა თ. მ-ძის სარჩელი თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, მესამე პირის – გ. გ-ძის მონაწილეობით, აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ.

აღნიშნულის შესაბამისად, გ. გ-ძის მიერ განცხადება საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილია განსჯადობის წესების დარღვევით, რადგან მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის შედეგად გამოტანილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ. შესაბამისად, სსსკ-ის 424-ე მუხლის მოთხოვნის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ გ. გ-ძის განცხადების განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლო.

საკასაციო სასამართლო კონკრეტულ შემთხვევაში იხილავს გ. გ-ძის საჩივარსა და კერძო საჩივარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 აგვისტოსა და 17 სექტემბრის განჩინებებზე, რომლებითაც არ დაკმაყოფილდა გ. გ-ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, ასევე განუხილველად დარჩა გ. გ-ძის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 3 აგვისტოს განჩინების ბათილად ცნობის შესახებ, რომლითაც თავის მხრივ განუხილველად დარჩა გ. გ-ძის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ.

განმცხადებელი 2009 წლის 26 ნოემბერს წარმოდგენილ განცხადებაში უთითებს ახალ გარემოებებზე, რომლებიც მისივე მოსაზრებით, წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. შესაბამისად, ის გარემოება, რომ კერძო საჩივრის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს განხილვაში არსებული საქმე ეხება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, არ ხდის საკასაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თუნდაც იმავე გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განცხადების განხილვაზე უფლებამოსილს სსსკ-ის 424-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არა აქვს მინიჭებული კომპეტენცია იმსჯელოს გ. გ-ძის განცხადებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 424-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, გ. გ-ძის განცხადების განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლო, რის გამოც გ. გ-ძე არასწორად მომართავს განცხადებით საკასაციო სასამართლოს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. გ-ძის განცხადება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის შესაბამისად, განსჯადობის წესების დაცვით უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია იმსჯელოს წარმოდგენილი განცხადების დასაშვებობასა და მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 26.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 421-ე, 424-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. გ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განსახილველად გადაეცეს უფლებამოსილ _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.