Facebook Twitter

ბ-3745-26(ა-08) 19 თებერვალი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ავტორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ლ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ნოემბრის ¹ბს-1244-1206(კ-08) განჩინება

დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 19 მაისს გ. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 16 მარტის ¹29 საგადასახადო მოთხოვნის, 2005 წლის 20 აპრილის ¹114 ბრძანების ბათილად ცნობა და დარიცხული თანხის _ 5219,55 ლარის ჩამოწერა მოითხოვა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ლ-ის სასარჩელო განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 16 მარტის ¹29 საგადასახადო მოთხოვნა და თელავის საგადასახადო ინსპექციას საგადასახადო მოთხოვნაში მითითებული გადასახადების მართებულობის გამოკვლევა და შესაბამისი აქტის გამოცემა დაევალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გ. ლ-მა შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა, რომელმაც თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით გ. ლ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა. იმავე სასამართლოს 2007 წლის 27 სექტემბრის განჩინებით კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 16 მარტის ¹29 საგადასახადო მოთხოვნა, 2006 წლის 20 აპრილის ¹114 ბრძანება და გ. ლ-ს ჩამოეწერა დარიცხული თანხა 521955 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ლ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 16 მარტის ¹29 საგადასახადო მოთხოვნა, 2005 წლის 20 აპრილის ¹114 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექცია) საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთ თვის ვადაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო წესით გაასაჩვრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექცია) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2008 წლის 1 აგვისტოს, საკასაციო საჩივარი კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) საქართველოს უზენაეს სასამართლოში ფოსტის მეშვეობით წარადგინა 2008 წლის 4 სექტემბერს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა მისთვის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, 2008 წლის 1 სექტემბერს, ოცდაოთხ საათზე ამოიწურა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული.

2008 წლის 18 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) ფოსტის მეშვეობით განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

განცხადების ავტორის განმარტებით, მას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა არა 2008 წლის 1 აგვისტოს, არამედ 2008 წლის 4 აგვისტოს, რაც დასტურდებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) «შემოსული წერილების» სააღრიცხვო ჟურნალის ამონაწერით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლით. შესაბამისად, გასაჩივრების ერთთვიანი ვადის ათვლაც სწორედ აღნიშნული თარიღიდან უნდა დაწყებულიყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) მიუთითა, რომ მას არ დაურღვევია გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა, რის გამოც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ნოემბრის ¹ბს-1244-1206(კ-08) განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ნოემბრის ¹ბს-1244-1206(კ-08) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაშვებად იქნა ცნობილი და მისი განხილვა დაინიშნა 2009 წლის 19 თებერვალს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ნოემბრის ¹ბს-1244-1206(კ-08) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) განცხადებას და მიაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. იმავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის სქმეთა პალატის 2008 წლის 7 ნოემბრის ¹ბს-1244-1206(კ-08) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად უთითებს, რომ მას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა არა 2008 წლის 1 აგვისტოს, არამედ 2008 წლის 4 აგვისტოს, შესაბამისად, გასაჩივრების ერთთვიანი ვადის ათვლაც სწორედ აღნიშნული თარიღიდან უნდა დაწყებულიყო. აღნიშნულს განცხადების ავტორი ადასტურებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) «შემოსული წერილების» სააღრიცხვო ჟურნალის ამონაწერით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) ბეჭდით დამოწმებული ასლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ნოემბრის გასაჩივრებული განჩინება ეყრდნობოდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების ასლი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექცია) ჩაჰბარდა 2008 წლის 1 აგვისტოს, რასაც ადასტურებდა აღნიშნულ შეტყობინებაზე დასმული ბეჭედი და რიცხვი. საკასაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ განმცხადებელი ვერ აქარწყლებდა მის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) შტამპით დამოწმებული საფოსტო გზავნილის 2008 წლის 4 აგვისტოს ჩაბარების ზემოაღნიშნული შეტყობინებით დადგენილ ფაქტს, განცხადებაზე დართულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) «შემოსული წერილების» სააღრიცხვო ჟურნალის ამონაწერსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების დამოწმებულ ასლზე კი, მართალია, მითითებული იყო, რომ შეკვეთილი წერილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) შემოსული წერილების სააღრიცხვო ჟურნალში გატარდა 2008 წლის 4 აგვისტოს, მაგრამ აღნიშნული ვერ აქარწყლებდა საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებაში მითითებული თარიღის _ 2008 წლის 1 აგვისტოს სისწორესა და იმავე შეტყობინების ნამდვილობას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებელი ვერ ადასტურებს, რომ სწორედ 2008 წლის 4 აგვისტოს ჩაიბარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების ასლის შემცველი გზავნილი და დაიცვა სასამართლო გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, ხოლო ის მტკიცებულებები, რომელზედაც მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) ვერ აქარწყლებს საქმეში არსებულ საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებას, რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ნოემბრის გასაჩივრებული განჩინება ეყრდნობა, კერძოდ, ხსენებული შეტყობინების შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების ასლი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექცია) ჩაჰბარდა 2008 წლის 1 აგვისტოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ნოემბრის ¹ბს-1244-1206(კ-08) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) განცხადება არის უსაფუძვლო, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხსენებული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ნოემბრის ¹ბს-1244-1206(კ-08) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) განცხადება არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.