ბ-3859-27(ა-08) 8 აპრილი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
განმცხადებელი (მოსარჩელე) _ ნ. მ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) _ ქ. ბათუმის მერია
მესამე პირი _ აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
დავის საგანი _ საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 06.11.08წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
15.12.05წ. ნ. მ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 25.10.06წ. გადაწყვეტილებით ნ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.06.07წ. განჩინებით ნ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 04.03.08წ. განჩინებით ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.06.07წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.08წ. განჩინებით ნ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 25.10.06წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 06.11.08წ. განჩინებით ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.08წ. განჩინება ნ. მ-ძის წარმომადგენელს ჩაჰბარდა 07.08.08წ. ნ. მ-ძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.08წ. განჩინება საკასაციო წესით 26.09.08წ. გაასაჩივრა. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა გასაჩივრების 1 თვიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.
29.12.08წ. ნ. მ-ძემ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.08წ. განჩინება 07.08.08წ. ნ. დ-ძეს ჩაჰბარდა, რომელიც იცავდა მის ინტერესებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ნ. დ-ძეს არ გააჩნდა ადვოკატის მოწმობა, რის გამოც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მის ინტერესებს იცავდნენ უკვე სხვა წარმომადგენლები, თ. კ-შვილი და ჯ. ს-ძე. ნ. დ-ძესთან ურთიერთობა მას აღარ ჰქონია და შესაბამისად, არ იცოდა მისთვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.08წ. განჩინების გადაცემის ფაქტი. ამასთანავე, ნ. დ-ძეს არ გააჩნია იურიდიული განათლება და არ აქვს ჩაბარებული ადვოკატის სასერთიფიკატო გამოცდები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა საქმის მასალებისა გაცნობის, ნ. მ-ძის განცხადების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ძის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 22.07.08წ. განჩინება ნ. მ-ძეს და ნ. დ-ძეს, ნ. მ-ძის წარმომადგენელს, 05.08.08წ. გაეგზავნათ. ნ. დ-ძეს გზავნილი პირადად ჩაჰბარდა 07.08.08წ.(ს.ფ. 302). ნ. მ-ძის საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტური ხელმოწერილია ზ. ბ-ძის მიერ (ს.ფ. 301). საქმის მასალებში დაცულია 12.12.05წ. ¹1-16859 რეგისტრირებული რწმუნებულება, რომელიც გაფორმებულია 3 წლის ვადით და ნ. დ-ძის მიერ სააპელაციო სასამართლოს გზავნილის ჩაბარების დროს ძალადაკარგული არ ყოფილა. აღნიშნული რწმუნებულების თანახმად, რწმუნებული იცავს მარწმუნებლის ქონებრივ და არაქონებრივ ინტერესებს, რისთვისაც რწმუნებული წარმოადგენს მარწმუნებელს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან, სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობაში და აწარმოებს შესაბამის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეს. ამავე რწმუნებულებაში აღნიშნულია, რომ რწმუნებული ვალდებულია რწმუნებით მინიჭებული უფლებამოსილება განახორციელოს პირადად, კეთილსინდისიერად, მარწმუნებელს მიაწოდოს ცნობები დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, შესრულების შემდეგ ჩააბაროს ანგარიში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. დ-ძე უფლებამოსილი იყო ჩაებარებინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.08წ. განჩინება, რასაც ადასტურებს ასევე ის ფაქტი, რომ ნ. დ-ძეს გზავნილის ჩაბარებაზე უარი არ განუცხადებია და ხელმოწერით დაამოწმა გზავნილის ჩაბარების ფაქტი.
სსკ-ის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება(აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია, რომ გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. სსკ-ის 70-ე მუხლის თანახმად, უწება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
ის ფაქტი, რომ ნ. მ-ძის წარმომადგენელს ნ. დ-ძეს ჩაბარებული არ ჰქონდა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა, არ ქმნის საქმის წარმოების განახლების შესახებ ნ. მ-ძის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. სსკ-ის 440-ე მუხლის თანახმად, პირებს, რომლებსაც არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება და არ არიან გაწევრიანებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, რაც არ უკრძალავს რწმუნებულს სასამართლო გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას და არ ათავისუფლებს აღნიშნულის შესახებ მარწმუნებლისათვის შეტყობინების ვალდებულებისაგან.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.08წ. განჩინების ასლი გაეგზავნა აგრეთვე ნ. მ-ძეს. საქმეში დაცულია ჩაბარების დასტური, რომლის თანახმად, გზავნილი 22.08.08წ. ჩაიბარა სოფლის რწმუნებულმა ზ. ბ-ძემ. შპს «სკს-ს» 30.04.09წ. ცნობით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს გზავნილი ზ. ბ-ძეს გადაეცა ნ. მ-ძის ნებართვით, რომელსაც შპს «სკს-ს» თანამშრომელი დაუკავშირდა ტელეფონის საშუალებით (ტ. II. ს.ფ. 27). მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი ნ. მ-ძეს სასამართლოში 26.09.08წ., ერთი თვის გასვლის შემდეგ აქვს წარდგენილი (ს.ფ.304).
სსკ-ის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება ცნობილი რომ ყოფილიყო სასამართლოსათვის, არ გამოიწვევდა განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. მ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 430-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ნ. მ-ძის განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 06.11.08წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.