განცხადების განსჯადი სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ
¹ბ-593-4(ა-09) 26 თებერვალი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 401-ე და 429-ე მუხლების საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ა. ღ-ის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი.
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.11.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე – ა. ღ-ს უარი ეთქვა მოპასუხის – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დავალდებულებაზე, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ა. ღ-ის უმუშევრად დარეგისტრირების (რეგისტრირებული უმუშევრის სტატუსის მინიჭების) და უმუშევრის შემწეობის გაცემის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ღ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.08წ. განჩინებით ა. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.11.06წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ღ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 31.12.08წ. განჩინებით ა. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.08წ. განჩინება სს ,,თ-ის” საქმეში მესამე პირად ჩართვაზე უარის თქმის შესახებ, ამავე პალატის 07.04.08წ. განჩინება ა. ღ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და 18.04.08წ. განჩინება სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანაზე უარის თქმის შესახებ;
ა. ღ-მა 16.02.09წ. განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ მითითებულ საკითხზე საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.11.06წ. გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.08წ. განჩინებით, ხოლო აღნიშნული განჩინება უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 31.12.08წ. განჩინებით, რომლითაც საქმის წარმოება არ შეწყვეტილა, არამედ დასრულდა.
სსკ-ის 424.1 მუხლის საფუძველზე საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველი განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია. განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას იხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
ვიხელმძღვანელე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე:
1. ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.