Facebook Twitter
ბ-678-5(ა-09) 4 ივნისი, 2009 წელი

ბ-678-5(ა-09) 4 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ავტორი (მოსარჩელე) _ ზ. ა-ია

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ თვითმმართველი ქ. ფოთის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური

მესამე პირები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახური, მ. კ-ძე, ქ. ფოთში, ... ქ. ¹...-ში მდებარე ამხანაგობა

გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის ¹ბს-1519-1476(კ-08) განჩინება

დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 14 ნოემბერს ზ. ა-იამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის არქიტექტურის, ტრანსპორტის, ადმინისტრაციული ზედამხედველობისა და ქონების მართვის სამსახურის მიმართ და თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის არქიტექტურის, ტრანსპორტის, ადმინისტრაციული ზედამხედველობისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის 2007 წლის 23 აგვისტოს ¹238 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირებად მ. კ-ძე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახური ჩაებნენ.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. ა-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ზ. ა-იამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ქ. ფოთში, ... ქ. ¹...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ამხანაგობა ჩაება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ზ. ა-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება ზ. ა-იამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ ზ. ა-იას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის «ე» და «თ» ქვეპუნქტების მოთხოვნებს, კერძოდ, არ იქნა წარმოდგენილი სრულყოფილი, კასაციის მიზეზების შემცველი და ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი შედგენილი არ იყო ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, არ პასუხობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს. ამასთან, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოებები მიიჩნია ხარვეზებად და კასატორ ზ. ა-იას დაევალა მისთვის ხარვეზის შესახებ 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი. აგრეთვე, წარმოედგინა სრულყოფილი (კასაციის მიზეზების შემცველი), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი და ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად, რამდენი მხარეც იყო საქმეში. კასატორს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზების შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

2008 წლის 22 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან გადმოგზავნილ იქნა ზ. ა-იას მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი, კასაციის მიზეზების შემცველი და ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი, თუმცა საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის განჩინებით ზ. ა-იას საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩა.

საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის ხარვეზის შესახებ განჩინების შემცველი გზავნილი ზ. ა-იას წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2008 წლის 15 დეკემბერს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლებოდა, თუ იგი ჩაჰბარდებოდა ერთ-ერთ მათგანს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ითვლებოდა მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი _ წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2008 წლის 25 დეკემბერს. ზ. ა-იამ მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ერთ-ერთი ხარვეზი, კერძოდ, არ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი და არც ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება ზ. ა-იას საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა.

2009 წლის 17 თებერვალს ზ. ა-იამ ფოსტის მეშვეობით განცხადებით (კერძო საჩივარი) მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის ¹ბს-1519-1476(კ-08) განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

განცხადების ავტორმა აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით, მაგრამ, ვინაიდან მას არ ჰქონდა მიღებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის დასაბუთებული განჩინების ასლი, სააპელაციო სასამართლოში საკასაციო საჩივარი შეიტანა არასრული სახით. აღნიშნულზე საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ხარვეზის შესახებ განჩინება და განესაზღვრა მისი შევსებისთვის 10-დღიანი ვადა, რომელიც 2008 წლის 25 დეკემბერს იწურებოდა.

განცხადების ავტორის განმარტებით, აღნიშნული ხარვეზი მის მიერ შევსებულ იქნა, კერძოდ, 2008 წლის 22 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა სათანადოდ შევსებული საკასაციო საჩივარი, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, ხოლო, რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟს, ზ. ა-იას მიერ ის 2009 წლის 22 დეკემბერს იქნა შეტანილი შესაბამის ანგარიშზე, რასაც ადასტურებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, რომელიც თან დაურთო კერძო საჩივარს (განცხადებას).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აპრილის განჩინებით ზ. ა-იას კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის ¹ბს-1519-1476(კ-08) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებად. ხსენებული განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის ¹ბს-1519-1476(კ-08) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ზ. ა-იას განცხადებას და მიაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ. ა-ია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის ¹ბს-1519-1476(კ-08) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ მის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზები გამოსწორებულ იქნა, ვინაიდან სახელმწიფო ბაჟი 2009 წლის 22 დეკემბერს შეიტანა შესაბამის ანგარიშზე, რასაც ადასტურებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, რომელიც დაურთო კერძო საჩივარს (განცხადებას).

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ზ. ა-იას დაევალა ხარვეზის შესახებ ხსენებული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი, აგრეთვე, სრულყოფილი (კასაციის მიზეზების შემცველი), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი და ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად, რამდენი მხარეც იყო საქმეში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ. ა-იას მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი და ხელმოწერილი, კასაციის მიზეზების შემცველი, საკასაციო საჩივარი, თუმცა მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განხილვისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზ. ა-იას მიერ არ იქნა გამოსწორებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ერთ-ერთი ხარვეზი, ხოლო ის ფაქტი, რომ ზ. ა-იამ დადგენილ ვადაში გადაიხადა საკასაციო საჩივრის განხილვისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟი, ვერ ჩაითვლებოდა ხარვეზის გამოსწორებად, ვინაიდან მას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით დაევალა ხსენებული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი, რაც ზ. ა-იას მიერ არ იქნა შესრულებული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ზ. ა-იას დევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის საკასაციო სასამართლოში წარმოდგენა, რისთვისაც განესაზღვრა 10-დღიანი ვადა ხსენებული განჩინების ჩაბარებიდან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის ხარვეზის შესახებ განჩინების შემცველი გზავნილი ზ. ა-იას წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2008 წლის 15 დეკემბერს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზ. ა-იასათვის ჩაბარებულად ითვლება. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2008 წლის 25 დეკემბერს. ზ. ა-იამ მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ერთ-ერთი ხარვეზი, კერძოდ, არ წარმოადგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი. ამასთან, მას არც ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, ხოლო ის ფაქტი, რომ მის მიერ ვადაში იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ვერ ჩაითვლება ხარვეზის გამოსწორებად, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით ზ. ა-იას განემარტა, რომ მას საკასაციო სასამართლოში უნდა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის ¹ბს-1519-1476(კ-08) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ზ. ა-იას განცხადება არის უსაფუძვლო, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხსენებული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ანალოგიის პრინციპის გამოყენებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე და 179-ე მუხლებში მითითებული პირობების დარღვევით ან/და სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი ან/და საქმეში არ არის წარმოდგენილი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, იგი გამოიტანს ხარვეზის შესახებ განჩინებას და მოსარჩელეს დაუნიშნავს ვადას მის შესავსებად. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხევევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, ვინაიდან კასატორმა _ ზ. ა-იამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩა, ზ. ა-იას მთლიანად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 185-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის ¹ბს-1519-1476(კ-08) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ზ. ა-იას განცხადება არ დაკმაყოფილდეს;

2. ზ. ა-იას დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.