საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
ბს-779-7(ა-09) 25 მარტი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
განიხილა მ. კ.-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 17.02.09წ. განჩინებაზე წარმოდგენილ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლომ გამოარკვია:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.09.08წ. გადაწყვეტილებით საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.03.08წ. გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. კ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს 24.09.08წ. გადაწყვეტილება 25.11.08წ. საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ.-მ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 11.12.08წ. განჩინებით მ. კ.-ს ხარვეზის შესავსებად _ სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად მიეცა ვადა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 17.02.09წ. განჩინებით მ. კ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.09.08წ. გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად, ვინაიდან ხარვეზის შესახებ განჩინების კასატორისთვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურიდან (ფ. ¹119) ირკვეოდა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინების შემცველი საფოსტო გზავნილი ადრესატს 17.01.09წ. ჩაჰბარდა, ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა იყო 26.01.09წ., მიუხედავად ამისა, მ. კ.-ის მიერ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო პალატისთვის, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად იქნა მიჩნეული.
მ. კ.-მ 02.03.09წ. შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას, რომლითაც 23.01.09წ. მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გათვალისწინებით მისი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 12.03.09წ. განჩინებით საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. კ.-ის შუამდგომლობა თავისი შინაარსით გამომდინარეობდა სსსკ-ის 423-ე მუხლიდან, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რადგან მ. კ.-ს განცხადებაზე არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც მ. კ.-ს დაევალა ხარვეზის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ბაჟის _ 100 (ასი) ლარის გადახდის ქვითარი.
მ. კ.-მ 23.03.09წ. განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე და მოითხოვა მის მიერ საკასაციო საჩივარზე 23.01.09წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მ. კ.-ის განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-432-ე მუხლები საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის საკითხებს ეხება. ხსენებული კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე უარის თქმის თაობაზე განცხადების საკითხის გადაწყვეტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონის ანალოგიის წესით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით უნდა მოხდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რის შესაბამისადაც მხარე უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მოცემულ შემთხვევაში მ. კ.-მ განცხადებაზე უარის თქმით მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამავე კოდექსის 378-ე მუხლის, 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე მიიჩნევს, რომ მ. კ.-ის განცხადებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, განცხადებაზე უარის თქმის გამო.
საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მ. კ.-ის მიერ წარმოდგენილ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებას თან ერთვოდ 23.01.09წ. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი. საკასაციო საჩივარი კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის ქვითრის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის გამო დატოვებულია განუხილველად, რის გამოც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. კ.-ს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე, 272-ე, 372-ე, 378-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. კ.-ის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. მ. კ.-ის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე შეწყდეს საქმის წარმოება, განმცხადებლის მიერ განცხადებაზე უარის თქმის გამო;
3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.
4. მ. კ.-ს დაუბრუნდეს მის მიერ 23.01.09წ. (საიდენტ. კოდი 01001029404) საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.