ბს-73-71 (2კ-09) 25 მარტი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – რ. ნ.-ი, მ. ნ.-ი, შ. ა.-ი, ზ. ა.-ი, ა. შ.-ი, მ. ა.-ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარეები _ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველო, ამით ნ.-ი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხეები)
დავის საგანი – იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და მოიჯარედ აღიარება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რ. ნ.-მა, მ. ნ.-მა, შ. ა.-ა, ზ. ა.-მ, ა. შ.-მ, მ. ა.-მ 2006 წლის ივნისში სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე ამით ნ.-ის მიმართ და მოითხოვეს 1997 წლის 31 ივლისის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა; ლაგოდეხის რაიონის გამგეობასა და ამით ნ.-ს შორის დადებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის 1997 წლის 31 ივლისის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და რ. ნ.-ი, მ. ნ.-ი, შ. ა.-ი, ზ. ა.-ი, ა. შ.-ი, მ. ა.-ი აღიარებულ იქნენ თანამოიჯარეებად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ამით ნ.-მ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის განჩინებით ამით ნ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით მოსამართლე ნ. ჩ.-ი ჩამოცილებულ იქნა საქმის განხილვისგან და საქმე სხვა რაიონულ სასამართლოში წარმართვის მიზნით გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც მოსარჩელეთა რ. ნ.-ის, მ. ნ.-ის, შ. ა.-ის, ზ. ა.-ის, ა. შ.-ის, მ. ა.-ის სარჩელი განსახილველად დაუქვემდებარა ყვარლის რაიონულ სასამართლოს.
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 თებერვლის განჩინებით საქმეში მოპასუხეებად ჩართულნი იქნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველო.
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა: რ. ნ.-ი, მ. ნ.-ი, შ. ა.-ი, ზ. ა.-ი, ა. შ.-ი, მ. ა.-ი ცნობილნი იქნენ სადავო 10 ჰა მიწის ნაკვეთზე თანამოიჯარეებად და 1997 წლის 31 ივლისის ლაგოდეხის რაიონის გამგეობასა და ამით ნ.-ს შორის დადებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა შესაბამისი ცვლილება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ამით ნ.-მ და სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ამით ნ.-ის და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზირების კახეთის სამხარეო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ყვარლის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: რ. ნ.-ის, მ. ნ.-ის, შ. ა.-ის, ზ. ა.-ის, ა. შ.-ის, მ.-მ ა.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეეებს უარი ეთქვათ 10 ჰა მიწის ნაკვეთზე თანამოიჯარეებად აღიარებასა და 1997 წლის 31 ივლისს ლაგოდეხის რაიონის გამგეობასა და ამით ნ.-ს შორის დადებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის საიჯარო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. ნ.-მ, მ. ნ.-მ, შ. ა.-მ, ზ. ა.-მ, ა. შ.-მ, მ. ა.-მ და მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ რ. ნ.-ის, მ. ნ.-ის, შ. ა.-ის, ზ. ა.-ის, ა. შ.-ის, მ. ა.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნლოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას რ. ნ-ის, მ. ნ.-ის, შ. ა.-ის, ზ. ა.-ის, ა. შ-ის, მ. ა.-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან რ. ნ.-ს, მ. ნ.-ს, შ. ა.-ს, ზ. ა.-ს, ა. შ.-ს, მ. ა.-ს წარმომადგენელს გ. ტ.-ს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული რ. ნ.-ის, მ. ნ.-ის, შ. ა.-ის, ზ. ა.-ის, ა. შ.-ის, მ. ა.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე;
2. რ. ნ.-ის, მ. ნ.-ის, შ. ა.-ის, ზ. ა.-ის, ა. შ.-ის, მ. ა.-ის წარმომადგენელს გ. ტ.-ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.