განცხადების განსჯადი სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ
ბ-129-3(ა-09) 16 თებერვალი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა სილაგაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 401-ე და 429-ე მუხლების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 27.05.03წ. გადაწყვეტილებით ს. ყ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რაც მან საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 03.06.04წ. განჩინებით ს. ყ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 23.05.03წ. გადაწყვეტილება გაუქმდა სადავო დამხმარე ფართთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროსა და ა. შ-ს შორის 27.12.95წ. დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქმე არაერთგზის განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ და ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 13.01.05წ. გადაწყვეტილებით ს. ყ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს უარი ეთქვა 27.12.95წ. პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ყ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 20.07.05წ. განჩინებით ს. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 13.01.05წ. გადაწყვეტილება.
ს. ყ-მა 05.02.09წ. განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, რომლითაც თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 27.05.03წ. და 13.01.05წ. გადაწყვეტილებების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 03.06.04წ. და 20.07.05წ. განჩინებების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ მითითებულ საკითხზე საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 03.06.04წ. განჩინებით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 20.07.05წ. განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 13.01.05წ. გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424.1 მუხლის საფუძველზე, განსახილველი განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია. განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას იხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
ვიხელმძღვანელე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ყ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.