Facebook Twitter

¹ბს-3-305-11 (ა-09) 30 სექტემბერი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – ი. კ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საჯარო სამართლის იურიდული პირი სოციალური სუბსიდიების სააგენტო (მოპასუხე)

დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის ¹ბს-1063-1016(კ-07) გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. კ-ძემ 2006 წლის სექტემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და მოითხოვა ფინანსურ პოლიციაში წელთა ნამსახურობის მიხედვით პენსიის დანიშვნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა 2006 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ი. კ-ძისათვის ფინანსურ პოლიციაში წელთა ნამსახურობის შესაბამისად კუთვნილი პენსიის დანიშვნა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებით სოციალური სუბსიდიების საააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოციალური სუბსიდიების სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. კ-ძის სარჩელი მოპასუხე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიმართ წელთა ნამსახურობით პენსიის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ი. კ-ძემ 2009 წლის მარტში განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

განმცხადებლმა აღნიშნა, რომ იგი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციიდან გათავისუფლდა და პენსიაზე გასვლის სურვილი გამოთქვა 2005 წლის ნოემბერში. განმცხადებელის განმარტებით მას ფინანსთა სამინისტროდან ეცნობა, რომ რადგან ,,ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ ამ კანონის საფუძველზე დამტკიცებული ,,ფინანსურ პოლიციაში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულება არ განსაზღვარდა ზღვრული ასაკს და წელთა ნასამხურობის ოდენობას, ელოდებოდნენ პროექტის მომზადებას, რომლითაც დარეგულირდებოდა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული წინააღმდეგობა, მაგრამ 2006 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა ,,სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი და განისაზღვრა საპენსიო უზრუნველყოფის ახალი პირობები, რომელიც განმცხადებელს არ გააჩნია. ი. კ-ძემ მიუთითა, რომ მან მიმართა საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს, ესარგებლა კანონის ანალოგიით, ანუ 2006 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად პენსიის დანიშვნის თაობაზე, რაზეც ეთქვა უარი და რაც შემდგომში გახდა ¹ბს-1063-1016(კ-07) საქმის განმცხადებელსა და საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს შორის დავის საგანი.

განმცხადებლის განმარტებით, მან 2009 წლის 9 იანვარს განცხადებით მიმართა საქართველოს სოციალური სუბსიდიების (მომსახურების) სააგენტოს, რათა დაედგინა ფინანსური პოლიციის თანამშრომლებს ხომ არ ენიშნებოდათ წელთა ნამსახურობით პენსია 2004-2005 წლებში ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახების წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, როგორც საპენსიო უზრუნველყოფის საკითხების მარეგულირებელი ძირითადი კანონის საფუძველზე, რადგან ,,ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი და ამ კანონის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ,,ფინანსურ პოლიციაში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულება არ განსაზღვრავდა ზღვრულ ასაკსა და წელთა ოდენობას; ი. კ-ძემ განცხადებაში აღნიშნა, რომ მან პასუხად მიიღო სოციალური სუბსიდიების სააგენტოს 2009 წლის 13 თებერვლის ¹02/07-3358 ზოგადი შინაარსის წერილი. განმცხადებლის მოსაზრებით, აღნიშნული წერილით სააგენტო თავს არიდებს სწორ პასუხს, რადგან მის მიერ მოპოვებული იქნა შესაბამისი დოკუმენტები-დასკვნები 2004-2005 წლებში ფინანსური პოლიციის თანამშრომლებისათვის ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე წელთა ნამსახურობით პენსიის დანიშვნის თაობაზე; ი. კ-ძე განცხადებაში მიუთითებს, რომ სოციალური სუბსიდიების სააგენტო 2004-2005 წლებში სარგებლობდა კანონის ანალოგიით და ფინანსური პოლიციის თანამშრომლებს წელთა ნამსახურობით პენსიას უნიშნავდა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხების მარეგულირებელი ძირითადი კანონის ანუ 2006 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი ზემოხსენებული კანონის საფუძველზე.

განმცხადებელი თვლის, რომ სოციალური სუბსიდიების სააგენტომ სრულიად უსაფუძვლოდ უთხრა უარი კანონის ანალოგიის გამოყენების თაობაზე.

ი. კ-ძემ საქმის წარმოების განახლება მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” პუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, ი. კ-ძის განცხადების მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მისი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ი. კ-ძემ საქმის წარმოების განახლება მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის საფუძველზე. ამ ნორმის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” - ,,ვ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. ამ ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ ახლადაღმოჩენილი გარემოება არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ მის თაობაზე მხარისათვის არ იყო და არც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო ცნობილი. ამასთანავე, ახლად აღმოჩენილი გარემოება უნდა იყოს არსებითი მნიშვნელობის მქონე, რომლის საფუძველზეც, სავარაუდოდ, მხარისათვის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანა იქნებოდა შესაძლებელი.

საკასაციო სასამართლო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად ვერ მიიჩნევს ი. კ-ძის მიერ მოპოვებულ და წარმოდგენილ დოკუმენტებს.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ი. კ-ძე არ არის 2006 წლის 1 იანვრამდე მოქმედი «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონით გათვალისწინებული პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტი, ვინაიდან აღნიშნული კანონის 1-ლი მუხლის თანახმად ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ იმ საჯარო დაწესებულებათა (ორგანოთა) ჩამონათვალი, რომელთა სისტემაში დასაქმებულ მოსამსახურეებს ენიჭებოდათ ამავე კანონით განსაზღვრული პენსიის მიღების უფლება, ამომწურავია. ფინანსური პოლიცია კი, “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის ¹39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, რომელიც არ მოიაზრება მითითებული კანონით განსაზღვრულ საჯარო დაწესებულებათა (ორგანოთა) რიცხვში.

საკასაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის ი. კ-ძის მიმართ ანალოგიით გამოყენება ეწინაამდეგება “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართლის ნორმა-პრინციპს, რომლის თანახმადაც სპეციალური ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმები (საგამონაკლისო ნორმები) არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანალოგიით. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონი ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოსა და ამავე კანონით გათვალისწინებულ პირებს შორის წარმოშობილი სპეციალური საპენსიო ურთიერთობების მომწესრიგებელ ნორმებს, რომელთა ანალოგიით გამოყენება სხვა, თუნდაც ამ კანონით განსაზღვრულ პირთა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საპენსიო ურთიერთობათა მოსაწესრიგებლად დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ი. კ-ძის განცხადებაში _ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის ¹ბს-1063-1016(კ-07) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 423-ე მუხლით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. არ დაკმაყოფილდეს ი. კ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის ¹ბს-1063-1016(კ-07) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.