Facebook Twitter

¹3-73-2 (ა-09) 27 მაისი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის ¹ბს-1444-1402 (ა-08) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე ზ. ბ-შვილის განცხადების დასაშვებობის საკითხი.

სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ზ. ბ-შვილმა 2006 წლის 28 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მის სასარგებლოდ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობისათვის ჯარიმის სახით 13,425 აშშ დოლარის დაუყოვნებლივ გადახდის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. ბ-შვილის სასარჩელო განცხადება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივნისის განჩინებით ზ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-შვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განჩინებით განუხილველად იქნეს დატოვებული ზ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივნისის განჩინებაზე იმ მოტივით, რომ კასატორმა გაუშვა საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული ერთთვიანი ვადა.

ზ. ბ-შვილმა 2009 წლის 23 იანვარს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და მოითხოვა ამავე პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

განმცხადებელი მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია მისი საკასაციო საჩივარი კანონით განსაზღვრული ერთთვიანი ვადის დარღვევით შეტანილად, ვინაიდან მას სააპელაციო პალატის 2008 წლის 23 ივლისის განჩინება პირადად ჩაბარდა 2008 წლის 4 ოქტომბერს, რომელიც ხელმოწერილი იქნა მის მიერ; განმცხადებელი აღნიშნავს, რომ აღნიშნული დოკუმენტი საქმეში არ იყო ჩადებული; ხოლო შპს “სკს” საფოსტო განყოფილების თანამშრომელმა თ. ჩ-ძემ მას დაუდასტურა, რომ 2008 წლის 4 ოქტომბერს მას ჩაბარდა სააპელაციო პალატის განჩინების ასლი. ზ. ბ-შვილმა საქმის წარმოების განახლება მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტისა და 424-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.

საკასაციო პალატამ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ზ. ბ-შვილის განცხადების წარმოებაში მიღების წინაპირობების შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ, თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ, თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის ერთ-ერთი პირობის თაობაზე მითითებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მარტის განჩინებით ზ. ბ-შვილს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის_100 ლარის გადახდის ქვითარი. მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში მისი განცხადება არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ზ. ბ-შვილმა სასამართლოს მიერ დანიშულ ვადაში განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მიუთითა, რომ იგი “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნტის საფუძველზე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით კი საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელენი_სარჩელზე, რომლებიც გამომდინარეობს საავტორო, აგრეთვე აღმოჩენის, გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადებებისა და სამრეწველო ნიმუშების უფლებებიდან. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სადავოდ გახადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ქმედება, რის გამოც მან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსაგან მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობისათვის ჯარიმის სახით_13425 აშშ დოლარის დაკისრება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს განმცხადებლის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების საფუძველი, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე, 425-ე მუხლებისა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის ¹ბს-1444-1402 (ა-08) განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე ზ. ბ-შვილის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველად იქნეს დატოვებული ზ. ბ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის ¹ბს-1444-1402 (ა-08) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.