ბ-1349-3(ბ-09) 9 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი (მოსარჩელე) _ რ. ჭ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მესამე პირები: ხელვაჩაურის სახელოვნებო სკოლა, ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის აჭარის რესპუბლიკური საბჭო
გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის ¹ბს-1380-1338(კ-08) განჩინება
დავის საგანი _ კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 4 ოქტომბერს რ. ჭ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, მესამე პირად კი ხელვაჩაურის სახელოვნებო სკოლაზე მიუთითა.
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით ხელვაჩაურის სამუსიკო სკოლის ... თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2007 წლის 7 სექტემბრის ¹456 ბრძანების ბათილად ცნობა, წინანდელ თანამდებობაზე აღდგენა და ... არჩევნებამდე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 ნოემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის აჭარის რესპუბლიკური საბჭო ჩაება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით რ. ჭ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დამატებით ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს გაცემა დაევალა, ხოლო სამუშაოზე აღდგენასთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ჭ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. ჭ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლიტაც რ. ჭ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ჭ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინებით რ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება.
2009 წლის 16 აპრილს რ. ჭ-ძემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის ¹ბს-1380-1338(კ-08) განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განცხადების ავტორმა აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარში მას ძირითად მისამართად მითითებული ჰქონდა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ..., ხოლო ალტერნატიულ მისამართად _ ქ. ბათუმი, ... ქ. ¹18, ნაცვლად ქ. ბათუმი, ... ქ. ¹3, ბინა 18-ისა, სადაც ცხოვრობდა მისი შვილი _ ზ. ჭ-ძე.
განცხადების ავტორის განმარტებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება და მის საკასაციო საჩივართან დაკავშირებული სხვა კორესპონდენცია გაგზავნილ იქნა მის მიერ შეცდომით მითითებულ ალტერნატიულ მისამართზე.
განცხადების ავტორის მითითებით, მისთვის ფაქტობრივად უცნობი იყო, რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული საკასაციო სასამართლოს მიერ, რის გამოც დაირღვა მისი კანონით დადგენილი უფლება, იცოდეს რა გადაწყვეტილებების მიღება ხდება მის საქმეზე სასამართლოში, კერძოდ, მისთვის უცნობი იყო, როდის იქნა მიღებული წარმოებაში მისი საკასაციო საჩივარი, დაინიშნა თუ არა საკასაციო საჩივრის მოსმენა მხარეთა დასწრებით და მიწვეული იყო თუ არა იგი ამ სხდომაზე ახსნა-განმარტებების მისაცემად.
განცხადების ავტორმა აღნიშნა, რომ, მართალია, კანონის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარე დაიბაროს ნებისმიერ მის მიერ მითითებულ მისამართზე, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ კასატორისთვის ალტერნატიულ მისამართზე გაგზავნილი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების განჩინება ვერ ჩაჰბარდა, სასამართლოს განჩინება უნდა გაეგზავნა მხარის მიერ მითითებულ ძირითად მისამართზე ან ტელეფონის მეშვეობით შეეტყობინებინა აღნიშნულის შესახებ.
განცხადების ავტორის განმარტებით, მას არ მიეცა საშუალება, მონაწილეობა მიეღო საკასაციო საჩივრის განხილვაში, რითაც დაირღვა მისი უფლებები. ამდენად, განცხადების ავტორმა იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, 70-ე და 78-ე მუხლებით და იმავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის ¹ბს-1380-1338(კ-08) განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 ივნისის განჩინებით რ. ჭ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის ¹ბს-1380-1338(კ-08) განჩინების ბათილად ცნობის შესახებ მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რ. ჭ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის ¹ბს-1380-1338(კ-08) განჩინების ბათილად ცნობის შესახებ და მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რ. ჭ-ძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება არ ჩაჰბარებია კანონით დადგენილი წესით, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს მიერ ხსენებული მასალები გაგზავნილ იქნა მის მიერ შეცდომით მითითებულ ალტერნატიულ მისამართზე. ამასთან, მართალია, კანონის თანახმად სასამართლოს შეეძლო მხარისათვის გაეგზავნა სასამართლო წარმოების მასალები მის მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამართზე, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ კასატორისთვის ალტერნატიულ მისამართზე გაგზავნილი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების განჩინება არ ჩაჰბარდა, იგი ვალდებული იყო, ხსენებული განჩინება გაეგზავნა მხარის მიერ მითითებულ ძირითად მისამართზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. იმავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, კასატორს არ ჩაჰბარებია საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების განჩინების ასლი, მაგრამ აღნიშნული ვერ ჩაითვლება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის ¹ბს-1380-1338(კ-08) განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. მოცემულ შემთხვევაში კი, მხარეს არ ჩაჰბარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინების ასლი, რომლითაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს კოლეგიური შემადგენლობა. ამასთან, კოლეგია უფლებამოსილია, აღნიშნული საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი განხილვის გარეშე. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული საქმის განხილვა განხორციელდა მხარეთა დასწრების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში გამორიცხავს გასაჩივრებული განჩინების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე ბათილად ცნობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ჭ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის ¹ბს-1380-1338(კ-08) განჩინების ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ჭ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის ¹ბს-1380-1338(კ-08) განჩინების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.