Facebook Twitter

ბ-2055-4(ბ-09) 7 ოქტომბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი

განმცხადებელი _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 22.04.09წ. განჩინება

დავის საგანი _ განჩინების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 22.04.2009 წ. განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მიღწეული მორიგება და საქმის წარმოება შეწყდა სსსკ-ის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის საფუძველზე. მორიგების პირობების თანახმად, შპს «...» უფლებამოსილი იყო ქ. ბათუმში, ... ქ. ¹20-ში მდებარე 497 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თვითმმართველ ქალაქ ბათუმის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის სანაცვლოდ, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დაერეგისტრირებია ქალაქ ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე 685 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ქ. ბათუმში, ... ქ. ¹11-ის მიმდებარედ არსებული 798 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 315 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მორიგების აქტზე თანდართული აზომვითი ნახაზების მიხედვით, ხოლო დარჩენილი 483 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი რჩებოდა თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებაში; ქ. ბათუმის მერიამ იკისრა ვალდებულება ეს უკანასკნელი ნაკვეთი დაეყო ორ საკადასტრო ერთეულად. ასევე ქ. ბათუმის მერია უფლებამოსილი იყო ქ. ბათუმში, ... ქ. ¹20-ში მდებარე, შპს «...» მიერ შედგენილ აზომვით ნახაზზე მითითებული 497 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დაერეგისტრირებია თვითმმართველ ქალაქ ბათუმის სახელზე ზ/აღნიშნული ორი მიწის ნაკვეთის სანაცლოდ. მხარეებმა ასევე იკისრეს ვალდებულება ერთმანეთისთვის გადაეცათ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით შესაბამისი მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზები და ჩD დისკზე ჩაწერილი ელექტრონული ვერსიები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას 17.06.2009 წ. წარედგინა ქ. ბათუმის მერიის განცხადება საკასაციო სასამართლოს 22.04.2009 წ. განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების შესახებ. განმცხადებელი მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 08.06.2009 წ. ¹882009154186-03 გადაწყვეტილებით მისთვის ცნობილი გახდა ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ცნობილი რომ ყოფილიყო მორიგების დამტკიცებისას საქმეზე მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ქ. ბათუმში ... ქ. ¹20-ში მდებარე 497,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თვითმმართველ ქ. ბათუმის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრაციაზე იმ მოტივით, რომ აღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად. ქ. ბათუმის მერია მიუთითებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის სხვა პირის საკუთრებაში აღრიცხვის ფაქტი მისთვის ცნობილი არ იყო და ვერც იქნებოდა, ვინაიდან პირველადი რეგისტრაცია არ განხორციელებულა ქ. ბათუმის მერიის აქტის საფუძველზე და მას სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობა არ მიუღია. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მორიგების დამტკიცებისას აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მხარეებისა და სასამართლოსათვის ცნობილი არ იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მორიგება სხვის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არ დამტკიცდებოდა. ქ. ბათუმის მერია თვლის, რომ ეს გარემოება წარმოადგენს სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველს. განმცხადებელი მოითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მორიგების დამტკიცების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 22.04.2009 წ. ¹ბს-487-466(კ-08) განჩინების გაუქმებას, საქმეზე საქმისწარმოების განახლებას, ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 20.02.2008 წ. ¹3/ბ-13008 გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს «...» სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, ხოლო ქ. ბათუმის მერიის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას მომართა აგრეთვე შპს «...»-ის დირექტორმა ზ. კ-შვილმა და 07.07.2009 წ. განცხადებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. განმცხადებელი მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 09.06.2009 წ. გადაწყვეტილებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის, ქ. ბათუმი, ... ქ. ¹20-ში მდებარე 497 კვ.მ. მიწის ნაკვეთი თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკუთრებად ვერ დარეგისტრირდებოდა ვინაიდან იგი 07.02.2008 წლიდან რეგისტრირებული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად. განმცხადებელი მოითხოვს გასაჩივრებული გაჩინების გაუქმებას და საქმის განხილვის განახლებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2008 წ. განჩინების ძალაში დატოვებას.

13.07.2009 წ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22.04.2009 წ. ¹ბს-487-466 (კ-08) განჩინების ბათილად ცნობა და საქმის ხელახლა განხილვა მოითხოვა. განმცხადებელი განმარტავს, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. ¹20-ში მდებარე 497 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 08.10.2007 წ. ¹01-22/3351 წერილის საფუძველზე ზ/აღნიშნული ფართი დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად. საქართველოს მთავრობის 05.12.2007 წ. ¹770 განკარგულებით ქონება გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, რაზეც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმდა ხელშეკრულება ქონების გადაცემის შესახებ და აღნიშნული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად. «აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვის და განკარგვის შესახებ» აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის უფლებამოსილი ორგანოა აჭარის რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, მიწის ნაკვეთის თაობაზე მორიგების აქტის დამტკიცება და მისი განკარგვა შეეხო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრის, ინტერესებს, რის გამოც იგი აუცილებლად მოწვეული უნდა ყოფილიყო მხარედ საქმის განხილვაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 11.09.09 წ. განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების თაობაზე ქ. ბათუმის მერიისა და შპს «...»-ის განცხადებებზე შეჩერდა საქმის წარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატას საქმის მასალების გაცნობისა და განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22.04.2009 წ. ¹ბს-487-466 (კ-08) განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განცხადებაზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 08.10.2007 წ. ¹01-22/3351 წერილის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 15.10.2007 წ. გადაწყვეტილებით ქ. ბათუმი, ... ქ. ¹20-ში მდებარე 489,4 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული 268 კვ.მ. სპორტული მოედნით დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად. საქართველოს მთავრობის 05.12.2007 წ. ¹770 განკარგულებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, სხვა ქონებასთან ერთად საკუთრებაში გადაეცა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹20-ში მდებარე 489,4 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 09.01.2008 წ. ¹1-1/8 ბრძანებით საქართველოს მთავრობის ზ/აღნიშნული განკარგულების, ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹20-ში მდებარე 489,4 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის 06.02.2008 წ. გაფორმდა ხელშეკრულება ქონების გადაცემის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულება 07.02.2008 წ. რეგისტრაციაში გატარდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ. აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეეებს არ წარუდგენიათ და არც ამ გარემოებაზე მიუთითებიათ.

«აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ» აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის «ა» ქვეპუნქტის ბოლო წინადადების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით ფლობს, მართავს და განკარგავს ქონებას. ამდენად, სადავო ქონებაზე სასამართლოში საქმისწარმოებისას იგი იყო დაინტერესებულ მხარე, ვინაიდან დავის საგანი (ქ. ბათუმი, ... ქ. ¹20-ში მდებარე 497,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთი) წარმოადგენდა მის მართვა-გამგებლობაში შემავალ ქონებას. სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

ამდენად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის ხარვეზის შესახებ 22.04.09წ. განჩინება უნდა გაუქმდეს და ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარზე განახლდეს საქმის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 22.04.2009 წ. ¹ბს-487-466 (კ-08) განჩინების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის ქ. ბათუმის მერიისა და შპს «...»-ს შორის მორიგების დამტკიცების შესახებ 22.04.09წ. განჩინება;

3. ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარზე განახლდეს საქმის წარმოება.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.