Facebook Twitter
3-372-2(ბ-09)

3-372-2(ბ-09) 24 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე(თავმჯდომარე, მომხსენებლი)

ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი(მოსარჩელე) _ ლ. ბ-ელი

მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) – საქართველოს გენერალური პროკურატურა

დავის საგანი _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 26.02.09წ. განჩინების ბათილად ცნობა;

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 26.02.09წ. განჩინებით ლ. ბ-ელის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.03.08წ. განჩინებაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

08.04.04წ. ლ. ბ-ელმა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მისი საკასაციო საჩივრის განხილვა მნიშვნელოვანი იყო სასამართლო პრაქტიკის განვითარებისათვის, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული იყო მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, საჭირო იყო საქმეზე კანონის განმარტება და საქმის განხილვას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა სასამართლო პრაქტიკისათვის. გასულ წლებში მოსამართლე ნ. სხირტლაძის, ნ. ქადაგიძის, მ. ვაჩაძის მონაწილეობით განხილული იყო როგორც ეს ადმინისტრაციული საქმე, ისე მასთან მჭიდროდ დაკავშირებული დავები. არც ერთი განჩინება მის სასარგებლოდ გამოტანილი არ ყოფილა, რაც განაპირობებს მის ეჭვს მოსამართლეთა მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაში. განმცხადებლის აზრით, მოსამართლე ნ. სხირტლაძე ვალდებული იყო სსკ-ის 32-ე მუხლის საფუძველზე განეცხადებინა თვითაცილება. განმცხადებელმა გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 21.04.09წ. განჩინებით ლ. ბ-ელის განცხადება წარმოებაში იქნა მიღებული.

20.05.09წ. ლ. ბ-ელმა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 21.04.09წ. განჩინების ბათილად ცნობა და მოსამართლე ნ. სხირტლაძის საქმის განხილვისაგან აცილება მოითხოვა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მოსამართლე ნ. სხირტლაძეს უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო მისი განცხადების განხილვაში და ვალდებული იყო განეცხადებინა თვითაცილება. ლ. ბ-ელმა განცხადების არსებით განხილვაში მონაწილეობის მიღება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლოს 01.06.09წ. განჩინებით ლ. ბ-ელის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 21.04.09წ. განჩინების ბათილად ცნობის შესახებ დაუშვებლად იქნა მიჩნეული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის წარმოების განახლების შესახებ ლ. ბ-ელის განცხადების და საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ შუამდგომლობის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სსკ-ის 408.3 მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს თავისი ინიციატივით საქმის სირთულიდან გამომდინარე. მხარის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისათვის საკმარის საფუძველს არ ქმნის. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ბ-ელის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა განხილულიყო ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც ეცნობა განმცხადებელს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 430.1 მუხლთან შედარებით 408.3 მუხლი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას საკასაციო ინსტანციის სასამართლოსათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის პირველი ინსტანციით განხილვაში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის ან/და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში პირველი ინსტანციის ან/და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე, რომელიც მონაწილობდა საქმის განხილვაში საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ან/და პირველი ინსტანციის სასამართლოში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით დადგენილია საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობის დაუშვებლობა, რაც გულისხმობს ერთსა და იმავე საქმის განხილვაში სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში ერთი და იმავე მოსამართლის მონაწილეობის დაუშვებლობას. განსახილველ შემთხვევაში მოსამართლე ნ. სხიტლაძეს მონაწილეობა არ მიუღია სხვადასხვა ინსტანციაში ლ. ბ-ელის საქმის განხილვაში. კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობის საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ მოსამართლეების: ნ. ქადაგიძის, მ. ვაჩაძისა და ნ. სხირტლაძის მონაწილეობით საკასაციო სასამართლოს მიერ განხილული და გადაწყვეტილი არც ერთი განჩინება ლ. ბ-ელის სასარგებლო არ იყო, აღნიშნული არ ქმნის სსკ-ის 422.1 მუხლის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განჩინების ბათილად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის მე-7 მუხლით დადგენილია მოსამართლის მონაწილეობის დაუშვებლობა იმ საქმის განხილვაში, რომელ საქმესთან დაკავშირებითაც ის ადრე მონაწილეობდა ადმინისტრაციულ წარმოებაში. განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ ლ. ბ-ელის საკასაციო საჩივრის განმხილველ რომელიმე მოსამართლეს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ამავე დავის საგანზე წარმოებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში. განჩინების ბათილად ცნობას ვერ გამოიწვეს აგრეთვე, ლ. ბ-ელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მისი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებდა სსკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნეს და დასაშვებად უნდა ყოფილიყო ცნობილი. საქმის წარმოების განახლების მითითებულ საფუძველს საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაშვებობის საფუძვლებს ამოწმებს და საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. მხარის მოსაზრებას საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა არ გააჩნია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სსკ-ის 422.1 მუხლის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული განჩინების ბათილად ცნობის საფუძველი.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 430-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ბ-ელის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. ლ. ბ-ელის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 26.02.09წ. განჩინების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.