Facebook Twitter
ბს-1007-971(გ-08)

ბს-1007-971(გ-08) 13 მაისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა დ. ნ-შვილის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ნ-შვილმა 01.07.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წინააღმდეგ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1991 წლიდან მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში. მუშაობის პერიოდში მას რაიმე გადაცდომა არ ჰქონია, არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი. მოპასუხის 01.06.05წ. ¹02/131 ბრძანებით გათავისუფლებული იქნა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქ. თბილისის ... რაიონული ფილიალის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, რეორგანიზაციისა და მუშაკთა რიცხოვნობის შემცირებასთან დაკავშირებით. სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებაში რეორგანიზაციასა და მუშაკთა რიცხოვნობის შემცირებას მის მიერ დაკავებული თანამდებობის გაუქმება არ მოჰყოლია, მისთვის არ შეუთავაზებიათ სხვა სამუშაო და თანამდებობა. ამასთან, სამსახურში მიიღეს პირები, რომლებიც სისტემაში არ მუშაობდნენ, ხოლო მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე დანიშნეს მასზე დაბალი კვალიფიკაციის, სტაჟისა და გამოცდილების მქონე პიროვნება. დათხოვნისას არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნა სამუშაოზე უპირატესი დარჩენის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.07.05წ. განჩინებით დ. ნ-შვილს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის საფუძველზე უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა დ. ნ-შვილის მიერ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.07.05წ. განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება და სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო სამართლებრივი ურთიერთობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ გარიგებას _ ადმინისტრაციულ ორგანოსა და ფიზიკურ პირს შორის წარმოშობილი საჯარო შრომითი სამართლებრივ ურთიერთობას. განჩიებაში აღნიშნულია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შრომითი ხელშეკრულებით წარმოიშვა საჯარო სამართლებრივი შრომითი ურთიერთობა, რომელიც შეწყდა მოსარჩელის გათავისუფლების ბრძანებით. ადმინისტრაციულ გარიგებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანის მიერ როგორც ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ასევე შრომის კანონთა კოდექსის საფუძველზე ფიზიკურ პირთან დადებული საჯარო შრომითი ხელშეკრულება. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სამართალურთიერთობის არსისა და დავის საგნის მიხედვით მოცემული სარჩელი არის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით განსჯადი საქმე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.11.05წ. განჩინებით, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ სარჩელი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს, საქმის წარმოება შეწყდა დაუშვებლობის მოტივით. 06.01.06წ. მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა კერძო საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა დაუშვებლობის გამო წარმოებით შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.11.06წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. 27.01.06წ. განჩინებით დავით ნატროშვილისა და მისი წარმომადგენლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველ საქმესთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 14.12.07წ. განჩინებით კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინება და საქმე დასაშვებობის საკითხის ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

23.01.08წ. მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2005 წლის 01 ივნისის ¹02/131-კ ბრძანების ბათილად ცნობა, დ. ნ-შვილის სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.09.08წ. განჩინებით დ. ნ-შვილის სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ დავა გამომდინარეობდა არა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, არამედ შრომის კანონმდებლობიდან. მოსარჩელის თანამდებობა არ იყო მითითებული საქართველოს პრეზიდენტის 21.07.01წ. ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ დ. ნ-შვილის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს.

განსახილველი დავის საგანს შეადგენს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 01.06.05წ. ¹02/131-კ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო ბრძანება არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო განსახილველი დავა არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ კატეგორიის დავათა რიგს.

განსახილველ სადავო სამართალურთიერთობაში მოპასუხე მხარედ დავით ნატროშვილმა საჯარო სამართლის იურიდიული პირი: საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი დაასახელა. აღნიშნული ფონდი გაუქმდა საქართველოს პრეზიდენტის 29.06.07წ. ¹410 ბრძანებულებით და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 27.06.07წ. ¹190/ნ ბრძანების შესაბამისად მის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ სოციალური სუბსიდიების სააგენტო.

«საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ» კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. იმავდროულად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ მისი ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ყველა ბრძანება, მათ შორის, ბრძანება მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «დ» ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მხოლოდ ის ბრძანება, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და იწვევს სამართლებრივ შედეგს. განსახილველ შემთხვევაში დ. ნ-შვილის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 01.06.05წ. ¹02/131-კ ბრძანება არ არის გამოცემული ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და არც სადავო ურთიერთობა წარმოადგენს თავისი შინაარსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივს. სადავო აქტი შრომის კანონთა კოდექსის საფუძველზეა გამოცემული, აქტის საფუძვლად შკკ-ის 34-ე მუხლის I ნაწილის «ა» ქვეპუნქტია მითითებული.

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, «საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ» კანონის შესაბამისად, საჯაროსამართლებრივი ინსტიტუტია და, იმავდროულად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოდ განიხილება, სსიპ-ის თანამშრომლის მიმართ ყოველთვის ვერ გავრცელდება «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის ნორმები. მითითებული კანონის პრეამბულაში განსაზღვრულია კანონის რეგულირების სფერო, კერძოდ, აღნიშნული კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია იმ სახელმწიფო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელშიც სამსახური ითვლება საჯარო სამსახურად. ამ ჩამონათვალში საჯარო სამართლის იურიდიული პირი გათვალისწინებული არ არის. მოსარჩელის თანამდებობა, როგორც საჯარო მოხელისა, არ არის მითითებული არც საქართველოს პრეზიდენტის 21.07.01წ. ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში. ამასთან, მოსარჩელის თანამდებობა, რომელიც არ განეკუთვნება უშუალოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელ თანამდებობას, არც ფუნქციურად შეიძლება გაუთანაბრდეს საჯარო მოსამსახურეს. ამდენად, მოსარჩელე ვერ ჩაითვლება საჯარო მოსამსახურედ და, შესაბამისად, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის სუბიექტად, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება ვერ მიიჩნევა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლში მითითებულ ადმინისტრაციულ აქტად.

სადავო შრომის ხელშეკრულება არ წარმოადგენს აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით დადებულ ხელშეკრულებას.

დ. ნ-შვილის სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერება უნდა დადგინდეს კერძო სამართლებრივი სფეროს კანონმდებლობის _ შრომის კოდექსის საფუძველზე, რომელიც არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ წესრიგდება სხვა სპეციალური კანონით. სადავო ბრძანებისა და ხელშეკრულების სამართლებრივი საფუძველიც სწორედ შრომის კოდექსის ნორმებია. სადავო აქტითა და ხელშეკრულებით შეწყვეტილია კერძოსამართლებრივი შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობა, ერთი მხრივ, ადმინისტრაციულ ორგანოსა და, მეორეს მხრივ, ფიზიკურ პირს შორის და ამ ურთიერთობაში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულია ერთიანი სასამართლო პრაქტიკა (იხ. მაგ. სუს დიდი პალატის 10.07.07წ. ¹ბს-132-123(კ-07) განჩინება). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ უნდა იქნეს განხილული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ნ-შვილის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.